სოფ. ზემო ხალაწანში მდებარე ბზიანას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

  • Home
  • მთავარი
  • სოფ. ზემო ხალაწანში მდებარე ბზიანას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო ხალაწანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ბზიანას ეკლესიას, 2018 წლის 24 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. დარბაზულია (6×5 მ) სამხრეთის მინაშენით. აღმოსავლეთი და სამხრეთი მხარე ღრმად ზის მიწაში. შესასვლელი სამხრეთიდან – მინაშენიდან აქვს. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან არქიტრავული და ნაოთხალი. ეკლესია განათებულია აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედელში გაჭრილი თითო სარკმლით. სარკმლები სწორკუთხაა გარეთკენ შევიწროვებული. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აბსიდია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ ტრაპეზია კედელზე მიდგმული. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშია. აბსიდა დასრულებულია დადაბლებული პროპორციების კონქით. დარბაზი თითქმის აბსიდას უტოლდება. დასრულებულია ცილინდრული კამარით. დასავლეთის კედლის სამხრეთ ნაწილში კედლის წყობის ნაშთია (ამ ეტაპზე არ ირკვევა რისი ნაწილი უნდა ყოფილიყო). მინაშენი ვიწროა და მთელ სიგრძეზე გასდევს ტაძარს. უაბსიდოა. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. კარი ნაოთხალიანია. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში თითო გარეთკენ შევიწროვებული სწორკუთხა სარკმელია. მინაშენი დასრულებული იყო ცილინდრული კამარით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან ნაგებობა ეკვროდა. ამჟამად მხოლოდ დასავლეთი კედლის ნაშთი იკითხება. ეკლესიას შემოსდევს ქვის გალავანი. ეზოში შემორჩენილია ქვევრები. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მე-2 ტომში (თბ., 2008, გვ.87), სტატიის ავტორი პ.კიკაჩეიშვილი ამ ნაგებობას ადრეული შუა საუკუნეებით ათარიღებს.
ეკლესია ადგილობრივი ხელოსნების მიერ არის აგებული, რაც ვლინდება კიდეც შენობის არქიტექტურულ ფორმებსა (დამოკლებული პროპორციები, არასწორი მოხაზულობის ნალისებრი აფსიდა, დაბრტყელებული კონქი) და მშენებლობის ტექნიკაში და ინდივიდუალურ მახასიათებელ იერს სძენს ნაგებობას.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა