სოფ. ბერთაში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

  • Home
  • მთავარი
  • სოფ. ბერთაში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

წალკის მუნიციპალიტეტის, სოფ. ბერთაში (ძველი ოლიანქი) მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას 2018 წლის 21 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია სამი მღვდელმთავრის სახელობის მამათა მონასტრის ეზოშია მოქცეული.
წარმოადგენს მცირე დარბაზულ ეკლესიას. ნაგებია დამუშავებული მოწითალო ფერის ქვით. უაბსიდოა. არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. სამხრეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია. მათგან დასავლეთის სარკმლის საპირე გარედან ოთხფურცელა ფორმისაა. გადახურულია ბერძნული კრამიტით.
ეკლესია დგას წყაროზე. ტაძრის ქვეშ და აღმოსავლეთი კედლის გაყოლებაზე ტაძრის თანადროული აუზია მოწყობილი, რომელშიც კალმახები ბუდობენ. ტაძრის აღმოსავლეთი კედლის ძირში მცირე თაღია გაკეთებული, საიდანაც კალმახები ტაძრის ქვეშა აუზიდან ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე ნაწილში გამოდიან.
მონასტერი გარდა ამ პატარა ტაძრისა მოიცავს უკანასკნელ პერიოდში აშენებულ ოთხ მოზრდილ სხვადასხვა ფუნქციის შენობებს. შემოზღუდულია გალავნით.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა