სიზმრების კვალდაკვალ

სოხუმის მე-11 სკოლა. ადგილი, რომელიც ყველაზე ხშირად მესიზმრება. ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები აქ გავატარე. სწორედ აქედან ვიწყებ სიზმრების ახდენას და წარსულში მოგზაურობას.

ვხედავ, სკოლის დირექტორი ლეონტი ქუხილავა თავის საუკეთესო შავი ხავერდის კოსტუმში გამოწყობილა და შენობის შესასვლელთან სიტყვით გამოდის. აურზაურია, ბავშვები ირევიან. მე კი ერთადერთ სახეს ვეძებ, მანჩოს სახეს. სკოლასთან ორ ნაბიჯში ცხოვრობს, თუმცა სულ იგვიანებს. ვიღაცის მზერას ვგრძნობ, მას მერე არავის შემოუხედავს ჩემთვის ასე…

დღეს მანჩო აღარ არის…


მანჩოს სახლი


სკოლის უკანა მხარე


პარკი სკოლის წინ

 

 

 

 

 


პარკში მდებარე კაფე ”აცანგუარა”

შრომის გაკვეთილიდან ვიპარებით ”აცანგუარაში”, დილიდან ვოცნებობ 50 კაპიკიან ნამცხვარზე. დღეს სახლში ფეხით მომიწევს წასვლა – ტროლეიბუსის ბილეთის ფული აღარ მრჩება…


ყოფილი კინოთეატრი ”სოხუმი”

მთელი კლასი ვირაზმებით და შატალოზე მივდივართ. კინოთეატრში ინდურ ფილმს უჩვენებენ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ინდურია თუ ჩინური, მთავარია, ერთად ვართ და მთელ დარბაზს ხმაურით ვიკლებთ.


დიოსკურია

შემდეგ სანაპიროზე მივდივართ…

 

 


ამ სახლში ჩვენი სასწავლო ნაწილის გამგე ცხოვრობს, ფრთხილად უნდა გავიაროთ…

 

რესტორანი ”ამრა”

”ამრაში” შევდივართ, აქ რომელიმე ბავშვის მშობელი აუცილებლად ქეიფობს. 100-მანეთიანს გვიკუჭავს, ოღონდ ეს ჯოგი მოსწყდეს იქაურობას…


… და ჩვენ თავ-ქუდმოგლეჯილნი ამირანის ”პინგვინისკენ” გავრბივართ, მსოფილოში უგემრიელესი ნაყინის საჭმელად…

დღეს არც ამირანია, არც ნაყინი და არც ქვიშაზე მოხარშული ლეგენდარული ყავა…


მარადონაც გამოჩნდა, ქალაქის კოლორიტი. ზამთარ-ზაფხულ ტრუსის ამარა დადის, კისერზე უზარმაზარი ქვებასხმული. 25 მანეთად სეირს გთავაზობს, რომელშიც შედის: ცეკვა-სიმღერა, უხამსი ხუმრობები და ზამთრის გაყინულ ზღვაში თავით გადახტომა…

კვირაობით მშობლებთან ერთად ტრადიციულად ”ნართაში” ვსადილობთ.


დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: დღემდე მთელ საქართველოში ასეთ აჭარულს არსად აცხობენ…

 

ცნობილი ”ბრეხალოვკა”

 

სასტუმრო ”რიწა”

 

გზა ბოტანიკური ბაღისკენ. დედას ძალით მივყავარ, არ მაინტერესებს არც იშვიათი მცენარეები და არც ულამაზესი ყვავილები. გავა დრო და მხოლოდ ამ ადგილის სანახავად ვარ მზად, წავიდე რისკზე და გადავლახო უამრავი დაბრკოლება…

 

 

 

ფილარმონია


მე-2 სკოლა


ბოტანიკური ბაღი

 

 

ქალაქის მთავარი, მშვიდობის გამზირი. გზა უგემრიელესი ”ჩებურეკების” და კრემიანი ღვეზელებისკენ…

 

დავდივარ ამ დღეების განმავლობაში მშობლიურ ქუჩებში, სრულიად მარტო, უცხო… არცერთი ნაცნობი სახე… ასე მგონია, ყველა მე მიყურებს, დამნაშავედ მთვლიან, ჩუმად რომ გადმოვიპარე ოცნების ასასრულებლად. არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინო. ჩემი 11 წლის შვილი კი მახლავს თან, მაგრამ ის ვერ აცნობიერებს ამ ქალაქის ფასს, იღლება, წუწუნებს. რას ვიზამთ, აქ არ დაბადებულა, არ გაზრდილა… მაინც ყველგან დავატარებ, მინდა, შეიგრძნოს, იამაყოს ერთ დროს, რა საოცარი ქალაქის ნაწილია. მჯერა, ასეც იქნება…

ერთადერთი ადგილი, სადაც მისვლა არ მინდა – ჩემი სახლია. საშინელი მოგონებები მაკავშირებს და მხოლოდ კოშმარებში მესიზმრება: მამა სახლიდან მიჰყავთ და იმ დღის მერე მისი კვალი ქრება… მაინც არ მიქნა გულმა და შუაღამით მივედი. უზარმაზარი გალავანი, სარეველა მცენარეებით დაფარული ეზო… ვერ ვახერხებ რაიმეს გარჩევას, სახლი არ არსებობს…
დავივიწყე შიში, სირცხვილი და ალბათ მთელი უბნის გასაგონად მამაჩემი გამოვიტირე…

და ბოლოს, ჩემი საყვარელი სიზმარი: მამა… მოხდენილი, ლამაზად ჩაცმული, ყოველთვის მოულოდნელად, არსაიდან ჩნდება…
– მამაააა!! ხომ ვამბობდი! არავის სჯეროდა ჩემს გარდა, რომ გამოჩნდებოდი!!

რამდენი რამ მინდა მოვუყვე, როგორ ვბრაზდებოდი, სუფრასთან მის შესანდობარს რომ წარმოსთქვამდნენ! წარმოვიდგენ დედის რეაქციას მამის დანახვაზე…

ის არასდროს მცემს ხმას, უბრალოდ ძალიან, ძალიან მაგრად მეხუტება…