სიცილია: ჩემი საოცრებათა ქვეყანა

გასული ზაფხულის სიცილიური ერთი კვირა ყველაზე დიდ სიგიჟეში ცხოვრებას ჰგავდა. ბილეთს ყიდვის გარდა არაფერი დამიგეგმავს. სიამოვნებისგან უზომოდ სავსე დავყვებოდი ჩემს სამ იტალიელ მეგობარს. ქალაქიდან ქალაქში გადასვლისას ფოტოებს ვგუგლავდი. ფოტოებში ისეთ სილამაზეებს ვნახულობდი, არც თვალებს ვუჯერებდი და არც გოგოების თავის ქნევას. პირველივე დღეს დავიჯერე, რომ სიცილია სიგიჟეა და თუ ნამდვილი იტალიის ნახვა გინდათ, აქ უნდა წახვიდეთ.

სიცილიაზე ჩემი ტურინელი მეგობრის, სარას წყალობით აღმოვჩნდი. ის ტურინიდან კატანიაში გადაფრინდებოდა, ლუჩია დახვდებოდა, მანქანაში ჩასვამდა და მთელ სიცილიას მოატარებდა. მეც დამპატიჟა. ბევრი არ მიფიქრია. ბილეთები ვიყიდე და აგვისტოს დაველოდე. მანამდე ლუჩიას დაგეგმილ ტურს გავეცანით. ვიცოდით, რომ არ უნდა ჩავრეულიყავით. სათქმელი არაფერი გვქონდა. ლუჩია სიცილიელია და ყველაზე კარგად იცის სად უნდა წავიდეთ. მერე ერთთვიანი ვოიაჟი მოვიწყვე ტურინიდან რომამდე. რომიდან კი კატანიაში გავფრინდი.

მარძამემი, სიცილია,. იტალია

გოგოებმა მითხრეს სადგურის შენობას რომ დაინახავ, ჩამოდიო. ძალიან კი გამიკვირდა, შენობა როგორ უნდა მეცნო, მაგრამ ფაქტია ვიცანი. სადგურზე გოგოები დამხვდნენ და ლუჩიას სახლში წამიყვანეს. ლუჩია კატანიის გარეუბანში ცხოვრობს. გზად ნაყიდი არანჩინებით აუზის პირას ვივახშმეთ. უკეთ რომ დაგვეძინა, ლუდიც დავლიეთ. დილით სირაკუზაში მივდიოდით. ანუ ხვალიდან ჩემი ერთკვირიანი შოკი იწყებოდა.

გრეტა მანქანას ატარებდა. ლუჩიამ ნავიგატორზე იზრუნა, სარამ მუსიკაზე, მე კი – არაფერზე და არც მინანია. ეს ერთი კვირა ყველაზე იდეალური არდადეგები იყო, რაც კი ოდესმე მქონია. მანქანა ორტიჯაში გავაჩერეთ და ექსკურსიობანა დავიწყეთ. ორტიჯა სირაკუზას ისტორიული ცენტრია. ოთხივე მხარეს ზღვა აკრავს, მაგრამ ჩვეულებრივი პლაჟი არ აქვს. კლდეებზე და დიდ ქვებზე ფიცარნაგები აქვთ გაკეთებული, საიდანაც წყალში გადაეშვები და სიცილიურ სიგიჟეში მთლიანად ჩაეფლობი. მერე იქვე გაირუჯები და ქვეყნად ყველაზე ბედნიერი იქნები. სიცილიელები ასეთ პლაჟებს სოლარიუმს ეძახიან.

ორტიჯა, სიცილია,. იტალია

ორტიჯას ულამაზესი ცენტრალური მოედანი აქვს. აქ უბრალოდ უნდა იდგე და ირგვლივ იყურო. თუ გული წაგივა, არ უნდა შეგეშინდეს. ეს სიცილური თავზარდაცემულობის შედეგი იქნება. აქ ზღვასა და ცას ერთი ფერი აქვს. განსხვავებული მხოლოდ ტურისტების ანთებული თვალები და რესტორნებში იტალიური საჭმელები სუნებია. დაბალსართულიანი შენობების პირველ სართულებზე ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები და ბარ-რესტორნებია. სავახშმოდ გასვლა მარტივი არ გეგონოთ. ზოგ რესტორანში ადგილები რამდენიმე დღით ადრე ივსება. ცოტა შევშინდით რომ სამ-ოთხ დღეში გამოიარეთო. მერე ქუჩებს დავუყევით და პატარა ოსტერიას მივაგენით. მე სპაგეტი ვჭამე, გოგოებმა თევზეული. ვახშმის შემდეგ ორტიჯას დარჩენილ ნაწილს დავუარეთ. უზომო კმაყოფილება გვეხატა თვალებზე.

სიცილიური გემრიელი ძილის შემდეგ სირაკუზას ბერძნული და რომაული თეატრები დავათვალიერეთ. გრძნობები, რომლებიც ასეთ თეატრებში ხეტიალისას მავსებენ წარმოუდგენლად ჩახლართულია. ჩემთვის აქაურობა მაგიაა, სადაც ზღაპრები ცოცხლდება და სადაც მე ჯადოქარი ვარ.

სიცხისაგან და დაღლილობისგან განადგურებულები მარტო ცივ და მარილიან ზღვაზე ვფიქრობდით. სირაკუზადან ერთი საათის სავალზე მარძამემია. გიჟებივით შევცვივდით წყალში. ქვეყნად არაფერი გვაინტერესებდა სხეულისა და გონების გაგრილების გარდა. გონს რომ მოვედით, ლუჩიას ბებოს სახლიდან წამოღებული ქოლგის ქვეშ შევიხიზნეთ და სენდვიჩებითა და ხილით ვისადილეთ. მერე მარძამემის მთავარ მოედანზე გავედით. ცისფერი მაგიდებით, სკამებით, ნავებითა და კარებებით გაფერადებული ეს პაწაწინა ადილი ნამდვილი საოცრებათა ქვეყანაა. თუ გინდა რომ მთელი შენი ცხოვრების ბედნიერებით დატკბე, აქ უნდა დაჯდე და ნუშის გრანიტა მიირთვა. კმაყოფილება და ბედნირება ამას იქით აღარ არსებობს. მაქსიმუმ ზღვის ნაპირზე გახვალ და წყალში სათამაშოებივით ჩაყრილ ცისფერ ნავებს ნახავ, ანდა ზღვის პროდუქტებით გაგემრიელებულ მაკარონს შეჭამ და ღვინოს დააყოლებ.

მარძამემი, სიცილია, იტალია

მერე იყო რაგუზა. ბაროკოს ქალაქი. სიცილიის სიგიჟეების ლიდერი. რაგუზა იბლას დანახვისას თავზარდაცემულობის პირველი შეძახილები წამოვისროლეთ. დღეს რომ მეკითხებიან რომელია ჩემი ფავორიტი სიცილიის ქალაქებს შორის, თავში მაშინვე რაგუზა მომდის. სხვა არცერთს რომ არ ჰგავს და არც ცდილობს რომ ჰგავდეს. რაგუზა მთლიანად დაღმართზეა (ან აღმართზე) გაშენებული. უთვალავსაფეხურიანი კიბე ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს. ჩასვლა მარტივია, ამოსვლის რა გითხრათ. იმ საღამოს ბევრი არ გვივლია. პიცების ჭამის სურვილით ვკვდებოდით. Antares-ის ათგვერდიანი პიცების მენიუს ქექვის შემდეგ კალცონე შევუკვეთე. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი სირთულე მენიუში ქექიალი და იმის ზუსტად შერჩევაა, რაც მინდა. მოკლედ, კალცონე გადაწყდა. გოგოებმა სხვადასხვანაირი პიცები აიღეს, ნახევარ-ნახევარს გავცვლით და ასე უფრო მეტს გავსინჯავთო. მერე ტუჩების ცმაცუნით და ტიტინით მთელი საღამო იქ გავატარეთ.

რაგუზა იბლა, სიცილია, იტალია

დილის რაგუზას სულ სხვა ხიბლი ჰქონდა. ჯერ რაგუზა სუპერიორე დავათვალიერეთ. მერე ყავის სუნითა და ტკბილეულობით გამოტენილ ბარში შევიხიზნეთ და კაპუჩინოებისა და კრუასანების ზეიმი მოვიწყვეთ. ახლა უფრო დიდი სიამოვნებით დავივლიდით წინა ღამით ნატკეპნ გზებს. მილიონი ფოტოს გადაღების შემდეგ კათედრალისკენ წავედით. მერე ხან ყავა ვსვით, ხან პატარა ქუჩებში ვიბოდიალეთ და ხანაც პატარა ბუტიკებში ვქექეთ რაც იყიდებოდა და არ იყიდებოდა. ვაღიაროთ, რომ იტალიელებს ყველაზე საყვარლად გამოსდით მაღაზიების მოწყობა და კოპწიაობა. ღია ბარათების დახლთან, ერთმა ფოტომ ლამის ჭკუიდან შემშალა. ერთ ფერში ჩაბეტონებული ცივი და გაშეშებული ქალაქი იყო. ლუჩიამ ღია ბარათი გამომართვა. ამის ყურებას გირჩევნია მანქანაში ჩაჯდე და მოდიკაში წავიდეთო.

მოდიკა მართლა ჩაბეტონებული ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქეთ-იქით გორებზე შეკიდებულ სახლებს შორის სასეირნოდ კიბეებზე და აღმართებზე უნდა იარო. კორსო უმბერტოზე Antica Dolceria Bonajuto-ში სიცილიური თავგადასავლების რამდენიმე წუთის გატარება ყველა ტურისტის ჩვეულებრივი ვალდებულებაა. ნამდვილად ღირს მაღაზიის წინ ბალიშებით სავსე კიბეებზე წამოსკუპება და მოდიკური სასმუსნაოების ჭამა. ეს ნიშნავს, რომ აქაური ტურისტული ვალი მოხდილია.

იმ საღამოს კატანიაში დავბრუნდით. დილით ეტნაზე მივდივართო. სად მოხვედრაზე აღარ მიოცნებია, მაგრამ ვულკანების ადგილი ჩემი ნატვრების სიაში არასოდეს ყოფილა. გზა კატანიადან ეტნამდე საკმაოდ მოკლეა. გზაში ნელ-ნელა ხვდები, რომ ჩვეულებრივ ლანდშაპტებს ცდები და სხვა სამყაროსკენ მიდიხარ. მოწითალო-მოყავისფრო-მოშაო ფერები მშვენიერ კონტრასტს ქმნიდნენ იმ დღევანდელ მოწმენდილ ლურჯ ცასთან. ჩამქრალი კრატერების ირგვლივ ვიარეთ. აქ არაფერია ცისა და მიწის მეტი. აქ არაფერია ჰაერის მეტი. დადიხარ მხოლოდ იმისთვის, რომ დედამიწაზე მოვლენილი სასწაულები ნახო. აქაური ფერები ვერაფერს შეედრება და აქ მიღებული ემოციები ვერასოდეს დაგავიწყდება.

ეტნა, სიცილია, იტალია

მომდეცნო დილას გოგოებმა გამაღვიძეს, საცურაო კოსტიუმი ჩაიცვი, ზღვისკენ მივდივართო. არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდი, სანამ Isola Bella არ დავინახე. მანქანის გასაჩერებელი ადგილი ძლივს ვიპოვნეთ. მანქანას აღარ ვჩიოდით, პლაჟზეც აღარ იყო ადგილები. Isola Bella ზღვაში ამოზრდილი პატარა კუნძულია. ირგვლივ კამკამა წყალი და ზაფხულის ნეტარება ზეიმობს. ეს ტაორმინას სანაპირო ზოლია. ნამდვილი ტაორმინა მთაზეა გაშენებული. ტაორმინას ცენტრი პატარა, მაგრამ უსაზღვროდ ლამაზია. ხმელთაშუა ზღვის მარილებით გაჟღენთილი კანითა ბარში მოვკალათდით ყავის დასალევად. მერე ვიწრო ქუჩებში გავიფანტეთ. ლუჩიამ ‘ნაყინის ბურგერების’ ჭამა შემოგვთავაზა. ცოტა დავიბენი. მერე კარგად ვუყურე დახლთან მოფუსფუსე ბიჭუნას, როგორ გაათბო ფუმფულა ბრიოში, როგორ აავსო პისტაკიოსა და სტრაჩატელას ბურთულებით, როგორ მოასხა თხევადი შოკოლადი და როგორ მისურვა Buon Appetito. ასეთი გემრიელობა ქვეყნად არ არსებობს. ტაორმინადან ისე წამოვედით, ვერ მოვასწარით ბერძნული თეატრის ნახვა. ოთხივენი მოდუნებულები და მოშვებულები ვიყავით.

ტაორმინა, სიცილია, იტალია

სიცილიური არდადეგების ბოლო გაჩერება აჩი ტრეცა იყო. მადლიერების გრძნობით სავსეებმა ზღვის ნაპირზე ვისეირნეთ. მერე ჩემოდნები ავიღეთ. აეროპორტისკენ მიმავალმა ერთი-ორმა ავტობუსმა გაგვასწრო. ასეთი პატარა ნერვიულობების გარეშე მოგზაურობა გარდაუვალია. მე და სარა რომში ერთად ჩავფრინდებოდით. მე რომში დავრჩებოდი, სარა კი ტურინში დაბრუნდებოდა. ერთმანეთს ალბათ მომავალ ზაფხულამდე ვერ ვნახავდით, მაგრამ თან იმდენი ემოცია მიმქონდა, რომ მთელი წელი მეყოფოდა ერთფეროვანი დღეების გასამხიარულებლად.

საოცრებათა ქვეყნები მართლა რომ არსებობენ, ამის უკვე დიდი ხანია მჯერა. ჩემთვის ეს სიცილიაა და კიდევ ბევრს მოგიყვებით მასზე. ახლა ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები და როდის ავავსებ ჩემი ცხოვრების შავ-თეთრ წერტილებს სიცილიური მზისა და ზღვის ფერებით.

კატანია, სიცილია, იტალია

 

კატანია, სიცილია, იტალია