შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყო

  • Home
  • მთავარი
  • შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყო

კლვევითი პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ხორციელდება და მას კომპანია RMG აფინანსებს. სამეცნიერო მისიას კი არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ხელმძღვანელობით ა(ა)იპ ,,ფონდი ძველი შუამთა” ახორციელებს.

შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ექსპედიციის წევრები უზრუნველყოფენ მიწის სამუშაოებისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების განლაგების სქემისა და ცალკეული ობიექტების ანაზომების, ასევე გამოვლენილი ნაგებობებისა და კულტურული ფენების სტრატიგრაფიული ჭრილების მომზადებას, გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციას. მიმდინარე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიის ზედამხედველობით წარიმართება.

არქეოლოგიური კვლევის პროცესი 2018 წლის ზაფხულამდე გასტანს. სამუშაოებისთვის კომპანია RMG-მ უკვე გამოყო 25000 ლარი.

შუამთის მონასტერში დაწყებული სამეცნიერო-არქეოლოგიური კვლევითი ეტაპით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია RMG-ს შორის საფუძველი ეყრება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის მხრივ თანამშრომლობის მრავალწლიან პროცესს, რომელიც 2017 წლის 10 დეკემბერს სააგენტოს, კომპანია RMG-სა და საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას შორის დადებული ხელშეკრულების სახით, სამართლებრივადაც გაფორმდა. ამ დოკუმენტის საფუძველზე კომპანია RMG 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით 7 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის: ფიტარეთის ეკლესიის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს, ნიკორწმინდის, შუამთისა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსების რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთვება.

4 წლიანი პროექტი კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

Tags: