შორეთის სამონასტრო კომპლექსი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება

  • Home
  • მთავარი
  • შორეთის სამონასტრო კომპლექსი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქართულ-კავკასიური კულტურის, ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ფონდის და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, დასრულდა შორეთის ტაძრის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპის ძირითადი ნაწილი.

მოეწყო სამშენებლო მოედანი, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, ეკლესიის კედლებიდან მრავალი წლის წინ ჩამოცვენილი ქვები გაიწმინდა მცენარეული საფარისგან, დახარისხდა ქრონოლოგიურად, გადაირჩა და გადაინომრა; გაიწმინდა კომპლექსის მთავარი ტაძარი, მინაშენები და სამრეკლო. აღდგა კარნიზები – დაზიანებული და დაკარგული ფრაგმენტები ჩანაცვლდა ახლით, კარნიზების შიდა ნაწილში ჩაიდგა კომპოზიტური (ბაზალტის) არმატურის რიგელები, რასაც დაეყრდნო როგორც მთავარი ეკლესიის, ასევე მინაშენი კარიბჭის, მცირე ეკლესიის, საძვალისა და სამკვეთლოს სახურავებზე, ასევე, ბაზალტის არმატურის ბადეზე დასხმული ფილები.

რეაბილიტაციის მე-3 ეტაპის ძირითადი სამუშაოები 2017 წლის ნოემბერში დასრულდა. რესტავრაცია ჩაუტარდა ეკლესიას სამკვეთლოს, სანათლავს, კარიბჭეს, საძვალესა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიშენებულ, მე-13 ს-ის ეკლესიას; მიშენებული სამრეკლოს პირველი სართული დასრულებული და გადახურულია.

სამრეკლოს გუმბათის რესტავრაცია 2018 წლის ივნისში დაიწყება და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.

შორეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპად ტარდება. 2015 წელს ჩატარდა პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები – ძეგლის საძირკვლისა და მისი გარკვეული ნაწილების კონსტრუქციული გამაგრებები; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვთისმშობლის გამოსახულებიანი უნიკალური მოზაიკის გამაგრება – კონსერვაცია. შორეთის ტაძარში გასულ წელს ჩატარდა არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოებიც.

მეორე ეტაპი მოიცავდა მთავარი ტაძრის ინტერიერის, აფსიდის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავების აღდგენას; თიხატკეპნილი იატაკისა და ტაძრის დროებითი გადახურვის მოწყობას; სამხრეთ-აღმოსავლეთ ეკლესიის ფასადებისა და გადახურვის გაკეთებას; კარიბჭე-სამრეკლოს პირველი სართულის ინტერიერის აღდგენას; სამხრეთ-დასავლეთ ეკლესიის ფასადებისა და ინტერიერის აღდგენას.

ძეგლზე არსებული მდგომარეობა: ძეგლის მდგომარეობა მძიმე იყო- სახურავი მრავალ ადგილას იყო ჩამოქცეული, ნადგურდებოდა ფრესკები და უნიკალური მოზაიკა. კედლები დაბზარული იყო. 1987-2009 წლებში ძეგლზე ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოების 80% და პირველი სართულის გასამაგრებლად ნაწილობრივ მიღებულია პირველადი ზომები – კირის ტრადიციული დუღაბით შევსებული და კონსერვირებულია საძირკვლის ყველაზე ავარიული მონაკვეთები; რკინის სალტეებით შეკრულია გაბზარული კაპიტელები, რაზეც დგას სამრეკლოს პირველი სართულის თაღი; დაზიანებულ მონაკვეთებში ეკლესია და ეკვდერები დროებით ხის ფიცრებითაა გადახურული.

ამ ღონისძიებებმა ცალკეულ უბნებზე დროებით შეანელა ნგრევის პროგრესირება.

მნიშვნელოვანია შორეთის მონასტრის კედლებზე შემორჩენილი შუა საუკუნეების ლაპიდარული (კედელზე შესრულებული) მრავალი საინტერესო წარწერა, რომელიც ისტორიულ ცნობებს შეიცავს. აგრთვე, უმნიშვნელოვანესია აქ არსებული მოზაიკური მხატვრობის ფრაგმენტები, რომელიც იშვიათია ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში და შემორჩენილია წრომში, გელათში, მარტვილსა და შორეთში.

შორეთი – შორეთის სამონასტრო კომპლექსი VI-VII – XV საუკუნეების (ძეგლის მკვლევარის, მ. დათუკიშვილის მოსაზრებით) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კედლის მოზაიკით შემკული სამონასტრო ორსართულიანი ლავრაა, სამრეკლოთი, სკრიპტორიუმით, მცირე სამლოცველოიანი ციხით და კლდეში ნაკვეთი სენაკებით.

მდებარეობს ასპინძის რაიონში, სოფელ ოთასთან 5 კმ-ში. ძეგლი მრავალჯერ გადაკეთებული რთული არქიტექტურული ნაგებობაა. მთავარი ეკლესია VI-VII საუკუნეების საკულტო ნაგებობის (სავარაუდოდ ქრისტიანული ეკლესიის) ნაშთებზეა აგებული, რასაც მოწმობს ორივე საძვალისა და სატრაპეზოს კედლების წყობა და საკურთხევლის ქვეშ კარებში ჩაშენებული ქვის სვეტი სტილიზებული ჯვრით. მთავარი ეკლესია – ორეკლესიანი ბაზილიკა – საკმაოდ ძველია; XII-XIII საუკუნეში ის სავარაუდოდ გააფართოვეს და გადააკეთეს მონასტრად – სამხრეთიდან და დასავლეთიდან მიაშენეს მცირე ეკლესია და სკრიპტორიუმი. XIV-XV ს-ში მიაშენეს კარიბჭე, სამხრეთიდან საძვალეზე დაშენებულია რეკონსტრუირებული ეკლესია და სამრეკლო.

წყარო: კულტურის სამინისტრო

Tags: