საქართველოს აღმოჩენა გვიან დავიწყე – როცა პირველად გადავწყვიტე, რომ არა სკოლის ექსკურსიიდან ან მეგობრებთან ერთად გასართობად წავსულიყავი ქალაქგარეთ, არამედ ჩემით დამეგეგმა ტური და დამეთვალიერებინა საქართველო. იმ წამიდან საკუთარ ქვეყანაში ტურისტად ვიქეცი: კახეთის გზამკვლევი ვიყიდე, სურათები დავათვალიერე, მარშრუტები მოვხაზე, რაც შეიძლება, მეტი რომ მომესწრო და გავუდექი გზას. მაშინ მივხვდი, რომ საქართველოს აღმოჩენა რაღაც ძალიან მნიშვნელოვან მიზნად გადამექცა.
ჩემს თვალებსა და გარემოს შორის კავშირი უბრალოდ დანახვით აღარ შემოიფარგლება. ალბათ სამშობლოს სიყვარული ესაა – გარემოსთან უჩვეულო ემოციური კავშირი, ანდაც მიჯაჭვულობა. იმის შემდეგ სხვადასხვანაირი მოგზაურობები დავგეგმე: საოჯახო სასტუმროები თუ კარვები, გრძელი გზები, ვეებერთელა მთები, მზის ამოსვლები და ჩასვლები… ყველაფერი ერთ დიდ ბედნიერებად იქცა, იმაზე დიდ ბედნიერებად, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა.
თითოეული ჩემი მოგზაურობის ისტორიას არ მოვყვები, მოსაწყენი იქნება. თუმცა ერთი ყველაზე დაუვიწყარი მოგზაურობა ათი დღით გუდამაყარში წასვლა იყო.
როცა დილაუთენია შეკრავ მთის ყვავილების კონას, გაუყვები წინა ღამის წვიმისგან ადიდებულ შავ არაგვს, გაივლი კილომეტრებს, უმისამართოდ, დანიშნულების ადგილის გარეშე, უბრალოდ, იხეტიალებ, თავს ბუნების ნაწილად იგრძნობ. იქ არანაირი კომფორტის მოთხოვნილება არ გაგიჩნდება.
თუშეთიც ვნახე, ამ სამყაროს, ამ სივრცისა და დროისგან სრულიად მოწყვეტილი თუშეთი. იქ, იმ გასაოცარი ბუნების გარდა, ნახავ ხალხს, თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს, რომლებმაც მთის უმკაცრესი პირობები არ გაცვალეს არანაირ კომფორტზე და იქ, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე ცხოვრობენ.
უამრავი რამაა საქართველოში დასათვალიერებელი: მთის კურორტები და მათ შორის სათხილამურო კურორტები, ზღვისპირა ქალაქები და მაღალმთიანი აჭარა – მწვანე ტბითა და ულამაზესი სოფლებით, სამცხე-ჯავახეთი, ვარძია და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, კახეთი – ალავერდით, ნეკრესით, დავითგარეჯით, თავისი ღვინის მარნებით და საოცარი ბიომრავალფეროვნებით, სამეგრელო – კანიონებით, დადიანების სასახლით, თავისი სამზარეულოთი, იმერეთი – უძვე
ლესი გელათით, კაცხის სვეტით და მღვიმეებით, ყაზბეგი და გერგეტის სამება, რომელიც წელიწადის ოთხივე დროს უნდა ნახო. ძალიან ბევრი მონასტერი, მღვიმე, კოშკი, მუზეუმი, სალოცავი, დაცული ტერიტოა, მთა, დაბლობი ისტორიული ძეგლია სანახავი, გარდა ამისა, ჩვეულებრივი სოფელი და იქაური ხალხის ცხოვრების წესის გაცნობაა მნიშვნელოვანი, ყველა კუთხეს ხომ თავისი კულტურა აქვს. ერთი ცხოვრება ალბათ არც არის საკმარისი ამ ყველაფრის გასაცნობად.
საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოვიარე. მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ არდადეგები და ქალაქიდან გასვლა მოგზაურობის აუცილებელი პირობა სულაც არაა: მა
რტო თბილისი რად ღირს! სულ რამდენიმე თავისუფალი საათი გამოჩნდება და დაფიქრება არცაა საჭირო – მივდივართ ძველი თბილისის დასათვალიერებლად.
სოლოლაკის ძველ ქუჩებში ვართ. აქ მოხუცებულ კაცს თავისი ცოლისთვის იასამნები მიაქვს; მოჩუქურთმებული ფანჯრის რაფაზე ბომბორა ძაღლი გამვლელ-გამომვლელს ინტერესით ათვალიერებს; მარგალიტის მძივებით გაწყობილი კაბებით მოხუცი ქალბატონები კონსერვატორიაში მიიჩქარიან; ახლა ვიღაც ქალი გაჩერებს, გეცნობა, სახლში შეგიპატიჟებს და თავის მოხატულ პაწაწინა სახლს გათვალიერებინებს, სადაც ყველა კედელზე, სარკეზე, სამზარეულოს კარადაზე თავისი ჩანახატებია. გაჩვენებს
ხის ყუთს, რომელშიც ლამაზად გამოჭრილ ფურცლებზე საინტერესო ციტატები და აფორიზმებია ამოწერილი ქართული ლიტერატურიდან; მერე გადიხარ ისევ ქუჩაში, ისევ გაჩერებენ, გეუბნებიან, რომ ეს კაბა ძალიან გიხდება; იქით ცისფერკაბიანი გოგო კორპუსის ქვემოთ ამოსული იებით სახლში მირბის, დედას თუ უნდა მიუტანოს, ალბათ… ეს თბილისური ამბებია. ეს ის თბილისია, სადაც ადამიანებს დანარჩენი ადამიანებიც უყვართ და ერთმანეთს უფრთხილდებიან. სამშობლოს სიყვარული, ალბათ, ესეცაა – გიყვარდეს შენი ხალხი.
ვიცი, ვერასდროს ვიტყვი, დავასრულე საქართველოს აღმოჩენა მეთქი. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ვერასდროს გავჩერდები. რთულია არ შეგიყვარდეს ისეთი საქართველო, როგორსაც შენ აღმოაჩენ, როგორიც შენ შეგიყვარდება და შენი იქნება; მერე კი უკვე რთულია, არ გაგიჩნდეს პასუხისმგებლობა, რომ მოუფრთხილდე ამ შენს ქვეყანას.
სამშობლოს ჩვენ არ ვირჩევთ, ისევე როგორც ოჯახს. ბედნიერი ვარ, საქართველო რომ აღმოჩნდა ჩემი ქვეყანა. მე კი დავდივარ, რადგან ერთ ადგილას ყოფნითა და სხვების მოსმენით ჩემი თვალით ვერ დავინახავ ქვეყანას. დავდივარ, თითოეულ ადგილსა და მასთან დაკავშირებულ მოგონებას სუვენირებივით ვაგროვებ, თან დავატარებ და ვუფრთხილდები.