შემთხვევით კუნძულზე

nissibeach

„მილანში ჩემს დას გადაღებები აქვს და დაბადების დღის გატარება იქ უწევს. ძალიან მინდა სიურპიზად ჩავაკითხო“, – მეუბნება ჩემი მეგობარი ივლისის ერთ საღამოს. წამო მერე, ერთად წავიდეთ-მეთქი და იმ მომენტიდან დავიწყეთ დაგეგმვა. მოვიფიქრეთ ყველაფერი, გავაკეთეთ ხარჯთაღრიცხვა, დარჩა მხოლოდ შვებულების საკითხი. და ჩემი მეგობრის დამ გადაღებებზე უარი თქვა…

რაღაც ეს გადარბენები აღარ მინდა, ორ კვირაში ხუთი ქალაქი, სულ გზაში ყოფნა. მოდი რამე მარტივი მოვიფიქროთ-თქო, ვთქვით და wizzair.com-ზე კიდევ ერთხელ შევედით. კვიპროსი? გადაწყვეტილია! რამდენიმე დღე ფრენის ფასის დინამიკას ვაკვირდებოდით და საბოლოოდ ბილეთები საკმაოდ იაფად ვიყიდეთ.

ჩემი მეგობრის მეგობარმა თქვა, კვიპროსზე მეც სიამოვნებით წამოვიდოდიო. მე ჩემს მეგობარს ვუთხარი და ასე გავხდით ოთხნი. ინტერნეტში მოვიძიეთ ყველა რჩევა, რისი პოვნაც შეიძლებოდა. პირველი, რაც უნდა გადაგვეწყვიტა იყო ის, თუ სად დავრჩენილიყავით: იაფ, მაგრამ ნაკლებად ახალგაზრდულ პროტარასში თუ ძვირ, მაგრამ ყველაზე მაგარ კურორტ აია ნაპაში. ჩაფრენის ადგილი – ლარნაკაც ზღვისპირა ქალაქია, მაგრამ არ გამოირჩევა პლაჟებით და ეს ვერსია თავიდანვე წავშალეთ. სხვების პრაქტიკამ აჩვენა, რომ უმჯობესი იყო, აპარტამენტი გვექირავებინა პროტარასში, ხოლო პლაჟებზე გვევლო აია ნაპაში. ჩვენ ცოტა მეტი ვქექეთ და ვთვალეთ, ყოველ დღე 4 ევროდ ავტობუსით ბოდიალის აზრმა არ მოგვხიბლა და გადავწყვიტეთ, აია ნაპადან ფეხი არ მოგვეცვალა. მოკლედ, საბოლოოდ, საკმაოდ კარგ ადგილას, საკმაოდ ნორმალური აპარტამენტი ვიქირავეთ და კუნძულის კვლევას შევუდექით.

Nissi beach აღთქმული მიწასავით ჟღერდა, ამიტომ პირველივე დღეს დავადექით მისკენ მიმავალ გრძელ გზას. უდაოდ ლამაზია, მაგრამ აია ნაპას ნავსადგურთან რომ პლაჟია, არც ეგ ჩამოუვარდება. პლაჟებზე შესვლა უფასოა და ღიაა ნებისმიერისთვის, მაგრამ ფასიანია შეზლონგი, ქოლგა და ინტერნეტი, ასევე ნებისმიერისთვის. გარშემო ისმის მხოლოდ რუსული საუბარი, ათასში ერთხელ გერმანული და ინგლისური. პლაჟს ჰყავს ორი ტიპის მომსახურე პერსონალი: ის, ვინც მოსაკრებელს აგროვებს (ერთ-ერთი მათგანი დიდად მაჩოსებური გარეგნობის, სუპერგარუჯული და დაკუნთული გრძელთმიანი ყმაწვილი ცხელ ქვიშაში ფეხშიშველი თავისებური გრაციოზულობით დააბიჯებდა და სულ ზეპირად იცოდა, ვინ სად იწვა, ან გადაწვა) და ის, ვინც მინი მაცივარს დაატარებს, „ეეეეე ლემონადაააა, მანგო, ტროპიკანააა“-ს  „ცხელი სიმინდიიიი“-ვით იძახის და ზუკოსნაირ ნატურალურ წვენს 2 ცალს 3 ევროდ ყიდის, რომელსაც ღონიერად დასცხებს შეზლონგის ნაპირს, რომ გაყინული მასა დასალევად ვარგისი გახადოს.

ზღვისპირეთი ერთი კარგი კრუიზის გარეშე რომ წარმოუდგენელია, ამაზე ნავსადგურებში არსებული დიდი ხალხმრავლობა მეტყველებდა. ქუჩებში გამოფენილი პრომო-ბიჭებიდან პირველივემ დაგვიჭირა და შუადღეს „აფროდიტე მე-2-ზე“ აღმოვჩნდით. 4 საათიანი კრუიზის განმავლობაში ცეკვის, რუჯზე ზრუნვის, გემრიელი სადილის დაგემოვნებისა და ევროპულ-სლავური უკანალების თვალიერების გარდა, გემის კაპიტნის ბიძაშვილი, ინგლისურ-გერმანულად თანაბრად კარგად მოსაუბრე მხიარული გიდი გავიცანით. ჯონი მქვიაო, წარმოშობით კვიპროსიდან ვარ, ისე ბრიტანეთში დავიბადე და გავიზარდეო. მერე კვიპროსს დავუბრუნდიო. ნახე, ბერძნული ცხვირიო. ჰმმ, აი ნახე, ქართული ცხვირი-მეთქი. ძალიან გაეცინა ჯონს.

რაც შეეხება კულტურულ შოკს, ჭკუაზე რომ არ ვიყავით, თავს ვერ ვუყრიდით სიტყვებს და ემოციებს სახელს ვერ ვარქმევდით, კოსტას ბერძნულ რესტორანში მივიღეთ. პირადად მე ასეთი რამ არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მიგრძვნია.

წარმოიდგინეთ ლურჯ-თეთრი ინტერიერ-ექსტერიერი, სადაც ხმელთა შუა ზღვის პროდუქტების დასაგემოვნებლად შევდივართ. რესტორანი გატენილია. მარცხნივ ქუჩის პირას ყვავილებში ჩაფლულ ადგილას ერთ თავისუფალ მაგიდას ვხედავთ და კისერს ვიგრძელებთ, რომ შევამოწმოთ დაჯავშნილი ხომ არ არის. გამხდარი და მაღალი მიმტანი მოულოდნელად აგვესვეტება წინ და გვთხოვს დაველოდოთ. ტონს ვუწუნებთ და უკან გაბრუნება გვინდება, მაგრამ „ჯასთ ე მომენთ“ ვიცდით. რესტორნის სიღრმეში ბართან მრგვალ მაგიდას კუბოკრულ გადასაფარებელს აფარებენ, ზემოდან კი ფოტოზე ასახულ ქაღალდის გადასაფარებელს უმატებენ. გვეძახიან. უხალისოდ მივდივართ და ვსხდებით. თეთრი პირისახის საშუალო ასაკის მიმტანს მენიუ მალე მოაქვს, ოღონდ ჯერ ღიმილისთვის მადლობას გვიხდის. არჩევანის გაკეთება გვიჭირს, მიმტანი ქაღალდის გადასაფარებელზე გვიწერს, თუ რატომ გამოდის თევზის მეზე ეკონომიური. მაინც სამი სახის სალათს ვირჩევთ. ყველა ზღვის პროდუქტითაა და კიდევ ჩემი მოთხოვნით ნივრიან პურს ვუკვეთავთ, რომელსაც მოგვიანებით დავიმატებთ. მიმტანი გვეკითხება საიდან ვართ. “ჯორჯია ონ მა მაინდ”- ამბობს. მეცინება. მხიარული ტიპია. სახელს ვეკითხებით. ჩემმა ცოლმა იცის ჩემი სახელიო. “ქოლ მი მეიბი”- ამატებს. კიდე მეცინება და ქართულად ვამბობ, მუსიკა უყვარს, როგორც ჩანს-მეთქი. “იუ არ სმართ ლეიდი” – მეუბნება და მიდის. შეკვეთა ძალიან მალე მოაქვს იმ მიმტანს კარში რომ შეგვაჩერა. “როგორა ხარ” – ამბობს და მაშინვე ტაშის დაკვრა გვინდება. “იფიქრეთ, რომ ვერ მივხვდებოდი, საიდან იყავით? კავკასიელი ვარ, დედაჩემი თბილისელია”. გვიხარია, თავს დაგვფოფინებს. უამრავი მაგიდაა გარშემო და ყოველ გავლაზე გვეკითხება, ხომ ყველაფერი კარგადაა. ხან ეს გვეკითხება და ხან მეორე, თეთრპირისახიანი. ვჭამთ სულმოთქმელად, ჩუმად და ბოლოს სკამის საზურგეს ვეყრდნობით და ჭერში ვიწყებთ ყურებას. ვაი-ფაი გვახსენდება. პაროლს ქაღალდის გადასაფარებელზე გვიწერენ. ქაღალდის გადასაფარებლის იდეას აღფრთოვანებაში მოვყავართ. ბოლო-ბოლო სანამ შეკვეთას მოიტანენ, რუკას მაინც შეხედავ. ჩვენი გადასაფარებელი უკვე დაისვარა და ფოტოს გადასაღებად გვერდით მდგარ მაგიდას ვუტრიალებ. ბერძნული მუსიკა უკრავს. ტუალეტში გავდივარ და გიჟივით გამოვრბივარ უკან: ფოტოაპარტი უნდა ავიღო. მუზეუმივით ტუალეტია. ანგარიში მოვიდა. 40 ევროა. ვინაწილებთ და ამ დროს დედა რომ თბილისელი ჰყავს ის მიმტანი მოდის და ქაღალდის გადასაფარებელი მოაქვს. “ყველასთვისაა, ქალბატონებო!” როგორც ჩანს, დაგინახა, ფოტოს რომ იღებდიო, გოგოებმა. გაოცებულები ვუყურებთ ერთმანეთს. სახეს ვერ ვასწორებ, მაჟრჟოლებს. ცოტა ხნით კიდევ ვყოვნდებით. თურმე ტყუილად არა: საჩუქრად რესტორნისგან გოგრის მურაბა მოაქვს. დიდი ნეტარებით მივირთმევთ და ბოლოს ვდგებით. ბარმენს ჩემს სმარტფონს ვართმევ. „ნახე, 70%ზე ავიყვანე“, – მეუბნება და ეკრანს მაჩვენებს. თვალებით ჩვენს მეგობარ მიმტანებს ვეძებთ. თეთრპირისახიანს ვპოულობთ. “ჯორჯიაა” ამბობს და სათითაოდ გვემშვიდობება. “გუდ ნაით ლედი”, მეუბნება და ხელზე მეამბორება. არავინ გაუცილებია ასე. ჩვენ გაგვაცილა. ფეხს ვითრევთ და მეორეს ვეძებთ, არსაიდან ჩნდება და ვუცინით. ხელს გვართმევს და გვემშვიდობება. არც ამას გაუცილებია არავინ ჩვენსავით.
თავბრუდახვრულები გამოვდივართ და ვერ ვხვდებით, რა რატომ მოხდა, უბრალოდ ერთი ნახვით გვიყვარდება კვიპროსი და მომენტალურად ვთანხმდებით, რომ ერთხელაც აქ აუცილებლად დავბრუნდებით და ჩვენს მეგობარ მიმტანებს მოვიკითხავთ. იქამდე კი შენ, ვინც ამას კითხულობ, როცა კვირპროსზე  მოხვდები, აია ნაპაში კოსტას რესტორანი არ გამოგრჩეს, კავკასიელი და თეთრპირისახიანი მომიკითხე.

Tags: