595 დღეა რაც საქართველოდან შორს , 4 000 კილომეტრის მოშორებით , ევროპის შუაგულში, გერმანიაში ვცხოვრობ. ფრანკფურტში ისეთი ცივი ამინდებია, ზამთრის სეზონი ამოჭრილი მაქვს, როგორც კი მზე დედამიწაზე ნატეხების გადმოგდებას იწყებს, ვერცხლისფერ ზურგჩანთაში ბილეთს, წყლით სავსე ბოთლსა და გრძელსახელოიან პიჯაკს ვაგდებ, ქალაქის მთავარ სადგურში მივდივარ და უბრალოდ ცხოვრებიდან გავდივარ, მოგზაურობას ვიწყებ. დღის განვალობაში 8 საათი გერმანელ მოხუცებზე მზრუნველობა მევალება, პროგრამის ფარგლებში მათთან ერთი წელი უნდა დავყო, რადგან სოციალურ პროექტში ვარ ჩართული ჰესენის ფედერალურ ოლქში გადაადგილება ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მიწევს, მეც როგორც მოგზაურობის მოყვარულს ვფიქრობ ძალიან გამიმართლა. ამ მიწის თითქმის ყველა ქალაქი მაქვს ნანახი რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ქალაქთან მისაუბრია, გერმანელების ნაწილი სამსახურეობრივ მოვალეობას დიდ ქალაქში ეწევა, ქალაქიდან მოშორებით კი მყუდრო და მშვიდ ადგილას ცხოვრობენ. ჰესენის მიწის ერთ ჩვეულებრივ ქალაქში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, ველოსიპედით დაახლოებით 15 წუთი ვიარე და მივხვდი, რომ ღმერთი ერთ დღეს ამდგარა და სამოთხე ორჯერ შეუქმნია, მის გვერდით და ჩემს გვერდით, სახლოდან 15 წუთის სავალზე , რომ მზისფერი ქალაქი გექნება ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მოგზაურობა ამ ზოგჯერ ძალიან დამღლელ და არაფრისმთქმელ დედამიწაზე მალამოსავით გედება. „ ზელიგენშტატი „ ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს, ქალაქი იმდენად პატარაა, რომ შენი ჩურჩულიც კი ყველას ესმის, კუბოკრული და წვეტიანსახურავებიანი სახლები, ფერადი ფანჯრები , ღია კაფეები, ცის სილურჯე, სახლების აივნებზე სხვადასხვა სახის ყვავილები , ქუჩებში მოსიარულე ღიმილიანი ადამიანები და სადღაც იქვე ის რასაც ყველა ეძებს – ღმერთი. სულ მგონია, რომ შვებულებას სამყაროს შემქმნელი აქ ატარებს, ზის ქალაქის შესასვლელში რომელიც ულამაზესი ბაღით იწყება და უბრალოდ ყვავილების სუნთქვას უსმენს, იქვე კათოლიკური ტაძარია , რომელიც ისეა აღმართული ცამდე ,რომ თვალებს ვერ მოსწყვეტ, დავდივარ ენაგადაყლუპული და ვეძებ შვებულებაში გასულ კაცს , რომ ვკითხო „რანაირად დაატია ამდენი სილამაზე ამ მუჭისოდენა ქალაქში“ . მარცხენა მხრიდან მაინი მიედინება, მწვანე მინდორზე ადამიანები ზიან, ისმის მათი გაუთავებელი კისკისი. ვიწყებ სახლებთან საუბარს, ენა მებმის რადგან ფერად კაბებში ჩაცმულებს ვერ ვუბედავ საუბარს , მათ მხოლოდ უნდა უყურო, ვიწრო ქუჩები მოდუნების საშუალებას გაძლევს და გამოსაფხიზლებლად ბაღში გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყვავილის სურნელი გიზიდავს , ამ ქალაქში მარტოობის უფლება არ გაქვს. ტაძრამდე მისასვლელ გზაზე ტრიალ მინდორში ფერადი მონუმენტი დგას, ყვითელ ფერს ვირჩევ და სამყაროს ერთი მხრიდან მეორე მხარის მიმართულებით მზისფერად ვიყურები. ვგრძნობ, რომ იმდენი ვიმუხტები ენერგიით , რომ ასე მგონია რამდენიმე წუთი მზის სხეულში ვიცხოვრე. ქალაქის ყველა კუთხე კუნჭული ამოვიარე, სუვენირების მაღაზიიდან სამახსოვრო საჩუქარს ვყიდულობ და გამყიდველს გერმანელ ქალს ვეუბნები, რომ არასდროს მჯეროდა ბედნიერების ქალაქის არსებობის და თურმე სახლიდან 15 წუთში ყოფილა. ნელ- ნელა დაღამებასაც იწყებს, ეს ფერადი სახლები მზისფერიდან მეწამულისფერში გადადიან და ვხვდები, რომ ვერასდროს გავალ აქედან, რადგან დამრჩება ჩემი თავი. გერმანელებს სახლების გაფორმება აქსესუარებით ძალიან უყვართ, თითქმის ყველა სახლის გარეთა პერიმეტრი დაგამუნჯებს, ფოსტაში მისაღები წერილების კუთხე ისე აქვთ მოწყობილი, რომ უადრესატო გზავნილების წერას დაგაწყებინებენ. ვიღებ ფურცელსა და კალამს , გარკვევით ვწერ, რომ ყველა ქალაქი ლაპარაკობს რაც დედამიწაზეა, ყველა ქალაქს აქვს სახელი და ყველა დრო ზეპირად ვიცი რაც ჩემი ყოფილა, ამ დღეს ვფუთავ და გონების ნაწილაკებში სიტყვა „ზელიგენშტატს“ ღმერთთან შეხვედრის ქალაქს ვუწოდებ, მერე რა თუ ამ ცოდვიალინ სამყაროდან სამოთხეში ჩემთვის ადგილი არ იქნება , თამამად შევხედავ ღმერთს თვალებში და ვეტყვი, რომ „ მე შენ დაგინახე გასული წლის სექტემბერში სამოთხეში, იმ ბაღში იჯექი სადაც არ შეიძლებოდა რომ არ მეფიქრა, რომ მენატრება ჩემი ქვეყნის ჰაერი, მშობლიური კერა და მე აუცილებლად დავბრუნდები იქ სადაც შენ ისურვე , რომ გაგეჩინე. მერე პატიებას ვთხოვ, რომ არ ვიმსახურებდი ყვავილებით მორთულ ქალაქში ცხოვრებას და მადლობას მოვუხდი, რომ ცის ქვევითაც არსებობდა სამოთხე და მე ის დავინახე!
ავტორი სოფო კორტავა.