შეხვედრა დალაი ლამასთან და ინდური ტიბეტის სხვა ამბები

  • Home
  • ბლოგები
  • შეხვედრა დალაი ლამასთან და ინდური ტიბეტის სხვა ამბები

,,ნუთუ ჟანგბადის ბალიშები  არსად იყიდება? ჰაერი არ მყოფნის,გასკდა თავი” -ვიღაცის სასოწარკვეთილმა ხმამ გამაღვიძა. როცა მივიხედ-მოვიხედე აღმოვაჩინე, რომ უკვე კეილონგში ჩამოვსულიყავით -მანალი-ლეჰის დამაკავშირებელი გზის სადღაც შუა წერტილზე.აკლიმატიზაციის გასავლელად ერთი ღამის გატარება აქ გვიწევდა- პირდაპირ ლეჰში -ჰიმალაების ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებაში ასვლა, რომელიც ზღვის დონიდან 3000-5000 მეტრის სიმაღლეზეა, ჯანმრთელობისთვის არ არის უსაფრთხო.

-სასტუმრო უკვე დაჯავშნილი გაქვს?- ჩემ გვერდით მჯდარი ინდუსი ბიჭები მეკითხებიან. დელიდან არიან,ეს მათი პირველი შორეული მოგზაურობაა. არათქო-ვპასუხობ და ერთად მივდივართ რამე იაფიანის მოსაძებნად. საბოლოოდ 150-150 რუპიად მშვენიერ ოთახს ვშოულობთ და ფეხი არ გვაქვს შედგმული , თავსხმა წვიმაც იწყება. ინდოეთში ახლა ტროპიკული წვიმების  სეზონია და ამ დროს სამოგზაუროდ ჩამოსულ ყველა ტურისტს ეჭვის თვალით გვუყურებენ – შერეკილი იქნება ვიღაცაო. ეს ეჭვი ბიჭებს აშკარად კიდევ უფრო გაუმძაფრდათ, როცა გაიგეს,ამ მოგზაურობის  გამო სამსახური მივატოვე – 4თვიან შვებულებას ისე არავინ მომცემდა .

რანაირად აღარ ვეცადე დასაბუთებას – უკვე დიდი ხანია მივხვდი, რომ ოფისში ჯდომა არ მაბედნიერებდა, მუდმივად ძიებისა და კვლევის პროცესშიყოფნაა ის, რისკენაც მივისწრაფვი და ეს რომ ახლა არ გამეკეთებინა, წლების გასვლასთან ერთად საკუთარი ბედნიერების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გაძნელდებოდა-მეთქი,მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდათ, არანორმალური ხარო-დაჟინებით მიმეორებდნენ.

დილის 4 საათისთვის სადგურისკენ დავიძარით.ამ დროს გადის ლეჰისკენ მიმავალი ერთადერთი ავტობუსი. სიბნელეშივე მივხვდი, რომ ორი მორბენალი ლანდი ჩემსკენ მოიწევდა. ჯენია და ქეითი აღმოჩნდნენ- მანალის ჰოსთელში გაცნობილი წყვილი . გაგიჟებულები მომვარდნენ-კი მაგრამ აქ როგორ აღმოჩნდიო. საქმე ისაა, რომ წინა საღამოს, როცა გაიგეს, დილის 10 საათზე ვაპირებდი საზოგადოებრივი და შესაბამისად იაფიანი  ავტობუსით ლეჰში წასვლას შანსი არ გაქვს, ეგ ავტობუსი მგონი არც არსებობსო,- მითხრეს. თურმე თვითონ სამი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ლეჰში წასვლას ზუსტად მაგ დროს და არასოდეს ტრანსპორტი არ ხვდებოდათ. მაშინ ნირი არ გავიტეხე ,მაინც ვცდითქო-ვუთხარი. თვითონ დილის 5ზე ქონდათ ნაყიდი კერძო ( შესაბამისად ძვირიანი ) ავტობუსის ბილეთი. როგორც გინდა, მაგრამ რომ დავბრუნდებით ლეჰიდან,შენ ისევ აქ დაგხვდები,ნახე თუ არაო-შემომძახეს.

ახლა კი, როგორი იღბლიანი ხარო – აღფრთოვანებულები ყვიროდნენ. მთხოვეს ერთად წავიდეთ სასტუმროს მოსაძებნად ლეჰში, იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს, შენთან ერთად რომ ვიქნებითო. მაშ ასე, მარტო კი წამოვედი, მაგრამ უკვე ხუთნი ვიყავით- მე,ინდუსი ბიჭები,ჯენია და ქეითი.

აბა,მზად თუ ხართ 12 საათიანი კოშმარული გზისთვისო -ავტობუსის გამცილებელმა გამომცდელად გადმოგვხედა. მხიარულად დავეთანხმეთ-მაშინ რას წარმოვიდგენდით წინ რა გველოდა.

მანალი-ლეჰის გზატკეცილი მსოფლიოში ყველაზე მაღალ სამანქანო გზად ითვლება და დაახლოებით ისეთია,როგორიც ჩვენი თუშეთი- ოღონდ ბეეეევრად უფრო გრძელი. ოფიციალური წყაროების მიხედვით,მის დაგებას 20იოდე მუშის სიცოცხლე შეეწირა.

სტრესისგან გასათავისუფლებლად  მთელ გზას სახალისო ტრაფარეტები მიუყვება :

,,ALL WILL WAIT ,BETTER BE LATE”

,,DEEP PEEP- DONT SLEEP!”

,,AFTER WHISKY,DRIVING IS RISKY”

უკვე ბნელდებოდა,ლეჰში რომ ავედით და იმწამსვე ინტერნეტის მოსაძებნად გავეშურეთ.ბოლოს და ბოლოს მივაგენით რაღაცას   და აღმოჩნდა რომ ხოგაის ( ჩემი მეგობრის მეგობარს) მოუწერია -გადაიდო ჩემი წასვლა მთებში  და ჩემთან შეგიძლია დარჩე,ერთი დამატებითი ადგილი მაქვსო.

წავედით ხუთივენი ხოგაისთან შესახვედრად და ჰოი,საოცრება- თურმე  ჯენია და ხოგაი ერთი ქალაქიდან,მეზობელი სახლებიდან ყოფილან,ატყდა ერთი ჟრიამული ))ხომ ვამბობთ ხოლმე რა პატარაა ეს თბილისიო,და თურმე თბილისი კი არა ,თვითონ სამყაროა ძალიან პატარა და არავინ იცის,ვის ,სად,ვისი წყალობით გადაეყრები :))

დილაუთენია მე ,ქეითი და ჯენია დალაი ლამასთან შესახვედრად მიმავალ გზას დავადექით. კითხვა -კითხვით მივიწევდით, როცა ბუდისტი ბერი დავინახე.

გზის მისწავლება ვთხოვე ,მან კი მეც იქ მივდივარ და წაგიყვანთო-მიპასუხა. ასე აღმოვჩნდით ათასობით დამსწრეს შორის ყველაზე კარგ ადგილზე -ზუსტად დალაი ლამას წინ,ბუდისტი ბერების განყოფილებაში.

 

ვუსმენდი, როგორ საუბრობდა ჩინეთთან დამოკიდებულებაზე და იმ უსუსურ მდგომარეობაზე, რომელშიც ინდოეთში გამოკეტილი ლამა იმყოფებოდა . სწავლისა და სწავლების მეთოდებზე ,- რომ შემეცნებისთვის ორი საწყისი უნარის-გაგებისა და მოსმენის შემდგომ ანალიზისა და ინტუიციის უნარის განვითარებაა საჭირო და რომ მხოლოდ კითხვა ვერაფერს მოგცემს ,თუ იმის გაანალიზება არ დაიწყე,თუ რა არის იმის მიზეზი,რომ ყველა წყარო ერთი ამბის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს.იმაზე,თუ როგორ არაფერი აქვთ ტიბეტში სულიერი სიმხნევის გარდა ,მაგრამ აქვთ მთავარი- ბედნიერება ,რომელიც ყოფიერების მთავარი მიზანია .ვუსმენდი,როგორ საუბრობდა ფიზიკურ სიჯანსაღეზე,სხეეულის სრულყოფაზე -რასაც თურმე ყველა ბუდისტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს,ვუსმენდი ტანჯვისა და სიხარულის ლამასეულ კლასიფიციფებას და არ მჯეროდა, რომ აქ ვიყავი, რომ ბავშვობის სურვილები ასე მარტივად ხდება.

.

საოცარია,რა ადვილად უმეგობრდებიან ადამიანები ერთმანეთს გზაზე. როცა იცი,რომ დრო ცოტაა, აღარ გჭირდება არანაირი შესავლები და ყველა ის წარმოსახვითი საფეხური,რაც ურთიერთობებში დავაწესეთ აზრს კარგავს.

როცა ხოგაიმ მითხრა,ხვალ მწვერვალისკენ დავიძვრები,როგორც იქნაო- თან გამიხარდა და თან ვიგრძენი ,როგორ ავნერვიულდი. ორიოდე დღეში ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანად ქცეულიყო- მივხვდი.

ხოგაი მეზღვაურია. საკუთარი იახტა ელოდება საბერძნეთში და 10 დღეში იქ უნდა იყოს. დრო სულ ცოტაღა აქვს რომ ათი წლის წინ ჩათქმული ოცნება აისრულოს და ჩვენი სახლიდან ამაყად და ცივად- ყველაზე თოვლიანი მწვერვალი რომ იცქირება ის დაიპყროს. ამ ათი წლის წინ საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის ასრულებას აგერ უკვე მესამე თვეა ცდილობს. ბევრჯერ გამობრუნდა უკან. ხან იყო და ამინდი ირეოდა,ხან იყო და მეწყვილეს ვერ პოულობდა.ახლა ჯორჯიასთან ერთად უნდა სცადოს. როგორი დამთხვევაა- შენ ჯორჯიიდან ჩემთან ჩამოხვედი,მე კი ჯორჯიასთან ერთად უნდა მიგატოვო,რომ ოცნებებს გავეკიდოო-მეუბნება.მთავარია,მშვიდობით დაბრუნდეს . ნუ გეშინიაო,მეუბნება. თვითონაც ეშინია-ოღონდ არა იმის,რისიც მე- უფრო კვლავ მწვერვალზე აუსვლელად გამობრუნება აფრთხობს.

დილას ვერ ვაცილებ.წერილი მხვდება- შენზე ვიფიქრებო- მპირდება და ნეტა სულელი ვარ თუ მამაციო-კითხულობს.ამას მეც სულ ვეკითხები საკუთარ თავს-ერთი ციდა გოგო ინდოეთში მარტო დავხეტიალობ . ვინ ვარ მე? სულელი? მამაცი? …

მომდევნო დღეს მონასტრების ნახვა მაქვს დაგეგმილი – მიმართლებს და პირველივე ბუდისტურ გომპაში მანდალას დაშლას ვესწრები- იმ მანდალას,მთელი ერთი თვე რომ აწყობდნენ ქვიშისგან . ეს ერთგვარი სავარჯიშოა- ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვის. და იმის შესაგრძნობად,რომ ყველაფერი წარმავალია,რაც ამ სამყაროშია და არაფერი მატერიალურისადმი დამოკიდებულების განვითარება არ ღირს.

მეორე ბუდისტურ მონასტერში გვიანობამდე მიწევს შემორჩენა- ჯერ იყო და ესპანელმა ტურისტებმა მომაცდინეს,მერე პაწაწინა ბუდისტი ბერი გავიცანი და მთავარ ბერთან ერთად ინგლისურად თვლაში ვამეცადინებდი , მერე ბარემ ცოტახანიც დარჩი- მოსაღამოვებულზე უფრო კარგი ხედია განათებულ ლეჰზეო,ხოდა ,ისე მოხდა რომ ღამის თერთმეტ საათზეც იქ ვიყავი.

გულში ვდარდობდი- რა ჩაფორთხდება ახლა ქვემოთ,ფანარიც დამრჩა და მობილურიც დაჯდომის პირასაა,რა მოხდება აქ დამიტოვონ,მაგრამ ამის თხოვნა როგორ შევკადროთქო. ამ დროს მომიბრუნდა მთავარი ბერი და მეუბნება:ამ სიბნელეში გაგიჭირდება ჩასვლა,თუ გინდა ამაღამ ჩვენთან დარჩიო…<3

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე წყნარი ორი დღე და მივხვდი,რომ აქ ისევ დავბრუნდებოდი ოდესმე.თუნდაც ხოგაივით 10 წლის მერე.

მანალიში დაბრუნებულს ,ჰოსთელში,რომელშიც წასვლამდე ვცხოვრობდი,გამომიცხადეს,რომ იგივე ფასად ვეღარ დამტოვებდნენ,რადგან ახლა მეტი სტუმრები ყავდათ და ძვირიანი ოთახებიღა იყო დარჩენილი . შეგუებული იმას,რომ იღბალი დავკარგე, ის ის იყო სხვა სასტუმროს მოსაძებნად და ზურგჩანთის მოსაკიდებლად გავიწიე ,ვარუნმა რომ დამადევნა: იგივე ფასად ვერ,მაგრამ შემიძლია ორი ღამით სულმთლად უფასოდ დაგტოვო,თუ კარგ რევიუს დამიწერო. ასეთი მამაძაღლობები მარტო დოკუმენტურ ფილმებში მქონდა ნანახი და თავი უმალვე სუპერ მოგზაურად წარმომიდგა.

საღამოს ხოგაის მესიჯი მომივიდა-ბარში დავბრუნდი. მწვერვალზე ასვლა ისევ ვერ შევძელი ,მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. ბედნიერი იმით,რომ ვიცი, ყველაფერი ვცადე,რისი გაკეთებაც შემეძლოო. იქნებ სწორედ ამაშია ბედნიერება- არა ასრულებულ ოცნებებში,არამედ იმის გაანალიზებაში ,რომ მის ასასრულებლად უკან არაფერზე დაგიხევია..