ოცდამეერთე წელიწადია, რაც ქართულ მიწაზე დავაბიჯებ. მინდოდა, მეთქვა, დავწანწალებ-მეთქი, მაგრამ, ჯერ-ჯერობით, ჩემი პაწაწინა მიგრაციების მშობლიურ ქალაქსა და დედაქალაქს შორის, ანდა თითო-ოროლა საზაფხულო ბანაკში ,,მოგზაურობის” აღსანიშნავად ამ სიტყვას ვერ გავაბიაბრუებდი. ჰოდა, ასე, დავაბიჯებ ქართულ მიწა-წყალზე, ვათვალიერებ ივენთებს ტურების შესახებ და ვწუწუნებ, ვწუწუნებ გაუთავებლად. ხან ჩემი ჯიბე ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს კონკრეტულ მომენტში, ხან სწავლისა და სამსახურის გამო დრო აღარ მრჩება. ვზივარ, ვათვალიერებ და ვამბობ:არდადეგებზე, სემესტრის ბოლოს, ერთ დღეს… ამ დღის დადგომას კი საშველი ვეღარ დავაყენე.შესავალი მხოლოდ იმისათვის გავაკეთე, რომ გცოდნოდათ, როგორი ცალმხრივი და ერთგვარად პლატონურია ჩემი გრძნობები მოგზაურობისადმი ამ ეტაპზე. თუმცა ვიცი, რომ უახლოეს მომავალში თუ ვერა, ცოტა მერემაინც შეიცვლება ჩვენი ,,ურთიერთობა”.
ახლა კი უბრალოდ მინდა, ცოტა რამ გიამბოთ ჩემი მშობლიური ქალაქის შესახებ. თერთმეტ წლამდე დედაქალაქს არ მოვშორებივარ, მერე კი უცბად ხელი მომკიდეს და სრულიად სხვა განზომილებაში გადავცხოვრდი. მე ჭიათურიდან ვარ. ,,შავი ქალაქის” უძღები შვილი ასე მაინც შევივსებ მონატრებას, რომელსაც საუნივერსიტეტო ცხოვრებამ მიმაჩვია და ვერც მიმაჩვია ბოლომდე.
ჩემი ნაწერი ვიკიპედიიდან გადმოღებულ მასალას რომ არ დაემსგავსოს , იმით დავიწყებ, რომ ჭიათურა უბრალოდ ლამაზია. გაგიჭირდებათ, არამარტო საქართველოში, რომელიმე სხვა ქვეყანაში მაინც იპოვოთ მსგავსი უნიკალური ლანდშაფტის მქონე ქალაქი. დედაქალაქიდან თუ მიემგზავრებით ზემო იმერეთში, ჯერ საჩხერის გავლა მოგიწევთ. გზის პაწაწინა მონაკვეთის გავლის მერე კი უკვე რუხ კლდეებში მიიწევთ. წინა საუკუნის ნაცრისფერით შემკობილი, გამოუძინებელი ადამიანის თვალებივით ჩამქრალი და დაქანცული, ამოშავებული, უფანჯრებო შენობები დაგხვდებიან პირველ მასპინძლებად. ამან არ უნდა დაგაფრთხოთ, მეგობრებო, განა ვინც ცხოვრებას დაუჩაგრავს, ან ბრწყინვალე გარეგნობით არ დაუჯილდოებია, გარიყვასა და დაწუნებას იმსახურებს? როგორც იტყვიან, წიგნი მხოლოდ ყდის მიხედვით როდი ფასდება, ბოლოსდაბოლოს, (ჩემი საყვარელი) კვაზიმოდო მაინც გაიხსენეთ! მოკლედ, ამ შენობებს რომ მოჰკრავთ თვალს, სწორედ იქ იწყება ჭიათურაც. რუხი კლდეების სიმკაცრე და ძველი დიდების ნანგრევების სრული კომპლექტი პირველად ნახვისას გაოცებასა და შიშნარევ მოკრძალებას ერთდროულად აღძრავს თქვენში.
ცოტაც და საბაგიროებიც გამოჩნდებიან. ჰო, მახსოვს, რომ უსულო საგანზე მრავლობით რიცხვში საუბრისას ზმნას მხოლობით რიცხვში ვიყენებთ, მაგრამ ენა არ მომიბრუნდება, აი, იმ საბაგიროებზე ისე რომ ვილაპარაკო, როგორც უსულო საგნებზე. არც ზედმეტად ვაპოეტურებ, არც რომანტიზებას ვცდილობ, უბრალოდ იმდენადასაკოვანია ეს საბაგიროები, იმდენად მრავლისმნახველი და იმდენად გამოცდილი, უნებურად პატივისცემის გრძნობას გინერგავს. ზოგი ჭიათურის ,,შავი ოქროს”, მანგანუმის გადასაზიდად გამოიყენება, ზოგიც _ მგზავრების გადასაყვანად. არ მოგჩვენებიათ, სწორედ ასეთი გაბედული ხალხითაა დასახლებული ჩემი პატარა ქალაქი. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ყოველდღე ჯდებოდე ტრანსპორტში, რომელმაც ნებისმიერ წამს შეიძლება გადაწყვიტოს სიცოცხლესთან გამოსალმება. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე კაბინების თავზე ,,სარეაბილიტაციო” საქმიანობისთვის შემოსკუპებული მამაკაცები, ყოველ ჯერზე ( თუმცა ეს სულ უფროდაუფრო იშვიათად მიწევს) მგზავრობისას თითქმის იმდენივე ადრენალინს გამოვყოფ, რამდენსაც მუშტაიდის პარკის ,,გემში” ჯდომისას. ეს უკანასკნელი, რომ გვარიანად მაფრთხობს ხოლმე, ამაზე, ალბათ, ჩემი მეგობრები უკეთ მოგიყვებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, საბაგიროები ჭიათურაში აზარტული და სარისკო ტრანსპორტია, ადგილობრივებისთვის კი უბრალოდ გადაადგილების მოსახერხებელი საშუალება.
საბაგიროებზე საუბრისას ასე მარტივად ვერ გამოვძვრები. ორი მათგანი პირდაპირ ჩემი სახლის წინ მოძრაობს. აივანზე ყავის ჭიქით დასკუპებულს არაერთხელ მიცქერია მათთვის. კლდის წვერზე არსებული დასახლების საპატივსაცემოდ, რომელსაც, სავარაუდოდ, ერთერთი მაღაროს რიგითობის აღსანიშნავად დაარქვეს არც 17 ან თუნდაც 66, არამედ ზუსტად და მაინცდამაინც ,,25”, საბაგიროსაც ,,25-ის საბაგიროდ” მოიხსენიებენ. მძიმედ, ასაკისგან გატეხილი მოხუცებივით ნელ-ნელა მიიწევენ ხოლმე ერთმანეთისკენ ურთიერთსაპირისპირო მხარეს მიმავალნი: ერთი ქალაქის ცენტრიდან იმ დასახლებისკენ, ერთიც იქიდან _ ქვემოთ. საკმაოდ მაღლა, ხვდებიან ერთმანეთს. პატარას მეჩვენებოდა, რომ გული სწყდებოდათ, ერთმანეთთან ,,გამოლაპარაკების” დრო ხომ არასოდეს ჰქონდათ. ნუ, რა არ მოუვა თავში ბავშვს, რომლის ყველაზე საყვარელი გასართობი კითხვაა და მეგობრებადაც მხოლოდ წიგნების პერსონაჟები ჰყავს? ბევრი, ბევრი რამ და თუ საშუალება მომეცა, ამაზეც გიამბობთ ოდესმე. ჰოდა ასე, გადაუფრენენ მდინარე ყვირილას და დროდადრო იქვე შეშდებიან, სადაც მოუწევთ ყოფნა ელექტროენერგიის გათიშვისას. ეს კი, ჩემი მოსწავლეობისას, იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ ის ლეგენდად ქცეული 90-იანებიც მახსენდებოდა ხოლმე. ჩემი აივნიდან იმ, მდინარის თავზე გამოკიდებულ და ჰაერში მოქანავე საბაგიროს კაბინაში მსხდომი ადამიანებისთვისაც მიცქერია ხოლმე და ნამდვილად არასდროს მდომებია მათ ადგილას ყოფნა.
ჭიათურა მხოლოდ საბაგიროები როდია. უბრალოდ ვერ დავმალე ჩემიგანსაკუთრებული გრძნობები მათდამი და საუბარსაც ამიტომ შევყევი. ქალაქი იმდენად პატარაა, რომ მეგობართან ერთად ერთსაათიანი სეირნობის შემდეგ ( სიარულის ტემპსაც გააჩნია) ხვდებით, რომ უკვე ყველგან იყავით, ყვირილაზე გადებული ყველა ხიდი შემოიარეთ და წრეზე ტრიალიც მოგბეზრდათ. მდინარე ქალაქს ორად ჰყოფს და ზემოდან მართლაც ულამაზეს ხედს ქმნის. მე ყველაზე მეტად ჩემი ქალაქი მაინც შემოდგომით მელამაზება ხოლმე. კლდეებზე სიმწვანე ჯერ ოქროსფრად იცვლება, მერე ჭრელდება, ბოლოს სულაც სიშიშვლე ანაცვლებს და ეს უკვე შემოდგომის სევდიანი ფინალია ხოლმე.
ჭიათურაზე წერისას, უბრალოდ უსამართლო ვიქნები, თუ კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერს არ მოვიხსენიებ. მართლმადიდებლური რელიგიის ამ ორი ბრწყინვალე ნავსაყუდელის ჩემს მხარეში ყოფნა შეიძლება, არ მეამაყებოდეს? ქალაქის ტერიტორიაზე დასახლებები ჯერ კიდევ მურვან-ყრუს შემოჭრის პერიოდიდან არსებობდა და, აკაკი წერეთლის წყალობით, 1879 წელს ოფიციალურად გაჩნდა ჭიათურა.
უფროსების გადმოცემით ვიცი, რომ ადრე ქალაქში ატრაქციონებიც ყოფილა, ახლა რომ ამომშრალი და დახავსებულია, ის აუზებიც ფუნცქიონირებდა და ზაფხულის ხვატში ბავშვებს გულს უხარებდა, ასაწონი ნაყინიც ბევრად იაფად და ასმაგად უფრო გემრიელი იყიდებოდა თურმე. ნაყინზე რამდენად მართალია, არ ვიცი და დანარჩენი რომ ნამდვილად არსებობდა, ამაში შეუიარაღებელი თვალით, ერთი ჩასეირნებითაც დარწმუნდებით. ეს უფროსი თაობის საბჭოთა კავშირისეული ტკბილი მოგონებებია. ამ მოგონებებს რომ აღვადგენ ხოლმე გონებაში და მერე ვუყურებ იმას, რაც რეალურადაა, გული მეწურება და სულაც აღარ მიკვირს, ასე რატომ ეტკბილებათ ,,დიადი “საბჭოთა კავშირი ძველებს.
ფინალისკენ მოვიტოვე ,,შავი ოქროს”ქალაქის გასაჭირზე საუბარი. გაჭირვებით კი ნამდვილად უჭირს ჩემს ქალაქს. ადგილობრივები ყოველდღე უყურებენ ,,შავი ოქროს” რეცხვით გაშავებულ მდინარეს, რომელსაც ზოგიერთები საყოფაცხოვრებო ნაგვითაც ,,ამდიდრებენ” ხოლმე, სუნთქავენ ჰაერს, რომელიც მანგანუმის მტვრით უფროა სავსე, ვიდრე ჟანგბადით და სვამენ წყალს, რომელიც იმავე მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვების გამო სიცოცხლისთვის საშიშია. ჰოდა, მე არ მიკვირს, რომ ქალაქის სილამაზეს ვეღარავინ ამჩნევს და არც არავინ იკლავს თავს მის კიდევ უფრო გასალამაზებლად.
ამის მიუხედავად, ტურისტები ხშირად გვსტუმრობენ. სიძველეებისა და თავგადასავლების მოყვარულებს სტუმართმოყვარულად უცქერენ ერთერთი შენობის კედელზე გაკეთებულიუკვე საკმაოდ შელახული მოზაიკიდან სტალინი და ლენინი. ქალაქის შესასვლელშივე შოთა რუსთაველი მკაცრი მზერით გვახსენებს, რომ ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი უნდა ვამჯობინოთ და ცენტრისკენ გვიჩვენებს გზას. სულ ეს იყო. უბრალოდ მინდოდა, გამეხსენებინა თქვენთვის, რომ სადღაც, დასავლეთ საქართველოს შუაგულში, პატარა იმერული სილამაზე მდებარეობს. და ერთხელ მაინც, რომ იმოგზაუროთ, მისდამი გულგრილად განწყობილი უკან ვერანაირად ვერ დაბრუნდებით. ჰოდა, ცხოვრებისაგან მართლაც დაჩაგრული და სიძველისგან დაბრძენებული, პატარა ქალაქი ჭიათურა,მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ერთერთი კლდის თავზე წამოჭიმული აბრა იუწყება, ჩემი სიამაყეა.