სათხეს სამონასტრო კომპლექსის ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. V-X საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანებების ხარისხისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ტაძრის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM – The International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property) ექსპერთა ჯგუფის რეკომენდაციებს დაექვემდებარება.
სათხის მონასტრის სარესტავრაციო მეთოდოლოგიისა და საკონსერვაციო სტრატეგიის შემუშავებას პროექტის მთელი მიმდინარეობისას იკრომის მიერ აღიარებული ექსპერტი სტეფანო ვოლტა უზრუნველყოფს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მას სხვადასხვა სირთულისა და მნიშვნელობის ძეგლებზე (მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ძეგლებზე) საკონსერვაციო/სარესტავრაციო პროექტების მომზადებისა და წარმართვის დიდი გამოცდილება აქვს.
მონასტრის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება, არქიტექტორულ-არქეოლოგიური ანაზომების შესაბამისობაში მოყვანას, ახლადაღმოჩენილი მასალის დამუშავებას და კონსტრუქციული გადაწყვეტის პროექტის მომზადებას დაეთმობა. მიმდინარე წელს გათვალისწინებული სამუშაოების მსვლელობისას გამაგრდება ძეგლის კონსტრუქციული წყობები და შემდგომი სარესტავრაციო ჩარევებისათვის მომზადდება მისი სტრუქტურული სეგმენტები. 2019 წელსვე დაიწყება ქვის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპიც. დასრულდება კედლის მხატვრობის დროებითი გამაგრების მე-2 ფაზა.
სათხეს რეაბილიტაციის პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელებულ სამუშაოებს უცხოელ ექსპერტთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, კომპანია „არ-ემ-ჯის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია, ბოლნისის ეპარქიისა და საზოგადოებრივი გაერთიანება “საყდრისის კომიტეტის” წარმომადგენლები მოინახულებენ.
* დაბა კაზრეთთან მდებარე სათხეს სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ერთობლივი ინიციატვით, სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „RMG“-ს დაფინანსებით უკვე მე-2 წელია მიმდინარეობს. სარესტავრაციო პროცესი ოთხ წელზეა გათვლილი, რომლის განმავლობაში კომპანია „არემჯი“ 480 000 ლარს გამოყოფს. პროექტი საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია „RMG“-ს შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც სათხეს სამონასტრო კომპლექსთან ერთად, ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის 4 წლიან პროგრამას მოიცავს და მილიონ 700 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს.
სარეაბილიტაციო პროცესის საწყის ეტაპზე გასუფთავდა ტაძართან მიმავალი გზის მონაკვეთი და მოეწყო დროებითი სამშენებლო-ინფრასტრუქტურელი ნაგებობები. ავთენტური ქვების მოძიების მიზნით, ტაძრის გარე და შიდა პერიმეტრზე არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ მოიხსნა მიწაყრილის 60- 130 სმ სიმაღლის ფენა. პროექტირების ეტაპზე მარკირებული 200 ზე მეტი ავთენტური ქვა დასაწყობდა. ახალადაღმოჩენილი ქვები კი აზომვებისა და ფოტოფიქსაციის შედეგად იდენტიფიცირდა და სარესტავრაციო გეგმაზე აისახა. ტაძარი სრულად გაიწმინდა ხე-მცენარეებისაგან და სათანადო მეთოდით დამუშავდა. დროებით კონსერვირდა კედლის მხატვრობის დღემდე შემორჩენილი ფრაგმენტები.
სათხის სამონასტრო კომპლექსზე დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუსაოებს კომპანია „ბაგინეთი +“ ახორციელებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ექსპერტი სტეფანო ვოლტა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე 2010 წლიდან მუშაობს და კონულტაციას უწევს ქართველ სპეციალისტებს შემდეგ ძეგლებზე: გელათის მონასტერი (მსოფლიო მეკვიდრეობის ძეგლი), ატენის სიონი, მეტეხის ტაძარი, ანჩისხატი, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი (მსოფლიო მემკვიდროების ძეგლი), ნიკორწმინდა.
სათხის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქვემო ქართლში დაბა კაზრეთიდან 4 კმ ში. ეკლესიის ირგვლივ მრავლად განირჩევა მშრალი წყობის ნამოსახლარების ნაშთები. ტაძარი წარმოადგენს ადგილობრივი ტუფის თლილი კვადრებით ნაგებ დარბაზული ტიპის ეკლესიას რომელიც მრავალშრიანია და მშენებლობისა და ხუროთმოძრვრულ-სივრცობრივი გადაწყვეტის სხვადასხვა ეტაპს ასახავს. ქრონოლოგიურად ტაძრის ჩრდილოეთი მინაშენი განეკუთვნება V-VI სს., რომლის კედლებში უხვადაა ჩართული და გამოყენებული იმავე პერიოდის ფერადოვანი ქვის სტელები. მთავარი, ცენტრალური ტაძარი X ს-ისაა. ტაძარი გამორჩეულია ორნამენტული პლასტიკით მორთული სარკმელებითა და მრავალფეროვანი ეპიგრაფიკული წარწერებით. სათხის ეკლესიის მდიდარი ჩუქურთმით შემკული ცნობილი კანკელი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.