„სასტუმრო სახლი შუნი”-ს მასპინძელი დართლოდან – გაიცანით თამრო იდოიძე

  • Home
  • ინტერვიუები
  • „სასტუმრო სახლი შუნი”-ს მასპინძელი დართლოდან – გაიცანით თამრო იდოიძე

არ ვფიქრობ რომ რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას მივაღწიე (ჯერ-ჯერობით), თუმცა მიხარია რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და ვფიქრობ, რომ თუ მთელს გულს და ენერგიას ჩადებ იმაში, რასაც აკეთებ შეუძლებელი არაფერია, მთავარია შრომის მოტივაცია გქონდეს ადამიანს და დღეს თუ რაღაც ისე არ არის, როგორც გინდა, ხვალ აუცილებლად იმაზე უკეთესად იქნება ვიდრე გეგმავდი - თამრო იდოიძე

სტატიაში გაიცნობთ თამრო იდოიძეს, რომელმაც ოჯახთან ერთად მამა-პაპისეულ მიწაზე, დართლოში შექმნა „სასტუმრო სახლი შუნი“. სივრცე მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, მთა და ბუნება. სასტუმრო სახლი გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით, საინტერესო სერვისებით, ულამაზესი დეკორაციებითა და ხედებით.

  1. მოგვიყევით თქვენს შესახებ (ვინ არის თამრო იდოიძე)?

მოგესალმებით, მე ვარ თამრო იდოიძე, 27 წლის თუშეთიდან და ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამაში გამიმართლა.

  1. რამ განაპირობა თქვენი ტურიზმის სფეროთი დაინტერესება?

ტურიზმით დაინტერესება თავისთავად მოვიდა, ბავშვობიდან  მუდმივად ვუყურებდი თუშეთით აღფრთოვანებულ ვიზიტორებს და ეს სფერო არ იყო ჩემთვის უცნობი, თუშეთის გზის გახსნიდან გზის დაკეტვამდე სულ დართლოში ვართ და შესაბამისად მუდმივად გვიწევდა მეც და ჩემს ოჯახსაც ტურისტებთან ურთიერთობა.

  1. როდის და როგორ გაჩნდა “სასტუმრო სახლი შუნის” დაარსების იდეა?

სასტუმროს გახსნის იდეა დაახლოებით 7 წლის წინ გაჩნდა. მთელს სეზონს დართლოში ვატარებთ ოჯახი და  ვიფიქრეთ რატომაც არა, გავაკეთოთ პატარა საოჯახო სასტუმრო და საბედნიეროდ, მოვახერხეთ ჩვენი იდეისთვის ფრთების შესხმა, თუმცა, რა თქმაუნდა ეს არ იყო ადვილი და დღემდე ვცდილობთ ყველა სეზონზე უკეთესი გავხადოთ ჩვენი სახლი ჩვენი სტუმრებისთვის.

  1. რატომ შეარჩიეთ სახელი “შუნი”?

სასტუმროს სახელი მამაჩემმა შეარჩია, „შუნი“ დედალი ჯიხვია და მოგეხსენებათ ჯიხვები თუშეთისთვის უცხო არ არის, ალბათ ამიტომ გადაწყვიტა ამ სახელის შერჩევა და ჩვენც დავთანხმდით.

  1. მოგვიყევით, სად მდებარეობს სასტუმრო სახლი და რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?

ჩვენი სასტუმრო სახლი თუშეთში, პირიქითის ხეობის სოფელ დართლოში მდებარეობს, რომელიც სოფელ-მუზეუმად არის გამოცხადებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

ჩვენს სტუმრებს ღამისთევას და კვებით მომსახურებას ვთავაზობთ, ასევე სურვილის შემთხვევაში ვეხმარებით საფეხმავლო თუ საცხენოსნო ტურების დაგეგმვაში და შეგვიძლია გიდობაც გავუწიოთ მათ.

  1. რითი გამოირჩევით სხვა სასტუმრო სახლებისაგან?

ჩემი მხრიდან უხერხული იქნება ალბათ ჩემი სახლის ქება, თუმცა, როგორც თვითონ სტუმრები აღნიშნავენ პირველ რიგში ჩვენი ეზო ხიბლავთ ხოლმე, უამრავი ყვავილითა და დეკორაციით. ასევე ბევრი აღნიშნავს, რომ ჩვენს სახლში სხვა მუხტი, სითბო და სიხალისე იგრძნობა, რაც ეხმარება ჩვენს სტუმრებს იყვნენ თავისუფლად და ისე იგრძნონ თავი, როგორც საკუთარ სახლებში. 

ზოგადად მე არ შემიძლია ხოლმე ძალიან ოფიციალური ურთიერთობები და ვცდილობ ყველასთან ისეთი ვიყო, როგორიც სინამდვილეში ვარ. ვფიქრობ უშუალობა და ადამიანური ურთიერთობების ნაკლებობაა საზოგადოებაში, რაც ჩვენთან არ იგრძნობა და რასაც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე ჩვენი სტუმრები, იშვიათად რომ მეგობრობა არ გავაგრძელოთ მათთან, რაც ძალიან მახარებს.

  1. რა გავლენა იქონია პანდემიის გავრცელებამ თქვენს ბიზნესზე?

წლევანდელ წელს და პანდემიას რაც შეეხება ყველასთვის რთული წელი იყო და არც ჩვენ არ ვყოფილვართ გამონაკლისი. უამრავი რეგულაციის დაცვა მოგვიწია, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე და მათ შორის პანდემიასაც ჰქონდა, შეიძლება ითქვას პანდემიამ ქართველებს საქართველო ანახა, არაერთი ისეთი სტუმარი გვყავდა, ვისაც მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი, თუმცა თუშეთი წელს მოინახულეს პირველად და რომ არა პანდემია ალბათ კიდევ დიდხანს არ მოინახულებდნენ არც თუშეთს და არც საქართველოს სხვა კუთხეებს, სიცილით ამბობდნენ ხოლმე კიდევ კაი პანდემიაა, თორემ თუშეთს ალბათ კარგა ხანი ვერ ვნახავდით და თურმე რა საოცრება ყოფილა და რამხელა სიამოვნებას ვაკლებდით თავსო.

  1. რას გეგმავთ სამომავლოდ?

სამომავლოდ ისევე როგორც ყველა სეზონზე ვგეგმავთ უკეთესი პირობები შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს და შევინარჩუნოთ ის ნიშა რისი დაკავებაც შევძელით წინა წლებში.

  1. და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა ეხმარება ადამიანს წარმატების მიღწევაში? 

არ ვფიქრობ რომ რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას მივაღწიე (ჯერ-ჯერობით), თუმცა მიხარია რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და ვფიქრობ, რომ თუ მთელს გულს და ენერგიას ჩადებ იმაში, რასაც აკეთებ შეუძლებელი არაფერია, მთავარია შრომის მოტივაცია გქონდეს ადამიანს და დღეს თუ რაღაც ისე არ არის, როგორც გინდა, ხვალ აუცილებლად იმაზე უკეთესად იქნება ვიდრე გეგმავდი.

 

ავტორი: სოფო უშხვანი

Tags: