სტატიაში შეიტყობთ სტეფანწმინდაში ახლადგახნილი ბუტიკური სტილის სასტუმროს შესახებ. სასტუმროს განსხვავებული დიზაინი – დიდი ვიტრაჟები და უხვად შემოსული სინათლე, ადგილმდებარეობა და მყუდრო გარემო თავს აქ ნამდვილად მშვიდად და სასურველ სტუმრად გაგრძნობინებთ.
1. მოგვიყევით თქვენ შესახებ:
სასტუმრო კრებული მდებარეობს დაბა სტეფანწმინდაში. Krebuli არის ბუტიკური სტილის, კონცეპტუალური სასტუმრო, ორიენტირებული სტუმრის კომფორტზე. ჩვენ ვცდილობთ, დამსვენებელს შევუქმნათ სასიამოვნო, მყუდრო და უსაფრთხო გარემო. სასტუმროს ეზოში მდებარეობს კაფეტერია, რომელიც სტუმარს სთავაზობს ჯანსაღ და გემრიელ კერძებს. ჩვენი კერძები მზადდება ადგილობრივი ინგრედიენტებით, ჯანსაღი პროდუქტით, სეზონური, ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით. ასევე, სტუმრებს, შეუძლიათ, დააგემოვნონ ქართული, მცირე წარმოების ალკოჰოლური სასმელები, რომლის გასინჯვაც საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე ადგილას არის შესაძლებელი.
2. როგორ გაჩნდა სასტუმროს დაარსების იდეა და რამდენი ხანია რაც ფუნქციონირებს?
ჩვენს ოჯახში ყველას ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, საინტერესო ქვეყნების და ქალაქების მონახულება, კულტურული ღირშესანიშნაობების დათვალიერება, ეგზოტიკური ადგილების აღმოჩენა, უცხო კერძების დაგემოვნება. გადავწყვიტეთ, ჩვენი პირადი გამოცდილებებით,დაგროვილი ცოდნით გაგვეკეთებინა ისეთი სასტუმრო, რომელსაც ექნებოდა თავისი ხელწერა და, ამავდროულად, იქნებოდა დამსვენებელზე ორიენტირებული.
სასტუმრო მშენებლობა დავიწყეთ 2019 წლის აგვისტოს თვეში და, მიუხედავად, უამრავი დაბრკოლებისა, შევძელით, გაგვეხსნა 2020 წლის ივლისში.
3. როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ტურიზმის სფეროში. ყველაზე მეტად რა გეხმარებოდათ და რა გიშლიდათ ხელს ბიზნესის წამოწყებაში?
როგორც უკვე გითხარით, ამ სფეროში ჩვენი გამოცდილება იყო მხოლოდ ჩვენი სიყვარული მოგზაურობის მიმართ, სურვილი ჩვენი შთაბეჭდილებების გაერთიანებისა და სასტუმროს გაკეთების. დღეს უკვე 4 თვეა გასული, რაც Krebuli გაიხსნა და ყოველდღიურად ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ მართვის და მენჯმენტის კუთხით.
პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობრები და ახლობლები. მათ გარეშე რთული იქნებოდა ჩვენი გეგმების განხორციელება. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურადაც კი შრომობდა. ჩვენ ერთად ავაშენეთ ეს სასტუმრო, ერთად ჩავასხით საძირკველი, ერთად შევღებეთ კედლები და ეზოში ბალახიც კი ჩვენი ხელით დავაგეთ.
ყველაზე რთული გამოწვევა იყო და დღემდე რჩება, რა თქმა უნდა, პანდემია. ვფიქრობთ, Covid 19-მა ტურიზმის სფეროში გამოცდილ, დიდ და პატარა სასტუმროებს შეუქმნა აუნაზღაურებელი ზარალი. მითუმეტეს, ჩვენთვის, დამწყები სასტუმროსთვის კიდევ უფრო რთულია ეს პერიოდი. თუმცა, ვცდილობთ, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ვიზრუნოთ განვითარებაზე და შევინარჩუნოთ ხარისხი.
სასტუმროს მშენებლობის პროცესში, განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ–ერთ მნიშვნელოვან, ხელისშემშლელ ფაქტორს – უმეტესი ხელოსნების და მუშების არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას საქმისადმი და მათ არაპროფესიონალიზმს. მსგავსი შემთხვევები ხელს გვიშლიდა დროულად და ხარისხიანად გამოსულიყო საქმე. აუცილებელია, ხელოსნებთან ურთიერთობა რეგულირდებოდეს შრომითი ხელშეკრულებით და დაცული იყოს მათი და, ამასთანავე, მომხმარებლის/დამკვეთის უფლებები.
4. მოგვიყევით სასტუმროს შესახებ – სად მდებარეობს, რას მოიცავს და რა დამატებით სერვის/პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს გარდა განთავსებისა?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასტუმრო Krebuli მდებარეობს სტეფანწმინდაში. ჩვენთან მოსულ სტუმარს ვთავაზობთ სასიამოვნო და მყუდრო გარემოს, დიდ, ნათელ ოთახებს საძინებლით და მოსასვენებელი სივრცით. Krebuli- ის სასურველი სტუმრები არიან შინაური ცხოველები. სასტუმროს ეზოში არის კაფეტერია, სადაც სტუმარს შეუძლია, შეუკვეთოს უგემრიელესი კერძები, ჯანსაღი საუზმე, ადგილობრივი ხინკალი და ხაბიზგინა, დააგემოვნოს მცირე წარმოების ქართული ალკოჰოლური ბრენდი.
მრავალფეროვანი, აქტიური დასვენების მოყვარულებს ვთავაზობთ ტურებს ადგილობრივი ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად, პარაპლანით ფრენასა და ცხენით ჯირითს. ზამთარში, როგორც კი ტრასები გაიხსნება, თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის გვექნება მინივენის მომსახურება კობის საბაგირომდე და უკან.
5. როგორია “Krebuli”-ის დიზაინი და რატომ?
ეს ის კითხვაა, რომელზეც შემიძლია, ძალიან ბევრი ვისაუბრო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა არაჩვეულებრივი დიზაინერები – Jacopo Saleri და ნია მგალობლიშვილი. ისინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვეხმარებოდნენ, გვირჩევდნენ და გვამხნევებდნენ. თავდაპირველად, როცა მათთან, DesignBureau-ში მივედით არ ვიცოდით ზუსტად რა გვინდოდა. ერთადერთი თხოვნა იყო, რომ ოთახები ყოფილიყო სადა, კომფორტული და განსხვავებული რეგიონში არსებული, სხვა ლამაზი სასტუმროებისგან.
ძალიან მალე იაკობომ და იამ ჩაგვაბარეს არაჩვეულებრივი პროექტი, რომელშიც მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო ხარისხიან მასალაზე და სივრცის განათებაზე. სამწუხაროდ, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, ბოლომდე ერთგულად ვერ შევასრულეთ მათი პროექტი. მაგრამ ვეცადეთ, მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო ჩანაფიქრთან და აუცილებლად გავაკეთებთ აბსოლუტურად მსგავსს სამომავლოდ.
ჩვენს ოთახებს აქვს დიდი ვიტრაჟები და მთელი დღე ოთახს ანათებს ბუნებრივი შუქი, მაგრამ მოსაღამოვების მერე, სტუმარს შეუძლია, სივრცის სხვადასხვა ტიპის განათებით თავად შეიქმნას ოთახში სიმყუდროვე. საცხოვრებელ სივრცეში გათვლილია ყველა დეტალი, მაგალითად: პატარა თარო საძინებლის თავზე, როზეტი საწოლზე და ტახტის გვერდით, განათება სააბაზანოს ჯიბესთან და ბევრი მსგავსი პატარა ნიუანსი, რომელიც დამსვენებელს უქმნის კომფორტს. სტუმრის მშვიდ და სუფთა გარემოს მოსაწყობად კედლებზე გამოვიყენეთ კაპაროლის თეთრი ფერის ერთ–ერთი გრადაცია. სააბაზანო გაკეთებულია მშვიდი, უპრეტენზიო ქვისფერი მეტლახით.
კრებულის თითოეული ოთახის კედელს გვიხატავენ ქართველი ახალგაზრდა ხელოვანები. ეს მიმართულებაც ეხმიანება ჩვენი სასტუმროს კონცეფციას, ახალგზარდა არტისტების ნიმუშების ერთგვარი, არატრადიციული ფორმით გამოფენა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაცია.
6. როგორ შეურჩიეთ სასტუმროს სახელი “Krebuli” და რა იდეის მატარებელია?
მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ბევრი ქართველი მოაზროვნე სწავლობდა რუსეთში. უკან დაბრუნებულებს დარიალის ხეობა უნდა გაევლოთ, ამიტომ მათ ზედმეტსახელად “თერგდალეულებს” ეძახდნენ. გარდა ამისა, „თერგდალეულები“ იყო პოლიტიკურ–ლიტერატურული, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა. მათი ერთ–ერთი ჟურნალი იყო სწორედ „კრებული“. ჩვენი სასტუმრო ისე ახლოს არის მდინარე თერგთან, რომ „თერგდალეულების“ ისტორიას გულგრილად ვერ ჩავუვლიდით, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სახელწოდებად Krebuli.
გარდა ამისა, გვსურს, ჩვენი სასტუმრო გახდეს ჩვენი დამსვენებლების შეკრების ადგილი და სწორედ აქ შეაგროვონ მათ მოგონებების, ლამაზი დღეების, საინტერესო გამოცდილებების კრებული.
7. რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ კონკურენტიუნარიანები იყოთ ბაზარზე?
ჩვენი სასტუმროს დამსვენებელი ჩვენთვის არის სტუმარი, რომელიც ჩვენთან მოდის სახლში, ამიტომ ვცდილობთ, ყველანაირად კომფორტულად იგრძნოს თავი და ისიამოვნოს. ეს განწყობა გვეხმარება, ყოველთვის სათანადოდ მომზადებულები დავხვდეთ მათ, გავითვალისწინოთ მათი რჩევები და ვიზრუნოთ მომსახურების ხარისხზე.
გარდა ამისა, ყოველდღიურად ვზრუნავთ განვითარებაზე და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებაზე.
8. მიმდინარე მოვლენები (პანდემიის პერიოდი) როგორ აისახა თქვენს ბიზნესზე?
ძალიან რთული პერიოდია ყველასთვის. ერთ–ერთი სფერო, რომელსაც ამ ვითარებამ განსაკუთრებით დაარტყა არის ტურიზმი. ვირუსის გავრცელება, საზღვრების ჩაკეტვა, პროდუქტზე ფასების ზრდა ძალიან უშლის ხელს ბიზნესის განვითარებას. ვცდილობთ, გავუძლოთ ამ გამოწვევას და როცა ყველაფერი გადაივლის, გამარჯვებულები გამოვიდეთ ამ ბრძოლაში.
9. როგორი მოლოდინები გაქვთ უახლოესი მომავლისგან?
ჩვენ ოპტიმისტურად ვიუყურებთ მომავალს. ყოველდღიურად ვზრუნავთ სასტუმროს განვითარებაზე. მთავარია, ამ რთულმა პერიოდმა გადაიაროს. მომავალი წლის გაზაფხული–ზაფხულის პერიოდისთვის იმედია, უკვე გახსნილი იქნება საზღვრები, რომ უცხოელი ტურისტიც მივიღოით და ქართველმა დამსვენებელმაც უფრო თამამად იმოგზაუროს.
10. რომელი პიროვნული თვისებები გეხმარებათ საქმის წარმატებით აწყობაში?
ვფიქრობ, მთავარი მაინც შრომისმოყვარეობაა. აუცილებელია, გიყვარდეს და უერთგულო საქმეს, რომელსაც წამოიწყებ. საჭიროა, შეგეძლოს, რიგ შემთხვევაში რისკის გაწევა და ყველა წინააღმდეგობის, ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად, კეთილსინდისიერების შენარჩუნება.
11. და ბოლოს, რა არის თქვენი დევიზი?
„მოძრაობა და მარტო მოძრაობა…“ რუსეთიდან სტეფანწმინდაში ჩამოსული ილია ჭავჭავაძის ფრაზა „მგზავრის წერილებიდან“.
ავტორი: მარიამ სვანიძე