კლდის ძეგლების კონსერვაციისა და მართვის გეგმების დახვეწის პროცესში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პეტრას არქიტექტურული კომპლექსის რესტავრაციისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მაგალითზე იხელმძღვანელებს. იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტად მყოფი სააგენტო წარმომადგენლობითი ჯგუფი დღეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფ უნიკალურ კომპლექსს სტუმრობდა, სადაც იორდანიის ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტის ხელშეწყობით დეტალურად გაეცნო პეტრას საკონსერვაციო მეთოდოლოგიისა და საიტის მართვის სპეციფიკაციებს. კულტურული მემკვიდრეობის საიტის მართვის გამოცდილებების გაცვლის პროცესი მხარეთა შორის სამომავლოდაც გაგრძელდება. მიმდინარე წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პეტრას განვითარებისა და ტურიზმის რეგიონალურ სამმართველოსთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, რომელიც ორმხრივი ურთიერთობის დონეზე გაცვლითი სატრენინგო პროგრამების ამოქმედებას მოიცავს. მხარეთა პარტნიორობის დეტალები სააგენტოს გენერალურ დირექტოს – ნიკოლოზ ანთიძესა და პეტრას ვიზიტორთა ცენტრისა და მუზეუმის დირექტორს – იბრაჰიმ ალ-ფარაჯას შორის შემდგარ საქმიან შეხვედრაზე შეთანხმდა. ქვაში ნაკვეთი არქეოლოგიურ – ისტორიული ქალაქის (პეტრას)სარეაბილიტაციო პროცესებში ჩართულ სამეცნიერო ჯგუფთან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ხანგრძლივი ურთიერთობის გამოცდილება აქვს. პეტრას კონსერვაციაზე მომუშავე სპეციალისტების გუნდი, რომელსაც ფლორენციის უნივერისტეტის პროფესორი კლაუდიო მარგოტინი ხელმძღვანელობს, მე 4 წელია ვარძიის კლდოვანი მასივების კონსოლიდაციისა და გამაგრების პროგრამას უძღვება. მათივე ჩართულობით განხორციელდება დავით გარეჯის კომპლექსის პრობლემური ძეგლების კონსერვაციის პროექტიც.
იორდანიაში ქართული კერების მოძიების შესაძლებლობებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი 1 კვირიანი ვიზიტის ფარგლებში განიხილავს. იორდანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები უკვე გამართა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტის გენერალურ მდივანთან- იაზი დელაიანთან. მხარეებს შორის დარგობრივი მოლაპარაკებები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის პლატფორმის შემუშავებას ისახავს მიზნად. უძრავი ძეგლების დაცვისა და არქეოლოგიის მიმართულებით სამომავლო პარტნიორობასთან ერთად, განსახილველი თემები შეეხება სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტებს, სიძველეების დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. * უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე რელიგიური და ისტორიული კვალის სამეცნიერო შესწავლა სააგენტოს ახალ სტრატეგიულ მიმართულებად ყალიბდება. კვლევითი სამუშაოები მიმდინარე წელს იორდანიის სამეფოსთან ერთად ისრაელშიც წარიმართება, სადაც ქ. იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლას ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფები განახორციელებენ.
წყარო: კულტურული მემკვიდრეობა