საქართველოს სიძველეთა არქივი – ათენგენობის ღამე

  • Home
  • ბლოგები
  • საქართველოს სიძველეთა არქივი – ათენგენობის ღამე

ხევსურეთისკენ  ცხრა საათიანი გზა- წამიერად იქცა. აქ, მგონი დროებიც არეულია, სეზონებიც.

ასკილი ყვაოდა, შინდი შემოდიოდა. ივლისის ბოლოს.

მეთქი სალოცავებია, ნიშები, მაგრამ საყდარი და მღვდელი არ. მეთქი კოპალა და იახსარ, სამძიმარის და მზექალას, აშექალის გამოსახსნელად სულეთს ჩასულან, მეთქი დევების დედას არ მიუვა ჩვენი სული, მეთქი.

გუდანი, ხახმატი, ბარისახო – ყველგან ზარებიანი ნიშები, ასწლოვანი ხეებით შებურულები, შესვლა აკრძალულია, ქალის ფეხი არ ვნახოთ აქ დადგმული.

ერთი მოსახვევიც და უეცრად, არწივის ბუდესავითა, გამოჩნდა კლდეებზე გადმოკიდებული ციხე-ქალაქი, ციხე-სიმაგრე, კოშკებიანი და ბანიანი, ავნებიანი და სათოფურებიანი, მკაცრი და ჩუმი, დაყრუებული დედაბერივით კერასთან მიმჯდარი – შატილი.

– შატილის ასული გავხდი – ასე უპასუხა შეყვარებულს, ერთმა გოგომ ხევსურეთის ტურიდან.

ქვაზე წინაანბანური წერაქვული დამწერლობაა, მე ვკითხულობ: ორი ხელი ეს უფალია, ძე და მამა, შუაში ჩიტი სულიწმინდა, ფარდაგს დაბრძანებული ამომავალი მზის სხივები  დედა ღვთისაა, ცხენზე მჯდარი ადამიანი ეს ამათი წმინდა გიორგია.

ერთ კოშკზე კი, ჭინჭარაულებისაა, დაბალი კარის გვერდით,თითქოს ისარია მოზიდული, გადაუღებ ფოტოს, დააკვირდები და ცხენიანი კაცია, სულეთის ცხენია თუ მთა-ჭიუხს მავალი, ვინ იცის.

ესეც შატილის წიგნი, იქ კითხვას არაფერი სჯობს, იქ მთელი წიგნი გადაშლილია და ანბანი ბუნების დამწერლობაა და ბუნება ხომ უფალს ჰქვია, აქაურად, მთის ენაზე.

გადავძვერით სახურავებიან, ბანიან ქუჩებზე, კარ-კარ – ყველგან სიჩუმე, ჩასაფრება, შიში.

დაბალი ჭერი, დაბალი შესასვლელი, აქ თავის აწევა და წელში გამართვა არ იქნება, აქ ხის კიბეები და ბანები არის უმოაჯირო, აქ დაყრდნობა და ხელისმოჭიდება არ იქნება.

გავხედე, სალოცავი ზარით ხეებში შებურული,

ქვევით ძველი დაშლილი კოშკები და ორი არაგვი მთიდან მონადენი და ჩეჩნეთს გადამავალი.

ორი სხვადასხვა მდინარება, მიმართულება.

საფლავები ნაშენი თლილი კლდეების ნაშალით და თეთრი ქვებით.

 -თეთრი ქვების საიდუმლო გაიგეთ? – ცისფერთვალება, წითელთმიანი ქალია.

თურმე, უშვილ-ძიროდ გადაგებულებს, ბავშვიან-ქალიანა, მოხუცი თუ ყრმა, თუ გარდაიცვლებოდა, თეთრ ქვას დაადგავდნენ.

ამ სითეთრით ვისთვის მონიშნავდნენ?!

კოშკში, როგორც იქ დაბადებული, ისე მოვეწყვე და მოულოდნელად ამოდის მამაო, ნაკურთხი წყალით აპკურებს კედლებს.

ასეთია ჩვეულებაო.

ხვალ ათენგენობააო.

მესამე საუკუნის წმინდანის დღესასწაული, ხევსურების მთავარი დღეობა. ათ მოციქულთან ერთად ნაწამები ათანგენის სახელობისა.

მამა თომა და მამა კონსტანტინე 30 წლამდე იქნებიან, საღამოს პარაკლისი გადაგვიხადეს, ზეთი გვცხეს, დაგვმოძღვრეს, შატილი არ დაივიწყოთო, ორივე პატარა ბავშვებ-შვილებიანები.
პარაკლისის შემდეგ მასპინძლის ჭინჭარაულის კერაზე, მწვადების და ხინკლის ოხშივარმა მიგვიტყუა. ორი მგლის მსგავსი ძაღლი გვდარაჯობდა, მშვიდები, სტუმართმოყვარეები.
აფხაზეთშიც წაგიყვანთო, ჩვენმა მძღოლმა ჯონიმ, – ოჩამჩირეშიო.
იმღერა გაგრელმა მამაკაცმა ვარადა, აფხაზურად, იმღერა და მთელი სულიც ამოაყოლა.
-მალე გენახოს საქართველსო მთა-ბარი გაერთიანებული.

აჰა, მაშ მხოლოდ ნიშებია და სალოცავებია და ეკლესიები არ არის?!

ესეც პირველი სასწაული ხევსურეთისა.

ღამე ვარსკვლავიანი იყო, მთვარე არ გამოჩენილა, იმ იმედით გავიღვიძეთ მზის ამოსვლას ვუყურებთ და გადავიღებთ.

მზე ჯერ ნიშს დაადგა და მერე მოედო ბანებსაც.

ცეცხლი წაუკიდესო, მეგონა მთის მწვერვალებს.

შატილს ჩრდილი დაეცა და მერეღა ამოიწვერა მზე.

-მთის არწივი ვიყავი და საკუთარ თავს ზევიდან დავფრინავდი – ეს მან თქვა, ჩემს გვერდით რომ ეძინა კოშკში, თანაკოშკელმა, წყალსა და ხმელეთს ხო წარმატებით ლაშქრავდა და ახლა ზეცისკენ გაიჭრა, მართალია სიზმრად, მაგრამ მაინც. დილის ხუთ საათზე.
ხევსურები არწივს არაფრით არ მოჰკლავდნენ, ხევსურები არწივს ღვთის ქათამს ეძახდნენ.

შატილი ერთი მთლიანი ნაგებობაა, როგორც თემის და გვარის ერთსულოვნება. ეს მთლიანობა იდგა მზეში დიდებულად გაბრწყინებული და მის ბნელ ქვის შუკებში კი ფატიმას სიყვარული წკრიალებდა.

ჩრდილების ქალაქი.

მესმის ახლა ეს სიმღერა, მესმის კი არადა, ვხედავ. ამ ფატიმასაც, მის სილამაზესაც და იმ ვაჟის სიმღერასაც ვუსმენ გულისგულით.

– წყაროზე ნუ ჩახვალ, მოგიტაცს ლამაზო, მგლისმუხლა ჩეჩენი.-სათოფურებიდან იზვერება კატის თვალით და ვეფხის გულოვანებით შეყვარებული მამრი ხევსური.

მუცომდე ერთი საათი ტრანსპორტით, მერე ორი საათი ფეხით.

გზად, თუ რამე გამაკვირვებდა, ბუნებას ვგულისხმობ, აღარ მეგონა, მაგრამ ჯერ თურმე სად ხარ.

არ ვიცი, ასეთი კლდეები, ქვაბულები რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა დალი კლდეში მშობიარობს, დევების ნასახლარზეც ამოდის ჭინჭარი თურმე.

ერთობლიობაა აქ, მიწისა და ცისა. ბოროტისა და კეთილისა, სიკვდილ-სიცოცხლისა. ჯერ სიკვდილისა, მერე სიცოცხლისა.

არ ვიცი, მუცო რომელ სიზმარს შევადარო.

– არანორმალურების ადგილია, ალბათ უცხოპლანეტელების ბიძაშვილები სახლობდნენ, ან მარსელების საზაფხულო რეზიდენცია იყო – ესეც მე ვარ.

რა ძალას ავყავდი არ ვიცი.

სტუმართმოყვარეა მუცო, თუმცა გარეგნობა აქვს პირქუში, ეტყობა აზრების გამომცნობია, მოყვარეს მოყვრუად ხვდება ან კიდევ მისთვის სტუმარი უზენაესი არსებაა.

აღმატებული, აწვდენილი, აღმართული, აშოლტილი, აშხვართული, აზიმატი, ანგელოზი, ალავერდი.

ზე.

გავივაკეთ და სევდიანი ორი შუკუმა.

ერთს დიდი ქვა ჰქონდა აფარებული, პატარა ხის ნერგი ამოსვლოდა ზედ.

გვერდით კი მეორე პატარა სამარე-ძვალთშესალაგი.

აქ, ისეთ ავადმყოფებს ამყოფებდნენ, გადადებულებს, რომლებსაც საშიში სენი ეწვეოდათ ხოლმე.

აქ ელოდებოდნენ სულთა მეუფეს.

აქ ეხვეწებოდნენ ახლა, გამამაცხადე სამზესაო, მალაპარაკე ამათთანაო.

ავედით, ავედით პირველი კოშკი, პირველი სახლი, წასულან მუცოელები, უფრო მაღალი მწვერვალები, ცად აზიდული, თუ უკვე ზეცის კარი გაუხსნიათ. დაუგდიათ ასე ნაშენი სამოსახლო.

აღარც ერთი სახლის ანგელოზი აღარ მოსჩანს.

დაშლილია და ჭერახდილი მთელი ქალაქი. მეომართა და გმირთა ალაგი.

ვხედავ რაღაც უცნაურ კოშკს, მორღვეულს, გვერდულად მდგარს.

ჰგავს მამაკაცს, მთიელს, მრისხანე სახით და თვალებში კი ბზარის ცრემლებით.

გზაც კი ამებნა, უკან ჩამოსვლა გადავწვიტე.

გადავიარე საცალფეხო კლდის შვერილები. ქვევით ჩახედვა და მიზიდულობით ეს ხეობა ლუკმად გაქცევს. მთა არც ერთ შეცდომას არ გპატიობს, აქ ერთადაა სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. აქ ერთადაა ღმერთიც და წარმართული რწმენაც. აქ ქალიც მეომარია და კაციც.

და რა გასაკვირია ხოგაის მინდიების ქვეყანაში, ყველაფერი ერთმანეთს რომ ეპასუხება, ნიშნებით და სიმბოლოებით, და რა არის გასაკვირი, თუ სასწაულში აღმოჩნდები?!

-აფხაზეთის მთები მეტად უფრო ავისმომასწავებელია, იქ კაცის ფეხი არ მოეკიდებაო. – გაგრელმა ქართველმა გვითხრა.

ბოლო კოშკამდე, სალოცავია. ულამაზესი ჯვარცმის ხატით.

დაუჩოქებ და დიდება უფალს, და მერე კიდევ ერთი ნიშია. ჯიხვის თავით და რქებით, საჯიხვე ჰქვია. ეს დალის სალოცავია.

მონადირეებს და ჯიხვების მეზობლებს, ნადირთმფარველ დალის მეხოტბეებს, ამირანის გამზრდელ სულკალმახის შთამომავლებს, დიადი უფალის გვერდით შემოუნახავთ საჯიხვე.

აი, ბოლო კოშკში კი ყველაზე ძვირფას ადამიანს ამყოფებდნენ. ცოლს, ან ასულს ან მოხუც ბერიკაცს, რომელსაც მამასახლისის ფუნქცია ჰქონდა და როგორც აღსარებების ჩამბარებელს, ყველა საქმეს მას დაეკითხებოდნენ, ხოლმე

ობლობით ამაიზარდა თორღვა ძაგანის გვარიო,
ამაეს ამაიყოლა ნავთი და ნაკვერცხალიო.
იორში ამაიჩქვიფა, შორით ვინ უგა თვალიო.

-თურმე, ხევსურეთში ქალი თუ უკანონოდ ბავშვს გააჩენდა, დედა-შვილი თემისგან სასტიკ განაჩენს მიიღებდა და ორივეს ჩაქოლავდნენ.
სისხლისაღებაც და სხვა ადათებიც ბუნებასავით მკაცრი იყო და ხშირად, ალუდა ქეთელაურის და ხოგაის მინდის მსგავსი სულიერების ადამიანები ეწირებოდნენ ამ წარმართულ წესებს.

და დალის გამოქვაბულებს რომ გამოვცდით გამოჩნდა ჩვენი შატილი, და რას ვხედავთ ხატობას მოსულან და ლუდიც მოუხარშავთ, საკლავიც დაუკლავთ.

სანამ კოშკში ავალთ და ბარგს შევკრავთ, ბალღები, პატარა ხევსურები, გამორბიან და ახმაურებენ შატილს –

–  წამო ჩვენ კოშკში, – ქერა ბიჭუნა ჩამორბის.

ლუდით დაგვილოცეთ კერა. ქადები მიირთვით.

მამა თომა და მამა კონსტანტინე საღამოს ექვსზე ლოცვას დააპირებენ, მშენებარე ეკლესიასთან.

შატილი ივსება ნელ-ნელა ფანდურიან და გარმონიანი ადამიანებით, ჩვენ მივდივართ და ვამბობთ, რომ აუცილებლად დავბრუნდებით.

გზაზე გვხდებიან უამრავი ჭინჭარაულები, დაიაურები, ჯალაბაურები, ზვიადაურები.

მიიჩქარიან ჯალაბობით, შატილს,  წინაპრების მოსანახულებლად.

–   მენატრება მუცო – თავისთავად გამირბის ფიქრი.

ჭინჭარაულებს და ჯალაბაურებს დავემშვიდობეთ.

მწვერვალებზე ჩამოშლილ ნასახლარებს, ნასოფლარებსდა ძველ ციხე-კოშკებს ხელი დავუქნიეთ –

ესეც ქართული სიზმარ-ცხადი.

სიყვარულით თქვენი მზია ბათარეკას ასული