გაინტერესებთ სად მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული ყველა სახის გეოლოგიური სამუშაოების შესახებ?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყანაში არსებული ინფორმაციული ფონდები, რომელიც სასარგებლო წიაღისეულს შეეხება, ერთ ციფრულ პლატფორმაზე გააერთიანა – https://nam-geofund.archival-services.gov.ge/
ვებ-გვერდზე ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით, რეგიონების, მუნიციპალიტეტების და რესურსების მიხედვით.
მოცემული საიტი წარმოადგენს ერთიანი სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის ელექტრონულ ვერსიას, სადაც დაცულია ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ყველა სახის გეოლოგიური სამუშაოების შესახებ, მათ შორის:
\1. გეოლოგიური აგეგმვა;
2. საინჟირო გეოლოგია;
3. ჰიდროგეოლოგია;
4. გეოლოგიური ანგარიშები საბადოებისა და გამოვლინებების შესახებ;
5. გეოფიზიკური და გეოქიმიური შესწავლილობის ანგარიშები.
ამ საიტის მეშვეობით შესაძლებლობა გვეძლევა მოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო გეოლოგიური ანგარიშები სასურველი თემატიკის მიხედვით (ზემოთ ჩამოთვლილი თემატიკიდან);
ასევე გვაქვს საშუალება საქართველოს მასშტაბით გავფილტროთ მონაცემები რეგიონების, მუნიციპალიტეტებისა და რესურსების მიხედვით;
სათითაო ანგარიში შედგება გრაფიკული და ტექსტური ნაწილისაგან, ასევე ოქმის, პასპორტის, კატალოგის და სხვა დანართებისაგან, რომელთა ფილტრაცია ასევეა შესაძლებელი საიტზე მოცემული ფანჯრების მეშვეობით.
ვინაიდან გეოლოგიური ფონდური მასალები არის შედგენილი ძირითადად რუსულ ენაზე და საძიებო სისტემაც (კარტოტეკა) რუსულენოვანია, მისი გაქართულება წარმოქმნის მნიშვნელოვან პრობლემას პროგრამის საძიებო სისტემაში. აქედან გამომდინარე ვებგვერდზე ინფორმაცია მოცემულია რუსულ ენაზე.
წყარო: წიაღის ეროვნული სააგენტო