პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე გამოიფინა ის წიგნები, რომლითაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ მწერლებს, რომლებიც ქმნიან ქართულ კულტურას, ქმნიან მის დღევანდელობას და განაპირობებენ ერის სულიერ განვითარებას.
“ჩვენ დღევანდელი დღით ვეცადეთ, რომ ფრანკფურტის ფესტივალის ემოციისათვის, რომელიც მსოფლიოს წინაშე საკუთარი სამშობლოს წარმოჩენის ემოციაა – შეგვექმნა გარკვეული წინაპირობა. ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა პოლიტიკური თვალსაზრისითაც. მე მასში პოლიტიკურ კონტექსტსაც ვხედავ. ჩვენი კულტურის უნიკალურობის ჩვენება გარდა იმისა, რომ სიამაყის ნიშანია, პოლიტიკურად ამ ქვეყნის დაცულობისა და განვითარების საფუძველია.
ჩვენ ამით მსოფლიოს ვანახებთ, რომ ჩვენ ვართ წიგნიერი ერი, რომელსაც საკუთარი დამწერლობა გააჩნია. გააჩნია ამოუწურავი მრავალფეროვანი მწერლობა და ეს კულტურა არ გამქრალა საუკუნეების განმავლობაში ამ ურთულეს რეგიონში. ჩვენ თანამედროვეობაში ვქმნით მომავლის საფუძვლებს. ქართული მწერლობის ეს ელჩობა არის ჩვენება იმისა, რომ ქართველი არ არის დამპყრობელი, აგრესორი, კრიმინალი, არამედ არის კულტურის მატარებელი, თავისი იდენტობისათვის გმირულად მებრძოლი ერი. ჩვენი გადარჩენა ძირითადად ამაზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ასევე იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ფესტივალისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში. ხაზგასმით აღნიშნა, წიგნის ეროვნული ცენტრის როლი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზების საქმეში, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. საქართველოს პრეზიდენტმა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი ქართული ლიტერატურის განვითარებისა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის დააჯილდოვა და ჯილდო პირადად გადასცა.
ცენტრმა კონკურსის გზით უზრუნველყო პროექტის ძირითადი კონცეფციის შექმნა, რომელიც ეფუძნება ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და ზოგადად დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებს, პერსონაჟებს. ანბანით მოთხრობილი საქართველო / Georgia Made by Characters – კონცეფცია მარკეტინგულმა კომპანიამ connect შექმნა, რომლის ტექსტის ავტორი თანამედროვე მწერალი აკა მორჩილაძეა, ხოლო ბრენდინგი გია ბოხუას, კახა კახაძეს და თაკო ჭაბუკიანს ეკუთვნის.
კონცეფციის იდეის მიხედვით ცენტრისა და JWT Metro- ს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ცნობილი ანიმაციური ვიდეო რგოლი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ანბანის 33 ასონიშნით აცნობს საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ლიტერატურას. ამავე კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი, რომლის პროგრამა შინაარსობრივად მრავალფეროვანია, მრავალფუნქციური და ინტერაქტიული. პავილიონში მოწყობილ 2 სცენაზე 10-14 ოქტომბერს 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები.
პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი მათ შორის ცენტრის მიერ მხარდაჭერილი 300 გამოცემა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის საშემოდგომო პროგრამა დატვირთულია ლიტერატურული, საგამოფენო, მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ღონისძიებებითა და კულინარიული შოუებით.