საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და „ასოციაცია ქართული ღვინო”-ს ინიციატივით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით, 2014 წლიდან ხორციელდება საერთაშორისო მულტიდისციპლინარული პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა”, სადაც ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები.
მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგად დასტურდება, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.
მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის,ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.
(ვიზუალური მასალის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს)