საქართველო River Bank Festival – ზე

24-26 აგვისტოს, ფრანკფურტის რივერ ბენქის ფესტივალზე, რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონი ტურისტი სტუმრობს, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

სამი დღის მანძილზე, დაგეგმილია კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და შესმრულებლები: ჯაზ-სექსტეტი QUINTESSENCE, ანსამბლი ,,ირიაო“, KORDZ / Zagareli & Strings, ლუკა ნაკაშიძე და მიშო ურუშაძე, ნინო ქათამაძე და ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმები და ბრასი; ასევე ბავშვთა ანსამბლი „პატარა გეორგიკა“ და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ლაპრები“.

ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ხელოვნება – ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკოს-შემსრულებლები; ინტერაქციასა და სანახაობრივ ელემენტებს პანტომიმისა და მოძრაობის თეატრები წარმოადგენენ, ბავშვებისათვის გაიმართება თოჯინური ოპერის სპექტაკლი. პროექტის – ,,სუვენირები საქართველოდან“ ფარგლებში, ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესში ჩაერთვებიან ბავშვები; მოეწყობა ასევე, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია.

2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება და აღნიშნული ფესტივალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

ფესტივალზე ასევე მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო.

ინფორმაცია მონაწილეების შესახებ

ანსამბლი ირიაო

ირიაო – ქართული მუსიკალური ჯგუფია. მათ მიერ შესრულებული უნიკალური მუსიკა ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის ელემენტებისა და იმპროვიზაციების ნაზავია. ჯგუფს წარმოდგენები აქვს გამართული Java Jazz Festival-ზე ინდონეზიაში, Alfa Jazz Festival-ზე უკრაინაში, ასევე, ფესტივალებზე პოლონეთში, ბალტიკასა და ავსტრიაში.

KORDZ, ZAGARELI & STRINGS

ქართველი კომპოზიტორი, ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი ალექსანდრე კორძაია (KORDZ) და მევიოლინე გიორგი ცაგარელი, პირველად ერთმანეთს შვეიცარიაში, ბაზელის აკადემიაში შეხვდნენ. მათი კოლაბორაცია წლების შემდეგ, 2017 წელს დაიწყო, იდეით, რომ გაეერთიანებინათ გიორგი ცაგარელის სიმებიანი ორკესტრისა და ელექტონული მუსიკის რითმების ხმა და ენერგია, კორძის ტექსტურასთან;

DJ LUKA NAKASHIDZE & MISHO URUSHADZE

ცნობილი ქართველი ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები ლუკა ნაკაშიძე და მიშო ურუშაძე ფესტივალის ფარგლებში, ყოველდღე წარდგებიან მაყურებლის წინაშე ელექტრონული მუსიკით;

საბავშვო თოჯინური ოპერა „მცირე ბწკალა“

ბავშვებისთვის გასაგები, თოჯინური ოპერის შექმნის იდეა ნოდარ ანდღულაძესა და გური ზაქარეიშვილს ეკუთვნით, რომლებიც Andguladze Vocal Foundaion-ის მენეჯერები არიან. თოჯინური ოპერის მიზანი, ბავშვებში, ადრეული ასაკიდან სმენის, გემოვნებისა და ზოგადად, კულტურის განვითარება და ჩამოყალიბებაა.

ანსამბლი ლაპრები

ბავშთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “ლაპრები“, ანსამბლ ერისიონის ბაზაზე დაარსდა და წელს 13 წლის იუბილეს აღნიშნავს. ანსამბლს არაერთ ფესტივალზე აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ბულგარეთში, საბერძნეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, იტალიასა და სხვა. 2015 წელს, ანსამბლს უდიდესი წარმატება ხვდა ბარსელონაში, სადაც საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე გრან-პრი მიიღო.

პატარა გეორგიკა

მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებული ბავშვთა შერეული ანსამბლი”პატარა გეორგიკა” არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის მონაწილეა. 2013 წელს, გუნდი ბულგარეთში, ხელოვნების ახალგაზრდულიკონკურსის “MUZITE” მეორე ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო, 2014 წელს,საგუნდო სიმღერის ეროვნულ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა. ამავეწელს, „პატარა გეორგიკამ“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგუნდოფესტივალში. პატარა გეორგიკას სამხატვრო ხელმძღვანელია რატი ჯულაყიძე, ხოლო, კონცერტმაისტერი და ლოტბარი ნინო ქუმსიშვილია.

პანტომიმის თეატრი

საქართველოში პანტომიმის ჟანრის დამკვიდრება, ამირან შალიკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული. ამირან შალიკაშვილმა, 1962 წელს, დაინტერესებული სტუდენტებისგან შექმნა პანტომიმის ჯგუფი და წლისთავზე ინსტიტუტის სცენაზე წარმოადგინა პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი – „პანტომიმური ნოველები“; თეატრს წარმოდგენები გამართული აქვს თურქეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესპანეთში, მალტაში, კვიპროსში, საბერძნეთსა და სირიაში.

მოძრაობის თეატრი

მოძრაობის თეატრი – ჯადოსნური სივრცე, სადაც ამბებს მოძრობითა და მუსიკით მოგვითხრობენ, ეს მისტიკა კი, მუშტაედის ბაღში ხდება. თეატრი 2001 წელს კახა ბაკურაძემ დააარსა და წარმოადგენს დრამის, პანტომიმის, მოძრაობის, სანახაობის, ოპერის, ფოლკლორის, ცირკის, ილუზიისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზს. ექსტრემალური სანახაობები ღია სივრცეებსა და შენობის შიგნით ეწყობა.

The Quintessence

ჯგუფი 2012 წელს დაარსდა. ახალგაზრდა მომღერლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის შექმნის იდეა ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. ჯგუფის შემოქმედება, ძირითადად, ჯაზისა და უძველესი ქართულ ფოლკლორის სინთეზს წარმოადგენს. ჯგუფს გამართული აქვს სოლო წარმოდგენები და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფესტივალზე ვენაში, ბუდაპეშტში, ჩიკაგოში, ნიუ იორკში, სან ფრანცისკოში, ლაიპციგში, იურმალაზე და ა.შ.

ნინო ქათამაძე და ინსაითი

ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმები და ბრასი

ნინო ქათამაძისა და ჯგუფი ინსაითის დახვეწილმა მუსიკალურმა სტილმა, მაღალმა პროფესიონალიზმმა და თავდადებამ, მუსიკოსებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობა მოუტანა. ისინი ყოველწლიურად 100-მდე კონცერტს მართავენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კონცერტში მონაწილეობას ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები მიიღებენ ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით – კომპოზიტორი და პიანისტი, რომელსაც უთანამშრომლია ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან სტინგი, ბიორკი, კრის ბოტი, ლიზა ფიშერი, მიშელ ლეგრანი და სხვა.

წყარო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო