საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, რომელიც ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად ითვლება გამოფენა – “საქართველო – მეღვინეობის აკვანი” გაიხსნა.
გამოფენის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომელიც ადასტურებს საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნის პირველობასა და უნიკალურობას. გამოფენა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგიკვირიკაშვილმა გახსნა.
“ღვინო ქართული ეროვნული იდენტობის მთავარი მახასიათებელია; ისევე, როგორც, მაგალითად, ყოველმხრივ დახვეწილი გემოვნება ფრანგულ ეროვნულ იდენტობას განსაზღვრავს.
მართალია, ღვინო ფრანგული იდენტობის არსებითი ელემენტია და ფრანგებს მეღვინეობის დიდი კულტურა აქვთ, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, არსებობს ღვინის კულტი და, რასაკვირველია, მეღვინეობის კულტურაც.
არის ასეთი ქართული ხალხური გამოთქმა „ვაზო, შვილივით ნაზარდო” – ეს სიტყვები ნათლად მეტყველებს იმ სიყვარულსა და ზრუნვაზე, რომლითაც ქართველები ეკიდებიან მევენახეობას.
სამწლიანი კვლევის შემდეგ, 7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა”- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.