საქართველო კინო გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყანად აღიარეს

  • Home
  • სიახლეები
  • საქართველო კინო გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყანად აღიარეს

Indywood Film Carnival-ზე კინო ტურიზმის კატეგორიაში საქართველო გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყანად აღიარეს. ღონისიძიება, რომელიც ინდოეთში წელს უკვე მესამედ გაიმართა, კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დასაკავშირებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 2 წელია რაც საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე რამდენიმე უცხოური პროექტი განხორციელდა. ახალი პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

2017 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 9 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე ყველა პროექტზე დასრულდა. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 1800 ადამიანს შეადგენს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სასიამოვნო წარმატებაც, რომ პროგრამის ფარგლებში შპს „იგელ პროდაქშენს“, რომელიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდა, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.

კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.

წყარო: აწარმოე საქართველოში

Tags: