ლანჩხუთი -თბილისი. აპრილი. 2016 წელი. მატარებელი მოულოდნელად გაჩერდა. ოცი წუთის შემდეგაც რომ არ დაიძრა პანიკა ატყდა. გამახსენდა, რომ სახლიდან ცუდი წინათგრძნობით გამოვედი, რომ გული რაღაცას მიგრძნობდა. და აი, ხომ ვამბობდი… ვნანობ, რატომ არავის არ ვუთხარი სახლიდან გამოსვლის წინ ეს?! რომ ის ვაგონი ლუწი რიცხვის იყო, მე კი კენტ რიცხვებზე მიმართლებდა… წარმოვიდგინე, რომ რელსები აირია და უკვე გამოსული მატარებელი, სულ მალე დაგვეჯახება, როგორც ამერიკულ ფილმებში, რომ ეს ჩემი უკანასკნელი წუთებია… და ვნანობ, დილით გასაგზავნი მესიჯი რომ არ გავგზავნე… და გული მწყდება ასეთ ფორმაში რომ უნდა გარდავიცვალო – უცხოებში, მატარებლის ვაგონში, წითელი დუტით. ამის გაფიქრება მოვასწარი მხოლოდ , იმ ოც წუთში ზოგმა ალბათ უფრო მეტიც მოასწრო, მეტი და ნაყოფიერი გაფიქრებები …
ნეტა რამდენია ახლა ჩემსავით?! აი, ისე, ზღვარზე… შეგრძნებები დაიმახსოვროს და მერე დაწეროს თუ არ დაიზაროს, ბლოკნოტი ამოიღოს და წეროს?! შევნიშნე ანიც წერს. იმანაც დამინახა – რა იყო, მბაძავო?! იღიმის. ჩემს ირგვლივ თითქმის ყველა ტელეფონში იყურება… ერთი გოგო რაღაც ფილმს უყურებს, ვიღაც “მაგნოლიას” უსმენს. ზოგს ძინავს. ნინის ჩემს მხარზე. წეღან რომ ჭაღარათმიან კაცს ქუდი დაუვარდა, ახლა ხედს უყურებს. დრო და დრო მეც. სიმწვანეს ვხედავ და ეს სიმწვანე ისეთია, როგორიც წარმომიდგენია, რომ მწვანე ფერი უნდა იყოს. მიწის და ხეების სუნია, კიდევ ბალახების და ყვავილების…
სადგურზე ვჩერდებით. ერთ მოხუცს აგვიანდება. გამორბის. იქით ძაღლი წევს. მოკუნტული. შავია და გამხდარი. შეიძლება სახელი არ აქვს… პატარა ბავშვი დედას ხელში ჰყავს აყვანილი. ბავშვს დიდი წითელი ლოყები აქვს და ხმამაღლა ტირის. გურიაში პირველად ვარ. ყველას დაბალი ღობე აქვს. ქურდობა არ მოგინდება კაცს, ისეთი თავისუფალი ხარ. მხოლოდ აქ, მხოლოდ ახლა, აი, ამ წამს ვიგრძენი, რომ დედამიწა ჩემია, ჩვენია. მთლიანობის უჩვეულო განცდა მაქვს, სიცოცხლის და ვამბობ, ეს ცა ყველასი არის…
მაინც სხვა ხიბლი აქვს საღამოს მგზავრობას, მზეს რომ შორდები. სხვა ფერებია. სხვა ფიქრები. წყნარდები. აღარ/ვეღარ შფოთავ. გსიამოვნებს რომ იღლები. ფიქრით. ვიღაცებს მატარებელში ტკბილად ძინავთ. მე ვერ ვიძინებ ხოლმე. მარიმ გზიდან დაგვანახა ის ეკლესია უნდა ვნახოთ რო ჩავალთო. გორის წვერზე დგას. ვერაფრით წარმოიდგენ იქ როგორ უნდა ახვიდე. მერე აღმართზე ადიხარ და იჯერებ. ყველაფერს იჯერებ. ყველას ყველაფერს პატიობ თითქოს. ბედნიერების ჩუმი განცდა გაქვს.
საქართველო გიყვარს. შეგრძნების აღმოჩენა.