საქართველო ანუ სახლი ყველასთვის

თუ მთხოვენ , საქართველო მხოლოდ ერთ რამეს შევადარო , სახლს შევადარებდი. ისეთი ადგილია , სადაც თავს ყველა კარგად გრძნობს, სადაც დაბრუნების სურვილიც ერთხელ მაინც ყველას უჩნდება.

ცხოვრების უმეტესი ნაწილი თბილისის ერთ პატარა უბანში მაქვს გატარებული, სადაც ყოველ დღე რაღაც ახალს ვპოულობ. ქალაქმშენებლობის მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანი არქიტექტურაა. თბილისის დიდი ეზოები ვთვლი ცალკე ღირსშესანიშნაობაა, არამხოლოდ ურბანული თვალსაზრისით, ასეთ ეზოებში სხვა აურა ტრიალებს, სხვა გარემოა, დიდი ოჯახივით ცხოვრობენ და ალბათ ესაა ერთ-ერთი დამახასიათებელი ჩვენი დედაქალაქისთვის.

ალბათ ყველასთვის აშკარაა , რომ საქართველო ტურისტული კუთხით მოწოდების სიმაღლეზე არ არის. დიდი გზა გვაქვს გასავლელი , რომ მწვერვალს მივაღწიოთ და ამ გასავლელ გზაზე , ჩემი აზრით, ბევრ შეცდომასაც ვუშვებთ , რაც უარყოფითად აისახება, თუმცა რა თქმა უნდა, შეცდომების გარეშე არაფერი გამოვა.

ვფიქრობ , რომ ტურისტებს მხოლოდ იმით ვიზიდავთ რაც ჩვენ ბუნებრივად გაგვაჩნია, რაც დაბადებიდან მოგვდევს და რაც ბუნებამ გვიბოძა. მიუხედავად იმისა , რომ ბევრი მხივ მოვიკოჭლებთ , მგონია , საქართველო მათთვისაც სახლია, სადაც დაბრუნების სურვილი აუცილებლად გაუჩნდებათ.

როგორც უკვე ვთქვი , ცხოვრების უმეტესი ნაწილი თბილისის ერთ უბანში მაქვს გატარებული, ამიტომ განსაკუთრებით კარგად მახსოვს ჩემი მოგზაურობა ჯაყისმანის მამათა მონასტერში. ერთ ზაფხულს მეგობართან სოფელ ვალეში ვატარებდი და აღმოჩნდა , რომ პეტრე-პავლობის დღესასწაულს მრევლი ჯაყისმანის მონასტერში მიდიოდა. რა თქმა უნდა, სიხარულით მოვინდომე მეც გაყოლა. ბევრი ხალხი შეიკრიბა და საოცარი განწყობა დამეუფლა, მიუხედავად იმისა რომ დიდი სატვირთო მანქანებით გვიწევდა მგზავრობა. სოფელ ვალედან ჯაყისმანის მამათა მონასტრამდე გასავლელი გზა საკმაოდ მძიმე გამოდგა, ტყეში გაჭრილ უსწორმასწორო გზას რომ თავი დავანებოთ,  არც ის არის სასიამოვნო, როდესაც შენი მიწის სანახავად საზღვრის გავლა გიწევს . მეორე დღეს ფეხები საშინლად მტკიოდა , თუმცა დაუფიქრებლად ისევ გავყვებოდი ნებისმიერს იგივე გზის გასავლელად. იქ ნამდვილი სმშვიდე სუფევდა, ისეთი როგორიც სახლშია და ამ დროს არაფერს წყვეტდა ის , რომ ჩვენ საზღვრის მიღმა ვიმყოფებოდით. იქ ისეთივე გრძნობა მეუფლებოდა , როგორიც ჩემს სახლში, როგორიც ჩემს სოფელში, როგორიც ნებისმიერ ადგილას სადაც ოდესმე ვყოფილვარ.

მგონია , ზუსტად ეს არის ის, რაც სხვა ქვეყნებისგან გამოგვარჩევს. ჩვენი ქვეყანა არის სახლი , რომელსაც კედლებად მაღალი მთები აქვს, რომელსაც დიდი კარები აქვს , რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის ფართოდ იხსნება და სიყვარულით სავსე გარემოს სთავაზობს, რაც უბრალოდ ფესვებიდან მოგვსდევს.