ცხოვრება უამრავ გამოცდას გვიწყობს.გვაიძულებს ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიაროთ იმ იდეალიზმის საპოვნელად,რომელიც რეალურად ჩვენშია… თავს მონოტონური გარემოს ნაწილად აღვიქვამ, რუტინამ დაისადგურა ჩემს ცხოვრებაში. თითოეული დღე ერთფეროვანი და მოსაწყენია. გაქცევა მინდა,გაქცევა ამ უფერული გარემოსგან,თუმცა რეალობად ქვეული ყოველდღიურობა ბორკილებად გახდომია ჩემს ხელებს.ბორკილები მბოჭავს,თავისუფლად მოქმედების ნებას არ მაძლევს,მე კი უუნარო ვარ. უუნარო ვარ,რომ ვიბრძოლო. ცხოვრების წიაღში დავბორიალობ,თუმცა ვხვდები,რომ ეს რეალობა ჩემი არ არის, ჩემსა და რეალობას შორის დისონანსია… ერთგვარ ანტაგონისტურ წყვილს წარმოვადგენთ,რომელთა დაპირისპირების ხარისხი ყოველთვის მაღალია.
იდუმალი ხმა მესმის, ხმა,რომელიც თითქოს ჩემს გაღვიძებას ცდილობს. ხმა,რომელიც მუდამ ჩამჩურჩულებს:იბრძოლე, არ დანებდე, გულს გაჰყევი…. იწყება ბრძოლა…. გამალებული ბრძოლა ჩემს სურვილებსა და რეალობას შორის… საკვირველია,მაგრამ თავდაჯერებულობამ იმძლავრა, გავთამამდი…მივხვდი,რომ რაღაც სიახლე უნდა მეპოვა, სიახლე,რომელიც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა… ის პლატონური სიყვარული,რომელიც ფიქრის მიმართ გამაჩნია,ჩემი თანმდევი უხილავი ძალა გახდა.. სწორედ ამ უკანასკნელმა მაპოვნინა წამალი,რომელიც ყველაფერს კურნავს და ცხოვრებას აფერადებს. ამ წამალს კი მოგზაურობა ჰქვია.
არსებობს კი რაიმე უფრო კარგი რელაქსაციის საშუალება?! რიტორიკულ კითხვაზე,ვფიქრობ,პასუხი აშკარაა.. ალბათ,შეიძლება გიჟი გეგონოთ,რადგან ისეთი ტურისტული ადგილიდან,როგორიც ბათუმია,შორს წასვლა, ბევრისთვის ირეალური ნაბიჯია,თუმცა არსებობს მომენტები,როდესაც გსურს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. გონებაში პასუხგაუცემელი კითხვებისთვის ავთენტური პასუხების პოვნა,დასვენება და უბრალოდ ბუნების საოცარი სილამაზით ტკბობა. შემდეგი ეტაპი ადგილის შერჩევა იყო,თუმცა ამ მხრივ ბევრი არ მიფიქრია. ჩემი აჭარა ყოველთვის გაძლევს საშუალებას შენთვის სასურველი ადგილი იპოვო და მასზე გაბატონდე… ზემო აჭარა -იდეალური ადგილი დასვენებისთვის… და აი ჩემი ლოკაციაც შეირჩა…
ბათუმს ვტოვებდი ჩემს ყველა მოგონებასთან ერთად… მივდიოდი და განსხვავებული გრძნობა მეუფლებოდა,გრძნობა,რომელიც ბედნიერებისა და თან მწუხარების ნაზავს წარმოადგენდა.თუმცა ვიცოდი,სწორად ვიქცეოდი… ვზივარ მანქანაში,ირგვლივ სიჩუმე,ფანჯრიდან საოცარი ხედი იშლება. ქედის თაღოვანი ხედები მიპყრობს,რომლებსაც ენაცვლება შუახევის შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის ნანგრევები,,სიამაყის გრძნობა მეუფლება,სიამაყის,რომ მე ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ამ ყოველივეს თან სდევს თვალწარმტაცი სხალთის მონასტერი,უძველესი ისტორიის მქონე ხიხანის ციხე, საციხურის ეკლესიის ნანგრევები… მე კი ასეთმა საუცხო სილამაზემ დამადუმა, თითქოს დისონანსი მაქვს შინაგან მესთან,გამუდმებით ერთ კითხვას ვუსვამ: ეს აქამდე რატომ არ გავაკეთე? ასეთი სილამაზე შეუმჩნეველი როგორ დამრჩა?! თუმცა აქვე გამოთქმა მახსენდება,რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს…
მგზავრობა დასასრულის პირას იყო, ცოტაც და ჩემს საბოლოო დანიშნულებას მივაღწევდი. მანძილის შემცირებასთან ერთად, პირდაპირპროპორციულად მძაფრდებოდა ჩემი გრძნობები. არ ვიცი, ვერ აღვწერ, ეს რაღაც ამოუხსნელი,ენითაღუწერელი ფენომენი იყო. მანქანიდან გადმოვედი. ახლაც მახსოვს პირველი რეაქცია… აღტაცებული,გაოცებული,შესაშური სილამაზით მოხიბლული,მეტყველებაწართმეული ვიდექი და შევყურებდი ჩემ წინ გადაშლილ მწვანე ფლორას,ნატურას,ბუნებას…ალბათ,დაინტერესდით,რა ადგილი გადაიშალა ჩემ წინაშე… ეს ზემო აჭარაში მდებარე საოცრება- მწვანე ტბაა,ზღვის დონიდან 2058 მეტრზე მდებარე სასწაული. მის საზრდოს კი ნალექები:თოვლი,წვიმა,მიწისქვეშა წყლები წარმოადგენს. დავინახე თუ არა, მომინდა მისი თითოეული ნაწილი შემესწავლა,ფეხით შემომევლო და ყველა წერტილიდან დავმტკბარიყავი მისი სილამაზით.ასეც მოვიქეცი. ერთი საათიც არ დამჭირდა ამ პროცესისთვის,თუმცა ამ ერთმა საათმა გარდატეხა მოახდინა ჩემში.თითოეული ახალი წერტილი იყო ახალი აღმოჩენა ცხოვრების სიახლის.. ეს ხომ ჩემი ძირითადი მოტივი და მიზანი იყო მოგზაურობის?!
კარავი გავშალე,ყოველთვის მეშინოდა მარტოობის,თუმცა მაშინ – არა.საკუთარ თავს ბუნების ნაწილად აღვიქვამდი, ბუნება იყო ჩემთან , მე მასზე გავბატონდი და დაუჯერებელი ძალა მივიღე მისგან,სწორედ ამიტომ არ მეშინოდა… პირიქით, შემეძლო ასეთ სიტუაციაში კიდევ დიდხანს დავრჩენილიყყავი.
ღამე ტყდებოდა ფიქრში… ჩემს არეულ გონებაში თითქოს ყველაფერი დალაგდა, კითხვებზე პასუხები მივიღე…თუმცა აქ ყოფნამ უფრო დიდი კითხვები გამიჩინა. ირგვლივ ვიხედებოდი… ვეძებდი ვინმეს,რამეს,თუმცა ამაოდ.ირგვლივ ვერც ვერანაირ სასტუმროს,ბანაკს ვერ ვხედავდი,ისევე როგორც ადამიანებს… მიკვირდა,თუ აქამდე რატომ არ გახდა ეს ადგილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი? მაშინ როდესაც ყველა ჩაციკლულია მხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილის გაპიარებით,როგორ გამორჩათ ეს ბუნებით ქმნილი ღირსშესანიშნაობა?…. თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში, ალბათ, ბედნიერი ვიყავი,რადგან ამ ადგილმა ის მომცა,რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა- მარტოობა და სიმშვიდე. ფიქრებში კი უკვე წარმოვიდგინე პატარა ხის სახლი საყვარელ ადამიანთან ერთად , რა თქმა უნდა, მწვანე ტბის ტერიტორიაზე…ზაფხულობით- დასვენება და ტკბილი მოგონებები, ზამთრობით კი გაყინულ ტბაზე სრიალი და ამ სრიალით გამოწვეული სასაცილო მოგონებები…
ტიპური დღე იყო. მწვანე ტბის წინ ვიჯექი და ფიქრს მივცემოდი, როდესაც უცებ შევნიშნე უცხო ადამიანი… გამიკვირდა… თუმცა ეს გრძნობა მალე სიხარულში გადაიზარდა,რადგან გავიცანი ამ ადგილის მკვიდრი სოსო ძია. და მივხვდი,რომ ბუნებასთან ერთად ეს ადგილი ადამიანებითაც გამოირჩევა… მისი თითოეული სიტყვა გაჟღენთილი იყო უსაზღვო სიყვარულითა და სითბოთი… ტბის შესახებ ყველაფერი მიამბო,ყველა ლეგენდა,მითი თუ ნამდვილი ისტორია… ხის ირგვლივ არსებული ხე-მცენარეები ყოფილა მიზეზი ამ ტბის მწვანე ფერის…ნაომარი ქედიდან გადმოსული წყლებით მარაგდება ტბა.. სუფთა, კამკამა წყალი სარკეა ერთგვარი,რომელიც მთებს და ყოველგვარ წარმტაც მშვენიერებას ირეკლავს. ვუსმენდი მას და ყველაფრით ვამაყობდი- ამ ადამიანით,ჩემი გადაწყვეტილებით, ბუნების სილამაზით,ჩემი ფესვებით…
ამ ადამიანმა ზემო აჭარის სხვადასხვა ფასეულობა წარმომიდგინა. მიუხედავად იმისა რომ აჭარული სამზარეულო ჩემთვის ძალიან ნაცნობია, მის მიერ წარმოდგენილმა კერძებმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა . ისეთი სახელები როგორიც ხავიწი,ყაისაბი,ჰასუთა,ყურუთი,იაღლიპურია ,სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს ცნობიერებაში. მათი გემო კი მართლაც ყველა კუთხის სამზარეულოსგან გამორჩეულია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ადგილობრივი მოსახლეობაც. ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით, აჭარლები ყველასაგან გამორჩეულები არიან, ყოველთვის მზად არიან მიიღონ სტუმარი და სამაგალითო მასპინძლობა გაუწიონ მას . ჩემი შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია. თუმცა უკვე დრო იყო ბათუმში დაბრუნების… აშკარად ვგრძნობდი,რომ ცარიელი აღარ ვიყავი, ის განცდა,რომელიც მუდამ თან დამყვებოდა,ჩემთან აღარ იყო. მე სავსე ვიყავი ბედნიერებით,სიხარულითა და სიყვარულით. ეს ყოველივე კი სწორედ ამ ადგილმა და აქ მოგზაურობამ შემძინა.
მე არ შემიძლია ამ მოგზაურობას ჩვეულებრივი,ტიპური მოგზაურობა ვუწოდო. ეს უფრო მეტი იყო,ვიდრე უბრალოდ ერთი ადგილის მონახულება… ეს ერთი დიდი თავგადასავალია,რომელმაც გზააბნეული,სასოწარკვეთილი მარიამი გამოაღვიძა ,ცხოვრების მიზანი და კრედო გააგებინა,ცხოვრების ახალ ფასეულობებსა და ღირებულებებს აზიარა…
რომ ვთქვათ,ცხოვრება მარტივიაო, ეს სრული პარადოქსი იქნება. თუმცა ჩვენ შეგვიძლია მისი გამარტივება, ის ხომ სავსეა შანსებითა და შესაძლებლობებით? ადამიანის ვალდებულებაა თითოეული გამოწვევის მიღება. მოგზაურობა კი იდეალური შანსია, რათა ახალ ადგილებთან ერთად, აღმოაჩინო შენი სამყაროც .სამყარო,რომელიც სავსეა ფერადი ფერებითა და თავგადასავლებით
.