საკითხავი ფურცლები

“დედამიწა არის წიგნი და ვინც ვერ მოგზაურობს კითხულობს მხოლოდ ერთ ფურცელს” (იოანე ზოსიმე) ეს სიტყვები რომ წავიკითხე მახსოვს უკვე “შეპყრობილი” ვიყავი მოგზაურობით და ამაყად ვთქვი, მთავარია კითხვა დაწყებული მაქვს და დასრულებით ალბათ, ღრმა სიბერეში დავასრულებ მეთქი. ვცდილობ წელიწადში მინიმუმ ერთი ფურცელი მაინც “წავიკითხო”.

სწორედ ამიტომ, ცხელი ზაფხულის მოსაწყენი სიცხეებისგან თავის დასაღწევად და მთაში სახეტიალოდ, რაიონიდან თბილისში ჩამოვედი. სერიოზულ  საბაბად კი, გასაუბრება მოვიმიზეზე.

გასაუბრების მოლოდინში, კლასიკურად ჩაცმული, მაღლებზე მდგარი, იმაზე ვფიქრობდი, მეორე დღეს როგორ ჩამეცვა, რათა უფრო კომფორტულად და თავისუფლად ვყოფილიყავი. იმედი მქონდა, იმდღევანდელი ქუსლებზე დგომა ხელს არ შემიშლიდა გამევლო კილომეტრები (დაახლოებით 16 კმ.).
ჩემი ტურის სამარშრუტო ტაქსს, ქალაქის გასასვლელში ველოდებოდი და დილის 6 საათზე ფიქრებიც ამეშალა… მახსოვს ამბობდნენ ხოლმე (და დღესაც არავის ეპარება ალბათ ეჭვი) 90- იანებში დიასახლისებმა გადაარჩინეს ქართული ოჯახები. იმ დილით დიღმის ტრასაზე გამოფენილი ჩემნაირად მომლოდინე გოგონების რაოდენობა კი მაფიქრებინებს (ასევე აზრს მიმყარებს, ჩემი ტურის სამ სამარშუტო ტაქსში არსებული გენდერული დისბალანსი), რომ ქართულ ტურიზმს ქართველი გოგონები “გადავარჩენთ”. სიამაყით წელში გავიმართე და ასე, ამაყად ავაბიჯე ტრანსპორტში. ჩემს მოხდენილი ზომის ტან-ფეხს ვუმადლი, იქვე მჯდომ “ორმეტრანახევრიან”, აშკარად არაქართველ ძალიან სიმპატიურ და როგორც შემდგომ აღმოჩნდა ძალიან ჯელტმენს, ჩვენი ქვეყნის ბერძენ სიძეს ადვილად ავუარე გვერდი. გზა დამითმო და თავისი შლიაპაც კი მოიხადა ზრდილობის ნიშნად. მოვკალათდი და გარემოს შესწავლა დავიწყე. პარალელურად ცუკემბერგს ჩავაბარე “აჩოტები” და პოსტის გამოხმაურებებს ვადევნებდი თვალ-ყურს.

მისაქციელს დიდ მანძილზე ვიყავით დაშორებული, როდესაც, ერთმა სპორტული აღნაგობის გოგონამ ხმამაღლა იკითხა, თუ რამდენი დრო დაგვჭირდებოდა კინჩხას ჩანჩქერამდე. ავუხსენით, რომ სამწუხაროდ დღეს აშკარად ვერ მოახერხებდა ჩანჩქერზე გასეირნებას და ბარგსაც: “კუპალნიკს”, ზღვის პირსახოცს, მზის სათვალეს და მზისგან დამცავ კრემს არ ელოდა კომპლექტში გამოყენება.
აღმოჩნდა, რომ სპორტული აღნაგობის გოგონა არაჩვეულებრივი ფიზიკური მომზადების გარდა, უკვე ნამყოფი იყო ამ ტურში და ჩემთვის საიმედო მეგზური და მრჩეველ-ინსტრუქტორი გახდა. მას კი ეს “ ტრაგედია” იმით შეუმსუბუქდა, რომ ტურის ორგანიზატორმა კინჩხას ტური საჩუქრად გადასცა, მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს.

ბერძენმა სიძემ, რომელიც ხშირად სიტყვა “პარაკალოს”(რომელიც როგორც ინტერნეტში მოვიძიე “გეთაყვას” ნიშნევს) იყენებდა, გზად ტრანსპორტის გაუთვალისწინებელი შეფერხებისას, ყოველგვარი ფიქრის გარეშე დაუთმო ადგილი თავზე მდგომ ქალბატონებიდან ერთ-ერთს და თავისი მომხიბვლელი გარეგნობის გარდა, ჯლტმენობითაც მიიქცია ყურადღება.

სოფელ როშკაზე ჯერ კიდევ, სტუდენტობისას (ტურიზმზე სწავლისას – სტუდენტი რომ გავხდი ბებო ძლივს ავუხსენი რაზე მოვეწყვე 🙂 ) ლექტორისგან შევიტყვე. შემდეგ კი, შატილში მოგზაურობისას დათვის ჯვრის უღელტეხილიდან ( ზ.დ 2600 მ.) როდესაც გავყურებდი გოროზად მდგარ ჭაუხების მთებს, მახსოვს გიდი გვიამბობდა ამ ულამაზეს სოფელზე რომელიც მთებს ძირს “უმაგრებს”.

სოფელში შესვლისას პირველი რაც გაოცებს მოგზაურს არის როშკისწყლის ხმა და მისგან მოდენილი საოცარი ჰაერი.
თითქოს ტბებიდან ჩამოტანილ ამბებს გიყვება, გამზადებს, ენერგიას გაძლევს რომ არ გაგიჭირდეს და ბოლო ტბამდე შეძლო ასვლა.
ჩანთა მოვიკიდე და წყლის ჭურჭელი მოვიმარჯვე, ვიცოდი ეს ორი ნივთი აქ ყველაზე აუცილებელი იყო. თუ მინდოდა მოგზაურთა შორის მარათონში მეოთხე ადგილი შემენარჩუნებინა აუცილებლი იყო წყალი ინტენსიურად მიმეღო, ორგანიზმი მცხუნვარე მზის და ფიზიკური დატვირთვის გამო დიდი რაოდენობით წყალს მთხოვდა.
შემართება არ მაკლდა, თან გამოცდილი მოგზაური ახლობლების ხრიკებიც გავიხსენე: სტაბილური, თანაბარი ნაბიჯებით იარე და აღმართში წელში ცოტა მოიხარეო. მაგრამ მაშინ როდესაც ჩემი წყლის ბოთლზე ფსკერი გამოჩნდა, ჩემს წინ მიმავალ სპორტული აღნაგობის გოგონასთა წავიწუწუნე. მირჩია, წყალი სავალი ბილიკის პერიოდულად გადამკვეთი მთის ნაკადულებიდან ამეღო, რომელებიც სათავეს მთასგადაფენილი მწვანე ხალიჩების სიღრმეებიდან ჩემს თვალწინ იღებდნენ. სერიოზული არგუმენტებით დამისაბუთა, რომ ამ კლიმატურ ზონაში წყალი ვერ იქნებოდა დაბინძურებული. ჭურჭელი თამამად შევავსე და გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა რომ მსგავსი გემოს და სიმსუბუქის წყალი პირველად გავსინჯე.

ასე პირგასველებული მივადექი “პირველ მახარობელს”, მწვანე ტბას. ჭაუხების მთის ფერდებზე დაფენილი თოვლის ფონზე აბიბინებული ბალახით შემოჯარული წყალი, თითქოს გარემოს ფერებით მონუსხულა და გაშეშებულა. დგას და ელოდება ათას მნახველს.

კარვების ბანაკს გავცდი და პატარა კლდიან გორაკს გადავუყევი. და აი, ზემოდან წავადექი ლურჯ ტბას. ტბის გარშემო არსებული რელიეფის გამოა, რომ ტბა მხოლოდ ცას აჰყურებს და მისი წყლის ზედაპირზე ირეკლება. აქ უკვე ემოციებმა თავისი ქნა და ჩამოვჯექი. მივბაძე იქვე დაბანაკებულ ტურისტებს, რომელთა შორის ჩემდა გასაკვირად ხუთი წლის გოგონა იყო და ფეხების წყალში გაჭყუმპალავება მეც მოვინდომე. ჩავყავი თუ არა დედაჩემის კივილი ჩამესმა: “ გოგო ხარ, ფეხები გაგეყინება” მხოლოდ წამებით გავძელი და სანამ მზეზე სისხლის მიმოქცევა აღდგებოდა, ყურადღება მიიქცია წყალში მცხოვრებმა ყვითელმა ყვავილმა. ეს მთის თავისნება ყვავილები წყალში ამოდიან და იშლებიან. აქ ბუნების თითოეული წარმომადგენელი კოლაბორაციაშია (ეს სიტყვა აქ უკვე აღარ უხდება, მაგრამ დამაფიქრა).

თეთრი ტბისკენ მიმავალი ბილიკიდან უკან რომ მოვიხედე მეუცხოვა, რომ ნაცნობ სახეებს ვერ მოვკარი თვალი. მერე მივხვდი. გზა ძალიან რთული იყო და ყველამ ვერ შეძლო ამ გზის გავლა. თოვლი, კლდეები, მწვანე მინდვრები, მთის მკვეთრფერებიანი ყვავილები, დეკას სურნელი და საოცარო ჰაერი მაძლევდა ძალას, რომლითაც ქვის დიდ ლოდებზე დავაბიჯებდი. ასე აღმოვჩნდი პირდაპირ ჭაუხების მთების ძირში, თოვლით დაფარულ არემარეში და თვალწინ თეთრი ტბა გადამეშალა.
საჩქაროდ მოვიცვი თბილი პიჯაკი, დაღლილობისაგან ქვაზე ჩამოვჯექი და გოროზ მთებს ახლოდან მივესალმე. საოცარია, საოცარია, საოცარია….
ბავშვობაში მოფიქრებული თამაში გამახსენდა: მინდოდა გონებაში “ფოტოს სახით” ის კადრები შემენახა, რომლებმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მოახდინა ჩემზე. კოლექციას კიდევ ერთი შევმატე.
სწორედ ამ დროს კლდის ფერდობზე, მოძრაობა შევნიშნე. კარგად დავუკვირდი და კლდის მეორე მხრიდან (ზეთას ბანაკიდან) გადმომავალი ტურისტები შევნიშნე.
ადამიანები ამ ვეებერთელა კლდების ფონზე უსუსურ ჭიანჭველებს მაგონებდა.
საოცარია, ბუნება და ადამიანი ერთად, მაგრამ ადამიანი ბუნების გარეშე არაფერია.
ცოტა შემაცივნა, კიდევ უფრო თბილად მოვიცვი, მაგრამ ეს სხვაგვარი სიცივე იყო რომელსაც ტკივილი ახლდა თან. მეწვოდა სახე და მთელი ტანი. ხედებით გართულს, საუცხოო კამკამა წყლის და ჰაერის გადამკიდეს გადამავიწყდა ტრანსპორტიდან გადმოსულმა გრძელსახელოიანი ზედა, როგორ მოვიგდე წელზე, მაგრამ არც კი გამხსენებია ჩამეცვა და მთის მზისთვის შეუჩვეველი კანი მომერიდებინა.
აღმოჩნდა, რომ კარგად შებრაწული თბილისამდე ბერძენი სიძის ქართველი მასპინძლის დახმარების გარეშე ვერ ვიმგზავრებდი. რომელმაც ის, ის იყო თავი ამოჰყო ტბას მოფარებული ქვის ლოდებიდან ისიც გაკვირვებული შეჰყურებდა კლდიდან ჩამოსულ ტურისტებს და იმის გასაგებად, თუ როგორი ექსტრემია მსგავსი ტური, ერთად დავგეგმეთ შემდეგი მოგზაურობა.
სოფლამდე მთელი სამი საათის გზა ერთად ჩამოვიარეთ. ეს ადამიანი, ამ დღის შემდეგ ჩემი კარგი მეგობარი და მოგზაურობების თანამგზავრი გახდა.

დედამიწის ეს “ფურცელი”, ისევე როგორც სამუდამო კადრები გამუდმებით მიტრიალებს გონებაში და მინდა, სიბერეში პენსიის დიდი ნაწილი მოგზაურობისას შეძენილ მეგობართან ერთად, კვლავ “კითხვაში” დავხარჯო.