სად კუბა და სად ირანი?!

სამუშაო მაგიდასთან ვზივარ და ვფიქრობ: „შიმშილით არ ვკვდები, არ მცივა, არ მწყურია, მეტი რა მინდა ცხოვრებაში?“ თუმცა, ხანდახან მაინც მაწუხებს გულის გამაწვრილებელი კითხვები: „იქნებ სადმე რაღაც ძალიან საინტერესო, ამაღელვებელი, ფერადი და განსხვავებული ხდება? მე კი „ექსელის“ უჯრედებს შევყურებ და გონებით სულ სხვაგან ვარ: ხან კუბაში ფერად კაბიან მოცეკვავე ქალებთან ერთად, ხანაც ირანის ჯადოსნურ უდაბნოში დავხეტიალობ“.

მერე… ავდექი და მართლა წავედი. ჯერ კუბაში, მერე – ირანში. ალბათ მკითხავთ: შე კაი ადამიანო, სად კუბა და სად ირანი?!

 

1. ფერადი კუბა

ჰავანა

 

 

სიღარიბისა და სიმდიდრის ზღვარზე

კუბაზე ფიქრისას უმეტესობას ფერადი, მუსიკის ჰანგებით გაჟღენთილი ქუჩები წარმოგვიდგენია. თითქოს საქონლის იმპორტის გარდა, უბედურების „შემოტანაც“ აკრძალესო და იქ ყველა ბედნიერი უნდა იყოს.

სინამდვილეში ჰავანა კონტრასტებითაა სავსე: ხშირად ნახავთ ძველ, მაგრამ ზედმიწევნით გაპრიალებულ, „ჩუპა-ჩუფსებივით“ მიმზიდველ მანქანებს, რომლებშიც ადგილობრივებს ტურისტები დაჰყავთ, მაგრამ ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ თვითონ დანჯღრეული მანქანებით დადიან, რომლებშიც ძრავის თითოეულ ამოსუნთქვას საკუთარ სხეულზე იგრძნობთ.

 

გვერდიგვერდ ორი კვების ობიექტია: ერთში ყველაფერი კრიალებს, უცხოელები ირევიან და სადილი ათ ევროზე ნაკლები არ ღირს. მეორეში კი მხოლოდ კუბელებს ნახავთ და ქათამი ბრინჯით და ლობიოთი შეგიძლია სულ რაღაც ერთ ევროდ მიირთვა. თუმცა, თუ ლობიოს ნაცვლად თეფშზე „თინეიჯერი ტარაკანაც“ შენიშნეთ, ჭამა მშვიდად უნდა განაგრძოთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მენიუ გარეთ დიდ რკინის დაფაზეა ამოფხაჭნილი და თუ გაბრიყვდით და მოითხოვეთ მენიუ მომიტანეთო, რკინის დაფას მომღიმარი სახით მოგირბენინებენ და სკამზე დაგიდგამენ.

ქალაქის ცენტრში ორი განსხვავებული სამყაროა: ერთში სახლები ლამაზადაა შეღებილი, ქუჩები სუფთაა და ყველაფერს სიყალბის მოტკბო სურნელი ასდის. სულ რაღაც რამდენიმე მეტრში კი ყველაფერი ჩამონგრევის პირასაა. თუ შეგამჩნიეს რომ უცხოელი ხარ, აუცილებლად დახმარებას გთხოვენ: „ჩიკიტა, იქნებ საპონი მაინც გქონდეს, რომ გავყიდო?“ მეკითხება კაცი… ბავშვები კენჭებით ფეხბურთს თამაშობენ, ხელში ზოგს დანა უჭირავს, ზოგს კანზე უცნაური თეთრი გამონაყარი აქვს და მტრულად გიყურებს და რომ არა თბილისის ოთხმოცდაათიანების დაუვიწყარი წარსული, ნამდვილად შეშინდები.

კუბაში კომუნიზმია, მაგრამ სოციალური თანასწორობის რა მოგახსენოთ.

ჰავანა

 

ყალბი და გულწრფელი ცეკვები

რამდენჯერმე წავედით ცეკვების საღამოზე, სადაც სტუმრების უმეტესობა უცხოელი იყო და კუბელი მოცეკვავეები ცდილობდნენ მორცხვი ევროპელები ცეკვაში აეყოლიებინათ. მუსიკოსებს სახეზე ეწერათ, რომ კაპიკების სანაცვლოდ ერთი და იმავე მუსიკის დაკვრა და ძალით ღიმილი ყელში ჰქონდათ ამოსული. ცოტაოდენი ალკოჰოლის დახმარებით სცენაზე მეც გავედი, მაგრამ არაფერი იმდაგვარი არ მიგრძვნია, რაც ჩემს ოცნებებში კუბაში ცეკვას უკავშირდებოდა.

რამდენიმე დღეში, როცა ჩემს კუბურ ოცნებაზე ხელი ჩავიქნიე, სულ შემთხვევით პატარა ღარიბ ქუჩაზე მიმავლებმა ხმაურის და მუსიკის ხმა გავიგონეთ. ცოტა რომ მივუახლოვდით, ხელში იმპროვიზირებული ქუჩის კონცერტი შეგვრჩა. ამჯერად, არავინ იყო ვალდებული ეცეკვა და ბავშვები, ახალგაზრდები და მოხუცები ყველანი ერთად ცეკვავდნენ. ვინც ეზოში არ იყო, მოცეკვავეებს აივნებიდან შეძახილებით ამხნევებდა.

თითქოს გარშემო ყველაფერი როკავდა, ჰაერიც კი.

ჰავანა

 

მზის ჩასვლა სიენფუეგოსში

სიენფუეგოსი ნაკლებად ტურისტული ქალაქია. კუბური ცხოვრების რიტმის ყველაზე მეტად იქ ვიგრძენით. თითქოს სიღარიბეც ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიები იქაც ჩაბნელებულია, რიგები იქაც დგას და ჰაეროვან პურს არაფრის გემო არ აქვს. ხალხი მაინც მოხდენილად იცვამს და ყოველ საღამოს ცეკვების შოუს ესწრება.

ქალებს თავზე ფერადი ნაჭრები აქვთ წაკრული და დიდი, მრგვალი საყურეები უკეთიათ. ძალიან ცხელა. ზოგს იმდენად „მინიმალისტურად“ აცვია, რომ ჯიბეც არ აქვს, მაგრამ მათი გამოსავალი მარტივია: ტელეფონის შენახვა მკერდის ღარშიც გადასარევად შეიძლება.

ერთ საღამოს მზის ჩასვლას ვუყურებდით და კუბელ ბიჭთან საუბარი გავაბით. გვითხრა, რომ ძალიან უნდა მოგზაურობა, მაგრამ შეზღუდვების გამო ძალიან ძნელია. წარმოშობით ესპანეთიდან ვარ, მაგრამ იქ არასდროს ვყოფილვარო. ბევრი არ გვილაპარაკია, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მისთვის სიენფუეგოსი ისეთივე ნაცრისფერი ყოველდღიურობაა, როგორც ჩემთვის სამუშაო მაგიდა.

სიენფუეგოსი

 

2. ჯადოსნური ირანი

ორმაგი ცხოვრება

კუბაში ყველაფრის ყიდვა შეიძლება, რაც მაღაზიაში იყიდება, მაგრამ ბევრს მაინც ვერაფერს იყიდი. ირანში კი ალკოჰოლის ყიდვა, სოციალური ქსელებით სარგებლობა, უცხოელების სახლში გამასპინძლება, უთავსაფროდ სიარული, გოგოსა და ბიჭის მეგობრული ურთიერთობა (ნათესაურისა და ცოლ-ქმრულის გარდა) აკრძალულია, მაგრამ ეს წესები მხოლოდ თეორიულია. ირანელებს ქუჩაში სხვა ცხოვრება აქვთ, სახლში კი – სულ სხვა. ყველა ოჯახში მაშინვე მითხრეს, რომ სახლში შემეძლო თავსაფარი მომეხსნა და როცა საკმარისად გვიშინაურდებოდნენ ლუდს, ღვინოს ან არაყსაც გვთავაზობდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც კანონმორჩილება ვარჩიეთ, რომ მასპინძლები არ შეგვეწუხებინა.

ირანში ყველაფერი თავგადასავალია, ალკოჰოლის საყიდლად კონტაქტები გჭირდება და ქალს შემთხვევით სახლში თავსაფარი თუ დაგრჩა, წინ ძალიან „საინტერესო“ დღე გელის.

 

თავსაფარი სახლში დამრჩა ანუ შიშველი ვარ!

ერთ მშვენიერ დილას სახლიდან დილის შვიდ საათზე გამოვედით. ჩვენი მასპინძელი სახლში არ იყო და გასაღები არ გვქონდა. ამიტომ, სახლიდან გასვლის წინ (რომლის კარიც თავისით იკეტებოდა) ერთი შეხედვით კარგად დავფიქრდით, რამე ხომ არ გვრჩებოდა.

სანამ კარი დაიკეტებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ – არა, მაგრამ როგორც კი ლიფტის სარკეში ჩავიხედე, მივხვდი რა შარშიც აღმოვჩნდი: თავსაფარი არ მიკეთია, ანუ შიშველი ვარ! ირანში ყველა ქალი ვალდებულია თავსაფარი ატაროს (მითუმეტეს ისეთი შავგვრემანი გარეგნობის, როგორიც მე ვარ) და თუ პოლიციელმა თავშიშველი დაგინახა, დიდი შანსია შიშველი თავი განყოფილებაში ამოყო. ჩემმა ტვინმა თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩართო და გადავწყვიტე გრძელსახელოებიანი და ფართე პერანგი, რომელიც ზემოდან მეცვა, თავსაფრად გამომეყენებინა და  მხოლოდ მოტმასნილი, მოკლე და გრძელსახელოებიანი ბლუზით დავრჩი, რომელიც შიგნიდან მეცვა.

დილის შვიდ საათზე თავსაფრების მაღაზიის პოვნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ ტანზე მოტმასნილი, მოკლე ბლუზით დიდხანს ნამდვილად ვერ ვივლიდი. თითქოს ყველას ბავშვობის სიზმარი ამიხდა: სკოლაში წასულს ტანსაცმლის ჩაცმა რომ გავიწყდება. დაახლოებით ერთსაათიანი ბოდიალის და გამკიცხავი მზერების შემდეგ, მაღაზიის კეთილმა გამყიდველმა ტუალეტში შემიშვა, სადაც თავზე ის ბლუზი წავიკარი, რომელიც ზედ მეცვა და მანამდე თავსაფრად შერაცხული პერანგი ტანზე გადავიცვი. ჩემდა გასაკვირად, ორი თინეიჯერი გოგონას გარდა, რომლებსაც ეშმაკურად ეცინებოდათ, ვერავინ შეამჩნია, რომ თავსაფრის ნაცვლად, თავზე პერანგი მეკეთა. დაახლოებით ათი საათისთვის, ახალი თავსაფარი ვიყიდე და ცხოვრებაც გამარტივდა.

ჩვენ შირაზში

 

ჩვენი ახალი, ირანული ოჯახი თეირანში

თეირანში მასპინძელ ოჯახში ძალიან მხიარულად მიგვიღეს. სახელი „სალომე“ ირანშიც გვაქვს და მოგვწონს, მაგრამ „ფლორინის“ გამოთქმა გაგვიჭირდება და ამიტომ დღეიდან „ფარჰადი“ იქნებიო გამოუცხადეს ჩემს დაბნეულ შეყვარებულს. ღიმილით დავთანხმდით. ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ, რომ ირანულმა ოჯახმა ყველანაირი ზედმეტი პროცედურების გარეშე, არც აცია, არც აცხელა და უბრალოდ გვიშვილა.

ყოველდღე ათჯერ მაინც გვეკითხებოდნენ, რამე ხომ არ გვინდოდა და სახლიდან გასვლის წინ მკაცრად გვარიგებდნენ, რომ სადილისთვის საჭმელად აუცილებლად დავბრუნებულიყავით. რამდენჯერმე ქართული კერძებიც გავაკეთე და ნარდის თამაშსა და მზესუმზირის კნატუნში საღამოები შეუმჩნევლად გადიოდა.

წამოსვლის დღეს, ოჯახის დედას გულწრფელი ცრემლებიც წამოსცვივდა და თავი ვერც მე შევიკავე. ხუთ დღეში ახალი ოჯახის შეძენა ძალიან მარტივი აღმოჩნდა.

 

და მაინც, სად კუბა და სად ირანი?!

კუბაშიც და ირანშიც მზე უხვად ანათებს, ორივეგან ათასნაირი, განსხვავებული შეზღუდვაა დაწესებული, მაგრამ ადამიანებს მსგავსი სურვილები და იმედები აქვთ: ყველას აინტერესებს განსხვავებული კულტურა, აღელვებს რას შეჭამს იმ დღეს და რამდენჯერ მოახერხებს გულწრფელად გაცინებას. ქალები კუბაში ნახევრად შიშვლები დადიან, ირანში კი საკუთარ სხეულებს ფარავენ, მაგრამ ტანსაცმლის ქვეშ ყველას ერთი რამ აერთიანებს: ადამიანური ცნობისმოყვარეობა, რომელიც მოგზაურობისკენ გვიბიძგებს. კუბაში და ირანში ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა იმოგზაურონ იმდენი, რამდენიც სურთ და ცნობისმოყვარეობას იქ ჩასული ტურისტების გამოკითხვით იკმაყოფილებენ. მზის ჩასვლა ირანშიც და კუბაშიც ერთნაირად ლამაზია და ფერებიც იმაზე მძაფრია, ვიდრე სამუშაო მაგიდასთან, „ექსელის“ ფერადად დაფორმატების დროს.

ულამაზესი შირაზი