საათობრივი პარკინგი თბილისში

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

პირველი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, ზონალურ-საათობრივი პარკირების წესია, რომელიც პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან კოტე აფხაზის ქუჩასა (ყოფილი ლესელიძის) და მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

„ყველამ ვიცით, რომ თბილისს მრავალი გამოწვევა აქვს და თითოეული მათგანის დაძლევა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ყველა გამოწვევის მიმართ, ძლიერი იყოს. არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ერთ-ერთ მათგანს ტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და საცობების მზარდი ტენდენცია წარმოადგენს. რასაკვირველია, ეს ის პრობლემაა, რომლის ერთი ხელის მოსმით მოგვარება შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული რესურსებით, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით, რომელიც გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი, პრობლემის მოგვარებასა და გადაჭრას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რადგან თბილისში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება.

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში ნაკლებ მანქანას და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისახავს მიზნად, რომელიც ყველაზე კომფორტული და სწრაფი იქნება.

„ზონალურ-საათობრივი პარკირება ჩვენი ქალაქისთვის სიახლეა. პარკირების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება, დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო მანქანების მოხმარების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად კერძო მანქანებისკენ იზრდება. ჩვენი მიზანიც სწორედ ამ მაჩვენებლის შეცვლაა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განმარტებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება ევროპის ყველა განვითარებულ, განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დანერგილი მოდელია და ის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით, ერთ-ერთ ქმედით საშუალებად მიიჩნევა.

„ჩვენ ამ დღეებში საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად გადაუგზავნით თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესებს, რომელიც პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება. ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და მისი ოდენობა ზონების მიხედვით დიფერენცირებული იქნება. ამაზე საკრებულოსთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩებია. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი განაგრძობს მუშაობას სხვა არეალებზეც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს; რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით; გარდა ამისა, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

კახა კალაძის ინფორმაციით, საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხები კი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

წყარო: თბილისის მერია