საამბობად

რომ გითხრათ, ბევრი მიმოგზაურია-თქო, მოგატყუებთ. არც საქართველოს საზღვრებს გავცდენილვარ და ვერც ხურჯინ-ხურჯინ გადმოგილაგებთ რომელიმე ქვეყნის ბილიკებაბურდულ ნასიზმრებივით ისტორიებს. რატომღაც არც მოგზაურობაზე ოცნებებში გამიტარებია ბავშვობა და ყოველ საღამოს ბალიშის აფუმფულების ჩვეულ რიტუალს თუ მოსდევდა ცისარტყელისფერ ქვეყნებში გადანაცვლებაზე მოკრძალებული ფიქრი. აი, სხვების გემრიელად ნაცხოვრებს, ნანახსა და გამოცდილს კი თვალებდაჭყეტილი ვუსმენდი. წუთით რომ მოგეკრათ ჩემთვის თავი, იფიქრებდით, თვალებში გალაქტიკებიც ჩაეტევა და იქნებ სწორედ ასე ელიან შაშვის ბახალები მანტრებულ საზრდოსო.

დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს, ბევრი არაფერი მინახავს, ვერაფრით გაგაკვირვებთ და ჩემი „დიდი“ მოგზაურობაც ყოველ ზაფხულს საქართველოს ერთი ბოლოდან თითქმის მეორე ბოლოში გადანაცვლება იყო. დედა მეგრელი მყავს, ლეჩხუმური ფესვებით, მამა კახელი, თვითონ თბილისში დავიბადე და, კაცმა რომ თქვას, რიკოთსიქითა მოგზაურობა გენებშიც კი უნდა მქონდეს.

კახეთში, ქიზიყის ერთ-ერთ სოფელში გავიზარდე და თუ ვინმესგან გაიგებთ, კახეთი ქიზიყი არააო, უპირობოდ დაეთანხმეთ. ქიზიყი უბატონო მხარეოა ამბობენ ხოლმე და იქნებ კახურ სიჯიუტესაც ამით ამართლებენ. ჩემთვის ჩემი სოფლის თავზე წამომართული, ამოჩემებული ბორცვიდან ამოდიოდა მზე და კარგა ხანს ვფიქრობდი, იქვე მთავრდება ჰორიზონტიც-მეთქი.

ოდესმე გუდა-ნაბადს თუ აიკრავთ და კახეთში წამოსვლას გადაწყვეტთ, სექტემბრის მიწურულს წამოდით. ჩვენთან სხვანაირად ჭრელი ტყეები და ჯერ კიდევ სითბოგაუნელებელი მზე იცის, თითქოს ყველა ტოტიდან თაფლი წვეთავს და ღაწვევაჭარხლებული ბებიის მორთმეულ თონის პურსაც სხვანაირი გემო აქვს.

ყოველ ზაფხულს, როცა მთელი წლის ნაგროვებ, გულთან აბურთულ ლოდინს უკან მოვიტოვებდი და დიდახანს ნარჩევ ტანსაცმელს ჩანთებში დიდი სიფრთხილით ჩააწყობდა დედაჩემი, ვიცოდი, გზაზე ფანჯარასთან ვჯდებოდი, რიკოთთან ახალგამომცხვარი, ტკბილად მოოქროვილი ნაზუქებით ჩავიტკბარუნებდი პირს, სურამის ციხესთან ავტობუსის ფანჯარას მიჭყლეტილი მოვუსმენდი, რომ ციხის კედელს კვლავაც ეტყობა პატარა, უცოდველი ბიჭის ცრემლები, ოდნავ ნაღველშეპარული, თვალებმოჭუტული დავითვლიდი გვირაბის კედლებზე გაბაცებულ, აჭიჭყნილ ციცინათელებს და როცა გზად ათასფრად აყუდებულ, თუ ჩამოკონწიალებულ ჰამაკებს მოვკრავდი თვალს, ჯობდა მალევე დამეძინა. ხელისთითების ვერსამყოფად ძველ ამბავს გიყვებით, მაშინ გიგანტური ავტობუსები დარიხინობდნენ ისეთ გზებზე, მამაჩემი კარგად მოხნულად და სათესად გამზადებულად რომ მიიჩნევს. ასეთ გზებზე მოგზაურობაც კი ერთ რამედ მიღირდა. ვიცოდი, სამეგრელოში შესვლას ოდნავ გამოღებული ფანჯრიდან ვიგრძნობდი. ზაფხულის იმ დროს კახეთი თივის უზარმაზარ ზვინს ემსგავსებოდა და ალბათ ამიტომაც, სამეგრელოში შესვლისას პირველი ბალახის სუნი მეგებებოდა ცხვირში სასიამოვნო ღიტინით.

ბალახის სუნზე მეტად სიცოცხლის სუნი ერქვა ალბათ და იქ სიცოცხლეს მდინარის უზარმაზარ ქვებზე მიბმული ტალღების ღრიალი ისე უხდებოდა, როგორც ხის კოვზზე ამობრძანებულ, ჩემი თეფშისკენ მოჩქარე ღომის ულუფას მეგრული სულგუნი. კახეთ-სამეგრელოს გზაზე მეტადაც კი იწელებოდა, მე კი თვალებში ცრემლის ნაპერწკლებგაელვარებული ვარწმუნებდი ბებიას, არაა მწვავე აჯიკა და მეგრული ხაჭაპურისთვისაც გამოვნახავ ადგილს მუცელში-თქო.

მიყვარდა მთის მდინარეების საპოვნელად ხეტიალი იმ ადგილებისკენ, სადაც წყალი ჰაერზე გამჭირვალეა, სადაც ერთი ჩასუნთქვით იქამდე ვერნაცხოვრებს ჩაისუნთქავ და იქაური ყოფით შემსუბუქებულ სულს ამოაყოლებ. მიყვარდა და მიყვარს თეთრი, აქაფებული ჩანჩქერების ბებიას გრძელი კულულებივით ვარდნა, ხავსმოდებულ, ოდესღაც ზღვის შემყურე ლოდებზე შიშველი, გათოშილი თითების ტყაპუნი, მეთევზის ბადის ისეთი სიძლიერით გაშლა, თითქოს მთელ დედამიწას უნდა დაჰფინოსო.

მახსოვს მდინარისთვის კალაპოტის მოპარვა, მოპარულ კალაპოტს მიკედლებული ლიფსიტები, წითელკოპლებიანი, თითქოს საზაფხულოდ გამოწყობილი კალმახი და საკუთარ წვერებზე პატარა ზომის წვერა. ( ამ გადმოსახედიდან რომ მოდას აყოლილს დავარქმევდი)

მიყვარდა ბზის მრავალწლოვან, ერთმანეთს მიჯრილ კორომებში თმაგაშლილს სირბილი და ტეხურის იავნანა სავსემთვარეობას, როცა ღრუბელს ჩამოკიდებული სინათლის ბურთი და გულზე კალაპოტმიკრული მდინარე ერთდროულად ცდილობენ შენს მეგრულ, ხისგან საგულდაგულოდ შეკრულ ოდაში შემოღწევას.

ნაწვიმარს ჩემი უზარმაზარი ბოტებითა და თითისტოლა ფეხებით მივდიოდი მდინარეზე ბრტყელ კენჭებთან „ლახტის“ სათამაშოდ. მთებში ძლიერი წვიმის დროს კი სულ უფრო ახლოს მოცოცავდა ტალღები, ითქვიფებოდა, ტალახდებოდა, ისე, თითქოს ახლახანს უბანავიათ კამეჩებსო, გადმოდიოდა წლობით მიკუთვნებული კალაპოტიდან და ჭალაში იფერთხდა ტალახიან ფეხებს.

სამეგრელო-კახეთის გზას მხრებზე ხანმოკლე მოგზაურობის სევდა ედო  ბარგად. არგათენებულს ჩემი ისედაც ოთხად მოკეცილი ბებია კიდევ უფრო მოიხრებოდა, ხელის ცეცებით გვიკრეფდა შორ გზაზე წასაღებად პანტა მსხალს და დარდისგან სულ უფრო პატარავდებოდა.

უკანა გზაზეც იყო ნაძალადევი ძილი, ერთ დროს მტრის დამხვდურ ციხეების დათვლა, შაქარივით ტკბილი ნაზუქები და შემდეგ ზაფხულამდე დასაგროვებელი ლოდინის დასაწყისი.

მას მერე ათწლეულზე მეტი გავიდა, მე კი წერას მოწყურებულს ისევ ის ჩემი პატარა მოგზაურობები მეხიდება მუზად. იტყვიან, მუზები არ არსებობენო, მაგრამ მაინც, რომ მოყვე, ჯერ უნდა ნახო.