როგორ ვიპოვე მზე ზამთარში

ზეთისხილად გავჩნდი. 23 სექტემბერმა და დრუიდების ჰოროსკოპმა სხვა რომ ვერაფერი გამოიმეტეს, მზის გაუნელებელი სიყვარულით დამსაჯეს. პატარა ვერ ვიგებდი, რატომ ვკარგავდით ადამიანები ზამთარში მზეს და მაინცდამაინც გაზაფხულზე ვპოულობდით. პროტესტიც ბავშვური გამიჩნდა – უნდა მეპოვნა მზე ზამთარში. მისია იმდენად რთული აღმოჩნდა, ხელი ჩავიქნიე… ოღონდ სულ არა, იქამდე, ვიდრე დიდი არ გავხდი და ბედმა ორ, გაზაფხულისა და ზაფხულის ბუნიაობის ადამიანს არ გადამყარა.

მერწმუნეთ, თუ თქვენ მოახერხებთ და შემოდგომის, გაზაფხულისა და ზაფხულის ბუნიაობის ჯადოსნურ წრედს შეკრავთ, ზღაპარში იცხოვრებთ და მზე ზამთარშიც უხვად გაგათბობთ. მოკლედ, დავძმობილდით. ერთხელაც ავდექით და შუაგულ თებერვალში ცოტა ვიფრინეთ თუ ბევრი ვიფრინეთ, ცხრა მთას, ცხრა ზღვასა და ათასობით ღრუბელს გადავუფრინეთ და მზის ღმერთების ქვეყანასაც მივადექით.

 

 

ფოტო ღმერთების ქვეყნიდან

 

 

შარმ-ელ-შეიხს შარმი ნამდვილად არ აკლდა. მზე, ზღვა, ლურჯი ცა, პალმები, აუზები ზუსტად იმ დოზით იყო, ოქროს შუალედს რომ ეძახიან ბრძენთაბრძენები.

ეგვიპტური მირაჟი

 

 

 

 

 

 

 

 

 

სასტუმროს ხედები კი მთლად ზომიერებით ვერ დაიკვეხნიდა და მათით ტკბობით შეიძლება დიაბეტიც აგვეკიდებინა კიდეც.

 

ესეც მირაჟი

მაგრამ ეგვიპტე რა ეგვიპტე იქნებოდა, იქვე აბი გლუკოზა რომ არ მოეწოდებინა ოაზისს იქით გადაბუგული უდაბნოების სახით. რას ვიზამთ, თურმე მზის ძალაც ზომიერებაშია.

 

 

აბი გლუკოზა

სასტუმროს ნომერში შემოქმედებად ქცეული პირსახოცი დაგვხდა.

Art-ხელოვნება

 

გავიჯგიმეთ, გამორჩეულად ყოფნის განცდა სულაც არაა ცუდი, თუმცა ძალიან ცუდია, როცა იგებ, რომ გამორჩეულად ბრიყვი ხარ და მსგავსი Art-ხელოვნება სხვა სტუმრებსაც უხვად ხვდება. სამაგიეროდ, ნამდვილი ხელოვნებაა ოთხი ციფრის კომბინაციის გამოცნობა, როცა სეიფში ფული და პასპორტები გაქვს ჩაკეტილი, ერთხელ აკრეფილი კოდის დამახსოვრება არც გიცდია და აცნობიერებ, რომ “სეზამ გაიღე”-ც არ გშველის. სამაგიეროდ, ჩვენმა ჯადოსნურმა წრედმა გვიშველა. ამრიგად, შევადგინეთ ხარჯთაღრიცხვა და სასტუმროს რესტორანს მივაშურეთ.

გიგრძვნიათ გენდერული ტკივილი?! ჩვენ ვიგრძენით. მომსახურე პერსონალი მხოლოდ მამაკაცებით იყო დაკომლექტებული.

გენდერული ტკივილი

 

თავიდან შევშფოთდით, შემდეგ აღვშფოთდით და როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, არსებულს შევეგუეთ. მით უმეტეს, რომ დამტვრეული რუსულით ფლირტს სულ სხვა ეშხი აქვს და მას რამდენიმე ასეული აქლემის ორჯერ მეტი კუზიც ვერ ანეიტრალებს. დიახაც, ეგვიპტელ მამაკაცს თუ მითხოვდებით, არ ვიცი, თავად რამდენად იხეირებთ, მაგრამ თქვენი ოჯახი აქლემის ფურთხის ღირსი ნამდვილად გახდება, თანაც საკმაოდ სოლიდური ფურთხის.

საქორწინო ბარტერი

საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ეგვიპტელი მამაკაცები არ მოგვწონებია. სამაგიეროდ, ერთადერთი ბიჭი მოგვეწონა, ისიც ქართველი, თან მეგრელი, თუმცა მის რბილ “ლ”-ზე ერთდროულად ამოვიოხრეთ და მეგობრებად დავრჩით. სკამიც ცარიელი დარჩა…

ეულად დარჩენილი ვალენტინი

 

სასტუმრო საექსკურსიო ტურებსაც გვთავაზობდა. ბედუინების ბანაკი შევარჩიეთ.

ბანაკი

ბოლოს და ბოლოს, უნდა გაგვეგო, როგორ უძლებდა პაპანაქებას ეს გადაფუთული ხალხი. ნამდვილად არ მახსოვს, ჯერ გავიგეთ და მერე შეგვცივდა, თუ ჯერ შეგვცივდა და მერე გავიგეთ, მაგრამ ტელევიზორში შენი თვალით ნანახს ისევ შენი თვალით ნანახი რომ ჯობია, მივხვდით : ბედუინების ბანაკში თურმე კარგა გვარიანად ცივა და ალალბედზე წაღებულ ჟაკეტს, პირველ რიგში, აკანკალებული პირის აპარატი მოჰყავს მწყობრში.

ცივი უდაბნო

ბედუინებს ბევრი სატრაბახო აქვთ, თუმცა სწორი მარკეტინგი მათი მთავარი და ყველაზე ძლიერი მხარეა. მოდიან, აქლემზე ასვლას და სეირნობას გთავაზობენ, თანაც უფასოდ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საეჭვოდ გეჩვენება, მაგრამ თანხმდები. პატრონი აქლემს მიწაზე აწვენს, მიდიხარ, ჯდები, აქლემი დგება და შენ იზრდები, თანაც უსაშველოდ.

ბედუინური მარკეტინგი

მერე ერთად სეირნობთ შენ, აქლემი და აქლემის პატრონი. უკვე ფიქრობ, რომ ეს მომსახურება ტურის ღირებულებაში შედის. სწორედ აქ გიდებს ეკონომიკის სწორი ხედვა კვანტს და შენც ჰაერში დარჩენას, მიწაზე მყარად დგომა გირჩევნია – 1 აშშ დოლარად. საქმე იმაშია, ბატონებო, რომ აქლემზე ასვლა და სეირნობა კია უფასო, მაგრამ ჩამოსვლაა ფასიანი და 1 აშშ დოლარი ღირს. მას შემდეგ ჭკუა ვისწავლეთ და მუქთა დაპირებებს ყურსაც აღარ ვთხოვნით ხოლმე.

ვფიქრობ, ფულისადმი სიყვარული და აფერისტობა ეგვიპტელების ნაციონალური დამღაა. ეს დამღა ზოგს დიდი აქვს, ზოგსაც – პატარა, სუვენირების მაღაზიის მეპატრონე ალის კი – უსაშველოდ დიდი. მას ჩემი 5 აშშ დოლარი მართებს, მე მისი – ბევრად მეტი.

თაღლითი ალი

 

უსაფუძვლოდ გამდიდრების შემდეგ, ალიმ მაღაზია დაკეტა და ჩვენს წამოსვლამდე აღარ გაუხსნია. ალის საქციელს მხოლოდ ერთი რამით ვამართლებ, ალბათ სხვის მაღაზიაში ივაჭრა.

სამაგიეროდ, უფრო სტუმართმოყვარე გამოდგა მეორე მაღაზიის მეპატრონე. ახლა რასაც დავწერ, ორსულების ქმრებს შეშურდებათ ყველაზე მეტად – დიახაც, შუაგულ თებერვალში კვერცხისტოლა მარწყვები დავაგემოვნე.

თებერვლის მარწყვი

არ ვიცი, ეგვიპტური თავაზიანობა იმერული თავაზიანობის ტოლფასია, უფრო მეტი თუ უფრო ნაკლები, მაგრამ ჩემი მეგობრები იმერული თავშეკავებულობისკენ მომიწოდებდნენ, რადგან მარწყვი ნამდვილად უფასო იყო.

სუვენირები შევიძინეთ, მაგრამ ეგვიპტე ის ქვეყანაა, რასაც ჩაიტან, უკანვე რომ იმას გამოგატანს, შთაბეჭდილებებსა და მწარე გამოცდილებას თუ არ ჩავთვლით. ნუ შეშფოთდებით, უბრალოდ, სიფრთხილეს ტკივილგამაყუჩებელი მიაწოდეთ და მაშინ შინაც ხელდამშვენებული დაბრუნდებით.
ჩვენც დავბრუნდით შინ, ხელცარიელი რას მიქვია, ხურჯინით ზამთრის მზე და ახდენილი ოცნებები ჩამოვიტანეთ.

შარმიანი შარმ-ელ შეიხი