რატომ მივდივარ მაჩხაანში

დედამიწაზე ერთი ადგილია, სადაც ოდესმე მაინც მიხვალ და გგონია, რომ გიშვილა, გული გაგიხსნა და ძლიერება გადაგაყლაპა. და მერე, როგორც კი დროს იხელთებ გარბიხარ იქ, სადაც გგონია, რომ შენი ბავშვობის სუნი გელოდება.

ბევრჯერ მეკითხებიან რა მიგარბენინებს სულ მაგ მაჩხაანშიო და მეც სულ ბევრი პასუხი მაქვს. მაჩხაანში ერთხელ ჩასული უკან აუცილებლად და ბრუნდები. მაგრამ ერთხელ მაინც რომ წახვიდე, ამისთვის

ბევრი იმიტომ რომ არსებობს:

 

  1. რომ გკითხავენ როგორია კოხტა ქიზიყური სახლი შენ პასუხი გექნება.
  2. ჭვირულ აივანზე წამოჯდომა და ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა ეკოლოგიის ყველაზე კარგი გაკვეთილია, რომ ბუნებას გვარიანად გავუფრთხილდეთ.
  3. ყველაზე მეტი დუქანი საქართველოში რომელ სოფელში იყოო, გეცოდინება – მაჩხაანში 80-მდე მოქმედი დუქანი იყო და ბევრი მათგანი ახლაც ამაყად იმზირება.
  4. გემახსოვრება, რომ 30-40 წლის მერე შენც დაბერდები, მაგრამ მანამდე სიბერესთან შეხვედრებს ამ სოფელში ისწავლი, რადგან ეს ძირითადად მოხუცების და მოხუცებში ჩაბუდებული სევდების სოფელია.
  5. იარო ვირის „ტაჭკით“ სოფლის ორღობეებში, უსმინო ნიავს და შიგადაშიგ ბავშვების სიცილის ხმაც გესმოდეს. მიხვდები, რომ ბედნიერება მარტივია და მაჩხაანშია.
  6. იმიტომ, რომ ცომის გუნდებთან ითამაშო თიხის თონესთან და კნაწუნა შოთის პურები შენ თვითონ გამოაცხო.
  7. ისწავლო ძმარწყალის გაკეთება თონიდან ახლადამოღებული პურის ჩასაწობად და წამიერად შიმშილის მოსაკლავად.
  8. მაშინაც კი თუ ბიოლოგია ნაკლებად გაინტეესებს, აქ, სიმარტოვესთან დარჩენილი პაპები მზად არიან აგიხსნან გაზაფხულის წვიმები რატომ უხდება ჯეჯილს და გაზაფხულის მზეები როგორ აცდუნებს და ნაადრევად აყვავილებს ხოლმე ნუშის ხეებს.
  9. მზის ჩასვლას უყურო სოფლის განაპირა გორიდან და პატარა უფლისუწლი მოიგონო.
  10. მაჩხაანის თეატრში მიხვიდე, რომ ხალხის ძალა იგრძნო. 1899 წელს ჩვენს წინაპრებს თავისი ფულით, თავისი ხელით, თვითონ, სულ თვითონ, მთავრობისა და ყველას ულოდნელად როგორ ააშენეს ბუმბერაზი თეატრი. ადამიანის ძალის დაჯერების ადგილია მაჩხაანის თეატრი.
  11. ევროპაში ბევრი ხეტიალის მერე მიხვდები, რომ მარტო შენა გაქ ასეთი ლამაზი, მოუვლელი და თვითმობილიზებადი სოფელი. რომ ასეთი შეკრული და საზოგადოებრივ საქმეებზე მომართული სოფელი მსოფლიოშიც ძნელი საპოვნია. გასაოცარია ისტორიების მოსმენა, როგორ ააშენეს მაჩხაანელებმა მეცხრამეტე საუკუნეში თვითონ სოფლის ბანკი, საავადმყოფ, სკოლა, თეატრი, სამკითხველო.
  12. სილამაზე დაინახო მარტო ყოფნაშიც. მარტო დარჩენილი მოხუცების ცხოვრებას დააკვირდე და მიხვდე რომ მარტო ყოფნამაც შეიძლება აკიცეკვოს თვალებში სიხარულის ჭინკები. სიმარტოვესთან იცეკვო და ითამაშო ყოველ საღამო, როცა პეჩკასთან მიჯდები, ზედ თონის პურს შემოაწყობ, გახუხავ და ქიზიყურ შაირებს გაიხსენებ.
  13. გაიგო, როგორია ცოცხალი ღია მუზეუმი და გიდებად დაბადებული ადამინების ცხოვრება.
  14. იმიტომ, რომ პასუხი გქონდეს ხელუხლებელ, ავთენტურ სოფელშია, როგორია ღვინის გემო ნოშნრე პაპას მარნიდან.
  15. გაიგო როგორია ბუნებრივი მაღვიძა(მამალი) და გაყინულ სახლში პეჩკის ანთების სამზადისი. ასეთ დილებზე სითბოც სვნაირად ღუნღულდება.
  16. გაიგო, რომ დრო ყოველთვისაა ქალებთან ერთად პეჩკაზე ჭიქებით შემოდგმული თუქული ყავის დასალევად და თვითთერაპიისთვის.
  17. გაიგო, როგორია უმიედო მომავლის ყურება, მაგრამ უიმედობას არ დანებებული ხალხის ყოფა.
  18. ნახო როგორია გაჩერებული რეალობაც, ისეთი თითქოს გგონია სფლის უმოძრაბა იმდენად სტატიკურია, რომ კედელზე ჩამოკიდებული ნახატებივითაა სოფლის ოღობეების კადრებიც.
  19. იგრძნო როგორი შემოქმედი ხარ ადამიანი. როგორი განსხვავებული არქიტექტურის სახლებია და განსახვევულად ჭვირული აივნები აქვთ სახლებს და მარნების თაღებიც კი როგორის ჭრილებიც კი როგორი ნაფიქრი აქვთ მეპატრონეებს.
  20. აქ ყოველთვისაა მიზეზი დიეტა დაარღვიო, თუ გიული დეიდა თავის სამზარეულოში შეგიყვანს.
  21. ნახო როგორ ცვლის ბაზრის დღე, კვირა დღე, ბოდბის ხევის ბაზარი სოფლის რიტმს. როგორ იკმაზება დიდიც და პატარაც ბაზარში წასასვლელად. ბაზარი აქ მარტო პროდუქტის გასაყიდ-გასაცვლელი ადგილი კი არა, ერთმანეთსთან შეხვედრის და იდეების გაცვლის ადგილიცაა.
  22. იმიტომ, რომ ბებო-პაპებთან ერთად სელფი გადაიღო, ატვირთო ფეისბუქზე და მერე უკვე ერთად ნახოთ – ვინ მოსწონს და ვინ რას წერს სელფზე.

მოკლედ, აწი უკვე გული მიგრძნობს,  22 პუნქტიან არზას 100-მდეც ავიყვანთ მაჩხაანზე შეყვარებულები და ერთ დღეს, როცა მაჩხაანიც ტურისტულ მარშუტებში მოწინავე ადგილას იქნება, მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ “მე ერთ-ერთი პირველი ვიზიტორი ვიყავი, ვინც მაჩაანელებს და არა მხოლოდ მაჩაანის დასანახად ახალი თვალი გავუხილე”.