რატომ არ არის ნებადართული შესვლა ისლანდიის ამ კუნძულზე?

  • Home
  • მსოფლიო
  • რატომ არ არის ნებადართული შესვლა ისლანდიის ამ კუნძულზე?

ისლანდიის კუნძული სურტსეი მკაცრი დაცვის ქვეშ იმყოფება, რადგან აქ უნიკალური ეკოსისტემაა, რომელიც 1963 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შეიქმნა.

კუნძული ოთხი წლის განმავლობაში მრავალი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შეიქმნა – და მას შემდეგ განიცდის ქარის ეროზიას. თუ ადრე მისი დიამეტრი 1300 მეტრი იყო, ახლა ის უფრო და უფრო მცირდება და მეცნიერები ფიქრობენ, რომ 2100 წლისთვის ის შეიძლება მთლიანად გაქრეს.

სურტსეის კუნძულზე მკვლევარებს აქვთ საშუალება ოპტიმალურ პირობებში შეისწავლონ როგორ და რა სიჩქარით ვრცელდება სიცოცხლე.პირველი მცენარეები კუნძულზე ჯერ კიდევ 1965 წელს გამოჩნდნენ, კუნძულის წარმოქმნიდან სულ რაღაც ორ წელიწადში. პირველი ზღვის ფრინველები კუნძულზე 1970 წელს გაჩნდნენ.1983 წლიდან სელაპები აქ თავშესაფარს ეძებდნენ, რათა თავიანთი ნაშიერები დაუბრკოლებლად აღეზარდათ. ნიადაგი სავსეა საკვები ნივთიერებებით, იმისათვის, რომ აქ მცენარემ გაიხაროს.

ამ უნიკალური ეკოსისტემის დასაცავად მკაცრი რეგულაციები მოქმედებს კუნძულის გარშემო. სურტსეიზე შესვლის უფლება არავის არ აქვს, გარდა კვლევითი საზოგადოების მეცნიერებისა. ასევე, აკრძალულია დაივინგი კუნძულის მიდამოში, აგრეთვე ბუნებაში ნებისმიერი ჩარევა, უცხო სახეობების შემოყვანა, ნიადაგის ან მინერალების უცხო ნიმუშების იმპორტი.

ამ დრომდე ადამიანის ჩარევა სურტსეის ეკოსისტემაში მხოლოდ ორჯერ მოხდა: 1970-იან წლებში პომიდვრის მცენარე აღმოაჩინეს, რომელიც ალბათ ერთ-ერთი მეცნიერის საკვები ნარჩენებისგან იყო გაზრდილი. 1977 წელს ამოთხარეს კარტოფილი, რომელიც აქ ალბათ მეზობელი კუნძულიდან რამდენიმე ბიჭმა ჩამოიტანა.

2004 წელს სურტსეის კუნძულზე  დაფიქსირდა 69 სისხლძარღვოვანი მცენარე, 71 სახეობის ლიქენი, 24 სოკო, 24 სახეობის ფრინველი, ასევე 335 უხერხემლო ცხოველი. ყოველწლიურად კუნძულზე ემატება ორი-ხუთი ახალი სახეობა. ამრიგად, 2008 წელს კუნძული შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

 

წყარო: top7travel

ავტორი: მარიამ სვანიძე

Tags: