რა ყოფილა გურია …

საქართველო! ადგილი, რომელიც მუდმივად გაოცებს თავისი მრავალფეროვნებით. ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი მიზიდულობა, გამონაკლისი არც გურია გახლავთ.

გურია, რეგიონი რომელიც მდებარეობს საქართველოს დასავლეთით, აჭარის მეზობლად, ყოველხმრივ გამორჩეულია თავისი ხალხით, იუმორით, გეოგრაფიული მდებარეობით და განუსაზღვრელი შესაძლებლობებით. რთულია იმოგზაურო ამ გამორჩეულ მხარეში და არ აღფრთოვანდე ადგილობრივი სტუმართმოყვარეობით. ჩემი ბავშვობის მოგონებების უმეტესი ნაწილი სწორედ რომ პოზიტივით სავსე გურიას უკავშირდება. ალბათ, ისე როგორც აქ, არსად არ იციან ერთმანეთის გვერდში დგომა ჭირსა თუ ლხინში. ჩემი ბავშვობის ქვეცნობიერმა  შემოინახა ბევრი ტკბილი მოგონება, რომელიც ამ რეგიონს, კერძოდ კი ოზურგეთს უკავშირდება.

ამ ბლოგში შევეცდები მოგითხროთ იმ მრავალფეროვნების შესახებ, რომლითაც დაჯილდოებულია „აიი მხარეე“.

როგორც ზემოთ აღვნიშნე მხრე საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მიზეზი კი მარტივია გამიჭირდება დავასახელოთ რეგიონი, რომელსაც აქვს ბუნებრივი რესურსების ამდენი ნიმუში ერთად, როგორიცა: ზღვა, მთა და სამკურნალო წყლები.

ყოველი მოგზაურობის წინ გვიჩნდება კითხვა თუ რა შეიძლება ვნახოთ ამა თუ იმ ადგილას. მე თქვენ მოგიყვებით თუ რა შეგიძლიათ მოინახულოთ გურიაში იმისათვის, რომ თქვენი მოგზაურობა შთაბეჭდილებებით აღსავსე იყოს.

გომის მთა – ადგილი, რომელიც მოგცემთ საშუალებას ღრუბლებს მაქსიმალურად მიუახლოვდეთ. ამ სამთო კურორტზე თქვენ შეხვდებით ხის კოტეჯებს, რომელიც არაჩვეულებრივად ერწყმის ადგილობრივ ლანდშაფტს. თუ გსურთ თქვენი დასვენება ბუნებასთან სიახლოვეში გაატაროთ ეს ადგილი ზუსტად თქვენთვისაა. აქ თქვენ მოწყდებით ქალაქის ხმაურს, შეგეძლებათ განიტვირთოთ და მაქსიმალურად შეიგრძნოთ ის შთაბეჭდილებები, რასაც ეს ეგზოტიკური ადგილი გთავაზობთ. წარმოუდგენლად არაჩვეულებრივი სანახაობის მომსწრეები გახდებით, როცა დაინახავთ თუ როგორ შეიცვლება წამის მეასედებში ამინდი და მოწმენდილ ცას ნისლი შეცვლის.

ბახმარო – გომის მთის მსგავსად სამთო კურორტი გახლავთ. ბახმარო გამორჩეულია თავისი წიწვოვანი ტყეებით, რომლებსაც გამაჯანსაღებელ – სამკურნალო ეფექტი აქვს. ოჯახური დასვენებისთვის იდეალური ადგილია. თუ ამ ადგილას მოხვდებით არ შეიძლება არ ესტუმროთ მზის ჩასვლისა და ამოსვლის გორას. აქ თქვენ წინაშე გადაიშლება არაჩვეულებრივი სანახაობა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. თუ გსურთ თქვენი დასვენება განსაკუთრებული იყოს ეს ადგილი ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ სეზონი 19 აგვისტომდე გრძელდება და გრანდიოზული დოღით მთავრდება.

ნაბეღლავი – დიახ! ეს სწორედ ის ნაბეღლავია, რაზეც თქვენ იფიქრეთ. გურიის სიამაყეს წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიში არსებული სოფელი სახელად ნაბეღლავი, რომელსაც საქართველოს გარდა მთელ მსოფლიოში იცნობენ. თუ ბახმაროში დასვენებას გადაწყვეტთ არ შეიძლება უყურადღებოდ დატოვოთ ეს განსაკუთრებული ადგილი, სადაც თქვენ შეგეძლებათ დააგემოვნოთ წყალი, რომელიც განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.

ურეკი – საზღვაო კურორტია, რომელიც გამორჩეულია მაგნიტური ქვიშით. იგი სასარგებლოა ბევრი დაავადებისთვის. კურორტი კარგია ოჯახური დასვენებისთვის, რადგან აქ სხვა საზღვაო კურორტებისგან განსხვავებით, გართობის ბევრი საშუალება არ არის. პირიქით, მეტად მორგებულია ბავშვებზე. ურეკში წასვლის საუკეთესო დრო აგვისტო-სექტემბერია, როდესაც მზისა და ქვიშის შერწყმა ყველაზე სასარგებლოა.

გრიგოლეთი – საზღვაო კურორტი, რომელიც ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა საინტერესო ადგილია მათთვის, ვისაც სურს მშვიდი და წყნარი დასვენება. კურორტზე ძირითადად კოტეჯები და საოჯახო ტიპის სასტუმროებია. აქ ვერ შეხვდებით თქვენ მაღალ ცათამბრჯენებს და მდიდრულ სასტუმროებს, თუმცა კარგ შესაძლებლობას იძლევა ქალაქის სიცხეს გაექცეთ და ფიჭვნარის ჩრდილ ქვეშ პიკნიკი მოიწყოთ, ასევე ისიამოვნოთ მაგნიტური ქვიშით და მშვიდი ზღვით.

შეკვეთილი – საზღვაო კურორტი გრიგოლეთის მსგავსად, მშვიდი და წყნარი დასვენებისთვის. ამ შემთხვევაშიც თქვენ შეხვდებით წიწვოვანო ტყეებისა და ზღვის ჰარმონიულ შერწყმას. კურორტზე მდებარეობს საქართველოში ყველაზე დიდი „შავი ზღვის საკონცერტო არენა“, სადაც ისეთი დონის მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდისნ როგორიცაა: აეროსმიტი, კრისტინა აგილერა, ელტონ ჯონი და სხვები. თქვენ საშუალება გაქვთ დღისით ზღვაზე დაისვენოთ, საღამოს კი მათ კონცერტზე აღმოჩნდეთ. კურორტის ახლომახლოს მდებარეობს ასევე გასართობი პარკი „ციცინათელა“, რომელიც ყველა სეგმენტის ადამიანის ინტერესს აკმაყოფილებს.

ასკანის ციხე – თამარის მეფის ციხე, რომელიც წარმოადგენს ფეოდალური ხანის ნაგებობას. იგი მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფელ მთისპირში, მდებარეობს. ვრაუდობენ, რომ ციხის პირველი უძველესი ფენა IV საუკუნისაა, უახლესი კი XIX საუკუნის. სამეცნიერო ექსპედიცია ციხეზე არასდროს ყოფილა და ის დღედმე შეუსწავლელია. მათ, ვისაც თავგადასავლები და აღმოჩენები გიზიდავთ ეს ადგილი არ უნდა გამოტოვოთ გურიაში მოგზაურობის დროს.

შემოქმედის მონასტერი – შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. კომპლექსი მდებარეობს მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 7-8 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი მოიცავს ორ ძირითად ტაძარს. მიმდებარე ტერიტორიაზე ვხვდებით ასევე გამოქვაბულს, რომელიც შედგება ორი მთავარი განყოფილებისაგან – ორი ოთახისაგან, პირველი ოთახი უფრო პატარაა ვიდრე მეორე. გამოქვაბულის შესასვლელი ჩრდილოეთისკენაა. მოყვანილობა ნახევრად ოვალისებური აქვს. დღეს გამოქვაბული მიტოვებულია. ეს ძგლიც შეიძლება თამამად შევიყვანოთ იმ ნუსხაში, რასაც გურიის მოსანახულებელი კულტურული მემკვიდრეობა ქვია.

ჯუმათის მონასტერი – ბევრისთვის არც თუ ისე ცნობილი ადგილი გახლავთ, თუმცა დამიჯერეთ საოცარი შთაბეჭდილებით სავსე დაბრუნდებით ამ ულამაზესი ადგილის მოლოცვის შემდეგ. სამონასტრო კომპლექსი ოზურგეთიდან 14 კმ-ში, ზღვის დონიდან 492 მ-ზე მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება დასავლეთ საქართველოსა და აჭარის სანაპირო ზოლზე.

ლიხაურის ციხე – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც მეორენაირად თამარის ციხეს, ჭინეთის ციხეს ეძახიან. ძეგლი გურიის სოფელი ლიხაურის ცენტრიდან 2კმ-ში მდებარეობს. ციხე-კოშკი გალავნისა და რამდენიმე კოშკისგან შედგება. 4 სართულიანი ნაგებობა გარდა დავდაცვითი დანიშნულებისა, ასევე გამოიყენებოდა საცხოვრებლადაც. მათთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია ისტორიული ძეგლები, ეს ადგილი საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს.

აჭის მონასტერი – წმინდა გიორგის სახელობის XIII-XIV საუკუნეების დარბაზული ეკლესია  სოფელ აჭში, მდებარეობს. აქვე ჩამოედინება მდინარე აჭიც, რომლის კამკამა წყალი და შესანიშნავი ხეობა საშუალებას გაძლევთ გაგრილდეთ და დაისვენოთ. აჭი გომის მთის გზაზე მდებარეობს, ამიტომ თუ ამ მიმართულებით წასვლას გადაწყვეტთ არ შეიძლება ყურადღების გარეშე დატოვოთ ეს შესანიშნავი ადგილი .

მინიატურების პარკი –არის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი გურიის რეგიონში. თუ გსურთ იმოგზაუროთ საქართველოს მასშტაბით ერთ დღეში, მინიატურების პარკი ამისთვის საუკეთესო საშუალება. აქ ნახავთ 50-მდე არქიტექტურულ და კულტურულ ძეგლს, რომელიც მოიცავს მთელს ქვეყანას. ბევრგან ვერ შეხვებით მსგავს პარკს. პარკში შესვლილას თქვენ წამის მეასედებში იმოგზაურებთ თბილისიდან – ყაზბეგში, ყაზბეგიდან – იმერეთში ა.შ. ამიტომ, თუ ამ რეგიონში მოხვდებით ეს პარკი აუცილებლად უნდა ნახოთ.

წვერმაღალას პარკი – გურიაში სოფელ ნატანების სიახლოვეს მდებარეობს პარკი, რომელიც განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო საშუალებას გაძლევთ. პარკში უამრავ მცენარესთან ერთად ვხვდებით ხელოვნურ ტბას, დასასვენებელ სივრცეებსა და ხეივნებს. პარკში არსებული ორ დონიანი კიბეების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ახვიდეთ მეორე იარუსზე, საიდანაც წარმოუდგენლად ლამაზი ზღვის ხედი იშლება.

და ბოლოს, არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა და მათი სტუმართმოყვარეობა. მაშინაც კი, როდესაც მოულოდნელად მიდიხართ მათთან გაუჩენელს გააჩენენ და დამახასიათებელი გულუხვობით გაგიმასპინძლდებიან. მათი ყოველდღიური ყოფა კი იუმორით სავსეა.

 ავტორი:თორნიკე ფურცელაძე

Tags: