აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მოგზაურობისგან მიღებული განცდა ერთგვარი კოგნიტური პროცესია, რომლის სიამოვნების მაშტაბსაც გონებაში ნეირონების მეშვეობით შენახული ინფორმაციის სიდიდე განსაზღვრავს. ეს ინფორმაციული ნაკადი, როგორც ერთგვარი თანამეგზური, შენ ვიზუალურ ვექტორს შინაარსობრივ მხარესთან აკავშირებს და შინაგან კმაყოფილებას განიჭებს.
სწორედ ასეთი სიამოვნების ძიებაში მყოფმა გადავკვეთე ფინეთის საზღვარი. ეს ქვეყანა ვისთვის საუნასთან, მძიმე მეტალთან , ‘’Angry Birds’’- თან, ვისთვის კი უბრალოდ ფანრიან ნოკიასთან ასოცირდება. ჩემი ინტერესის სფერო სრულიად განსხვავებული იყო – მომდევნო 3 თვის განმავლობაში ფინელებს საერთაშორისო საბავშვო ბანაკის ორგანიზებაში უნდა დავხმარებოდი, რაც თავის მხრივ მოუთმენლობის გრძნობას მიმძაფრებდა, და უფრო მეტიც – მიასკეცებდა.
მოგზაურობას ერთი უცნაური ჩვევა აქვს, უცხო გარემოში აღქმულ საგანსა თუ მოვლენას ინსტიქტურად მშობლიურთან აკავშირებ. შედარებითი ანალიზი ძირითადად შურნარევია და შენში დანაკლისის გრძნობას იწვევს, თუმცა ამავე გრძნობას ხშირად შენივე ქვეყნის სიყვარული ფარავს და ბრიყვულად გარწმუნებს … – ‘’არა, ჩვენი ჯობს’’.
მიკუთვნებულობის ეს განცდა მაშინვე კარგავს აზრს, როდესაც საზომ ერთეულად რიცხვები გევლინება. ფინეთთან მიმართებაში კი ეს რიცხვები 2 კატეგორიად დალაგდა: 1. ჩემი იქ ყოფნის დროს, ფინელებმა საერთო მტერზე გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს, ჩვენ კი მხოლოდ 27 წელს ვითვლით და 2). განათლების სისტემის შეფასების ყველა ინდიკატორით ფინეთი მსოფლიოს ლიდერი ქვეყანაა, ჩვენ კი ამავე რეიტინგში საუკეთესო ასეულშიც კი ვერ შევდივართ.
პირველ კატეგორიაზე, როგორც მწარე ისტორიულ რეალობაზე დიდად ყურადღება არ გამიმახვილებია (თუმცა სინანულის გრძნობა მაინც დამიტოვა), მეორე ნაწილმა კი სრულიად თავდაყირა დააყენა ჩემი დამოკიდებულება სკოლის, მასწავლებლებისა და ზოგადად განათლების სისტემის შესახებ.
დედაქალაქი, როგორც ქვეყნის კულტურული ცენტრი, ხშირად პრესტიჟითა და უპირატესობებით სარგებლობს, ამიტომ, ჰელსინკისგან მეტად მოხიბლულმა, გადავწყვიტე დროის დარჩენილი პერიოდი ისეთ პროვინციაში დამეყო, რომელიც ტურისტულად ნაკლებად მიმზედველი, მაგრამ სასკოლო განათლების ზოგადი შეფასებისთვის შესაფერისი იქნებოდა. მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება შინაგანი მდგომარეობის გამოძახილიც იყო, პროვინციაში მიღებული განათლებით, ჩემივე ქვეყნის დედაქალაქში ‘’ჩამოსულად’’ წოდებული, თავს უფლებას არ მივცემდი მხოლოდ ჰელსინკის პრიზმიდან აღმექვა მთელი ქვეყანა.
ასე აღმოვჩნდი სომეროში. ზუსტად რომ წარმოიდგინოთ, ეს ადგილი ისეთივე მაშტაბებისაა როგორიც ლანჩხუთი, ტყიბული, დუშეთი ან ნებისმიერი ის ქალაქი, რომლის მოსახლეობაც არ აღემატება 10 000-ს, ხოლო ტერიტორია 600 კმ2-ს, თუმცა, რაღა დაგიმალოთ და მაშტაბების გარდა, ამ ქალაქებს სხვა არაფერი ქონდათ საერთო.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სკოლა, სადაც 12 წლის განმავლობაში შენი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს ატარებ, ისეთივე განსხვავებული იქნებოდა, როგორიც ამ პატარა ქალაქში. ეს განსხვავება თავდაპირველად ვიზუალურ ეფექტად აისახა, შემდეგ კი სისტემურ ნაწილად გაქრდაიქმნა.
ფინური სკოლა, თავისუფლების სრული გამოძახილია. ადგილი, რომელიც გარდა საკლასო ოთახებისა, დასვენების, კვების, გაჯანსაღების, გართობისა და ბედნიერებისთვის საჭირო სხვა მიკრო სივრცეების ერთობლიობას წარმოადგენს. ეს სივრცეები ისეა ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშრებული რომ კომფორტისა და უბრალოების განცდას ერთდროულად გიქმნის.
სწორედ ამ დროს იჩენს თავს ზემოთ ნახსენები ‘’მშობლიური ინსტიქტი’’. ქაოტურად ერთანეთში მერევა ყველა ის სკოლა, რომელშიც საქმიანობიდან გამომდინარე ჩემ ქვეყანაში ვყოფილვარ და რომელთა რაოდენობაც ჯამში 60-ს აღემატება. გარემოს, რომელსაც ზოგ მაღალმთიან სოფელში შეშის ღუმელი ‘’ალამაზებს’’, ზოგგან კი უვარგისი ინფრასტრუქტურა, მხოლოდ ზედაპირული მხარეა, სისტემურად კი იმაზე რთულად გვაქვს საქმე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს შურნარევი შედარებითი ანალიზი მხოლოდ ერთ რამეში მარწმუნებს – ქართველი ბავშვების ნიჭიერება იმსახურებს იმას, რასაც სომეროს სკოლაში ვხედავ.
ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, თუ როგორ შექმნა 5.5 მილიონიანმა სახელმწიფომ განათლების საუკეთესო სისტემა მსოფლიოში, თანაც ისე, რომ თინეიჯერობის ასაკამადე მოსწავლე პრაქტიკულად არ ასრულებდეს საშინაო დავალებას და მისი წარმატების ხარისხი იზომებოდეს ინდივიდუალურად, მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში (No child left behind).
ამ მიდგომის რაციონალურობას კი ‘’PISA’’-ს (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) კვლევებიც ადასტურებს. წიგნიერებაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში დაგროვებული ქულების მიხედვით, ფინელი მოსწავლეები უმაღლეს შედეგებს ინარჩუნებენ.
თუ ხართ მასწავლებელი, და ცხოვრობთ ფინეთში, ჩათვალეთ რომ თქვენი საქმიანობა ყველაზე პრესტიჟულ და სასურველ პროფესიებს მიეკუთვნება. ამისთვის კი მინიმუმ მაგისტრის ხარისსხი დაგჭირდებათ. ბოლო კვლევების მიხედვით, მასწავლებელთა 97% ბედნიერია იმით, რასაც აკეთებს. ამ სტატისტიკის რეალობაში ჩემი იქ ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო დავრწმუნდი, თუმცა შეუძლებელად მიმაჩნია ბედნიერი არ იყო მაშინ, როდესაც შენი საქმიანობა ექიმის, ადვოკატის, მოსამართლის თუ სხვა პროფესიების გვერდით დგას და საშუალოწლიური ანაზღაურება მინიმალური კვალიფიკაციითაც კი (დაწყებითი კლასები), 35 000-დან 40 000 ევრომდე მერყეობს.
ფინურმა სკოლამ, განათლებასთან დაკავშირებული ყველა სტერეოტიპი ერთი შეხებით დამიმსხვრია. ფოტო, რომელიც ერთ-ერთ საკლასო ოთახში გადავიღე, სისტემის პირდაპირი გამოძახილი აღმოჩნდა.
ამ საყვარელი თაგვის უკან, არც მეტი არც ნაკლები, მასწავლებელი იმალება. წარმოდგენაც კი არ მინდა, ასეთ ფაქტს ქართულ სკოლაში რა შეიძლება მოყოლოდა, თუმცა რა გასაკვირია, ჩვენ ხომ ავტორიტარული განათლების სისტემური წნეხის ქვეშ მყოფებს, წლების განმავლობაში ჯიუტად გვჯეროდა – ‘’მასწავლებელი საჭმელს არ ჭამს და ტუალეტში არ დადის’’.
ამ თეზისის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობის აფსურდულობაში ფინურმა სკოლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ მასწავლებელი ჩვეულებრივ ადამიანად აღიქმევა, გაუცხოების ხარისხი კი თითქმის ნულამდეა დაყვანილი. ეს ფაქტი თავის მხრივ მიზეზია იმისა, რატომაც ფინელ ბავშვს ვერასდროს დაემუქრები, ‘’წლის ბოლოს მე გავიცინებ’’, აქ ღიმილი და ბედნიერება ყველასთვის გარდაუვალი პროცესია.
ეს ყველაფერი ვისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, ვისთვის არა, მაგრამ ფაქტია, რომ მოსწავლეებთან ერთ-ერთ თამაშში დამარცხებულ მასწავლებელს, თავგვის ფორმაში ყოფნა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს.
ამ ბავშებთან გატარებული ყოველი დღე, ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, მათი თვალებიდან მხოლოდ ბედნიერება და სიხარული იკითხებოდა. ეჭვგარეშეა, ეს ყველაფერი იმ მიდგომის დამსახურება იყო, რომელი მიდგომაც მომავალ თაობას არა გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის ამზადებდა.
ფინური რეალობის შემყურე, ღიმილით ვიხსენებდი სკოლაში გატარებულ პერიოდს, წლების განმავლობაში სისტემისაგან და ახლობლებისგან ფსიქოლოგიურად შევიწროვევებულს ერთადერთ მიზნად რომ უმაღლეს სასწავლებელში, უმაღლესივე ქულებით ჩარიცხვა დამესახა.
კარგად მახსოვს ეროვნული გამოცდების შემდეგ, როგორ დამირეკა ჩემმა იმერელმა ბებიამ და აკანკალებული ხმით მკითხა :
- მეეწყვე ბებია ?
- მევეწყვე, მევეწყვე.
ჩემ ‘’მოწყობას’’ მაშინვე მიადგა ჩრდილი, როდესაც გავიგე, რომ 50 % -იანი სასწავლო გრანტი მოვიპოვე, და ახლობლებისგან ამდენივე პროცენტიანი ეჭვით მომცქირალი მზერა ვიგრძენი.
ფაქტია, ჩვენმა განათლების სისტემამ ‘’მოწყობისთვის’’ აუცილებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. შემწვარი გოჭითა და ‘’ოციანით’’ დაწყებული ურთიერთობა, ფინანსურ ინტერესებში მალევე გადაიზარდა და გაჩნდა ტერმინი ‘’ჩაწყობა’’. საბედნიეროდ ეს ტენდენცია დიდი ხნის წინ დასამარდა, მაგრამ სისტემა ისევ კრიზისშია და ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს, ამ კრიზსს საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებშც კი ნათლად დაინახავთ.
და მაინც, რა სარგელობა მოაქვს მამალს ?
ეს კითხვა რომ ფინურ სკოლაში დაესვათ, დარწმუნებული ვარ, რომ იმ შეშინებულ ბავშვს, (რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია) კუთხეში დაყენებით არავინ დასჯიდა. განსხვავებული აზრის უგულებელყოფასთან გვაქვს საქმე, თორემ რატომ არ შეიძლება ‘’დაჩინჩვლა’’ როგორც რეპროდუქციის ნაწილი, მამლისგან მიღებულ სარგებელში ჩაითვალოს, თუ ამ პროცესს აქვს კონკრეტული შედეგი – კვერცხი ?! ამ მეტად მხიარული ფილმის ნაწყვეტის სერიოზულად განხილვას არავინ აპირებს, მაგრამ ფაქტია, ეს ეპიზოდი დიდი ხანია ლაიტმოტივად გაზდევს განათლების სისტემას.
და ბოლოს …
აბსოლიტურად დარმწმუნებული ვარ, რომ მოგზაურობას შეუძლია პრაქტიკულად დაგანახოს ის, რასაც თეორიულადაც კი ვერასდროს წარმოიდგენდი.
ჩემ მიერ აღქმულმა ფინურმა სკოლამ კი შემდეგ აქსიომაში დამარწმუნა:
განათლება = ბედნიერება.