რა ფერი აქვს მოგზაურობას?

ბოლო პერიოდია, რაღაც გარკვეული მოვლენების და ადამიანების აღქმა ფერების მიხედვით დავიწყე. ყველაფერს და ყველას თავისი ფერის გარსში ვხედავ. ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის ძვირფასები არიან, თავიანთი, ინდივიდუალური ფერი აქვთ, მაგრამ აბსოლუტურად ყველას, მზისფერი დაჰკრავს, აი იცით როგორი? მზის სხივის, გახუნებული ფერი…

დიდი ხანია ვმოგზაურობ და ევროპა დაპყრობილი მაქვს მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი(ამერიკა და აზია ხომ საერთოდ). ძალიან ღრმა ბავშვობაში, არც კი მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, გასტროლებით საბერძნეთში წავედით, ავტობუსით. ცუდი მეხსიერება მაქვს და საერთოდ არაფერი მახსოვს, იმ ნატანჯი დღეების გარდა, რომელიც ავტობუსში გავატარე. სამწუხაროდ ჩემს მეხსიერებაში მხოლოდ ის ჩარჩა, როგორ მეხვეოდა თავბრუ და როგორ ვთხოვდი ავტობუსის მძღოლს ყოველ საათში ერთხელ გაეჩერებინა, რომ ძირს ჩამოვსულიყავი და სული მომეთქვა.

მერე პარიზში ვიყავით, მე დედაჩემი და ჩემი და. პარიზის სუნი მახსოვს, ქუჩების და მუზეუმების. ხალხის გაღიმებული და თავაზიანი სახეებიც მახსოვს და რა თქმა უნდა, დისნეილენდიც. იმდენ ატრაქციონზე ვიჯექი, საბოლოოდ ქრონიკული გულისრევა რამდენიმე დღე გამყვა, მაგრამ პარიზს ჩემთვის მეტროს სუნი აქვს, სიჩქარის და სიმშვიდის, სიმყუდროვის და სინაზის სუნი…

რამდენიმე წლის შემდეგ, პარიზს მეგობრებთან ერთად სულ სხვა მისიით დავუბრუნდი. ბავშვური, ზღაპრული და ვარდისფერი სათვალეებით დანახული იქაურობა ცოტა ხნით გვერდით გადავდე და თითო ფეხის ნაბიჯზე, აღმოჩენებს ვაკეთებდი, მერე ჩემთვის ჩუმად ვინიშნავდი და დროდადრო პატარა ჩასწორებებს ვაკეთებდი. პარიზის მეტრო 12 წლის შემდეგ, ასეთი დამხვდა

მეტროს სიჩქარის სუნი დაჰყვება, აქ არავინ გელოდება და დროსაც არ აქვს წამები. აქ საათები კი არა, არც წუთები გადის და აქ ყოველთვის ჩქარობ, იმიტომ რომ სიყვარულისთვის გაგვიანდება. მეტროში ფეხის ნაბიჯები სწრაფად უნდა გადადგა, იმიტომ, რომ ვაგონზე კი არა, ცხოვრებაში გაგვიანდება. ვაგონში კი ფეხზე უნდა იდგე, იმიტომ რომ აქ გასწრებენ და შენზე მარტივად პოულობენ თავისუფლებას და აქ ამ გრძნობას ვერავინ გასწავლის. მიწის ქვეშ ხარ და უსუსური ხარ, იმიტომ, რომ საკუთარ თავთან როგორც არასდროს, ისე ხარ მარტო და აქ გაკვეთილს საკუთარ თავს მხოლოდ შენ უტარებ, მასწავლებელიც შენ ხარ და მოსწავლეც, დამწყებიც და კურსდამთავრებულიც.

მეტროს ხაზი აქ ძალიან ბევრია და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ყველა ამოსასვლელს შენ უნდა უპოვო აზრი და არჩევანიც მხოლოდ შენზეა. კითხვის დრო კი, მხოლოდ სახლშია, ან ქუჩაში, ანდაც იმ ბაღში, სადაც შენი კითხვის პარალელურად მეეზოვე საკუთარ თავისუფლებას მცენარესთან მოფერებაში პოულობს და შენც იქნებ კითხვაში ამოიცნო საკუთარი თავი, რომ შემდეგ ისევ მიწის ქვეშ დაბრუნდე და სწორი გასასვლელი იპოვო.

პარიზელები ცხოვრობენ ქალაქში, სადაც მეტროს თავისი სიჩქარის სუნი აქვს და აქ სიმშვიდესთან ისე გაგვიანდება, როგორც არასდროს, ამიტომ იჩქარე, რომ ოპოვო გზა მისასვლელამდე და გაიღიმო ისე, რომ უკან დაბრუნებისას სხვა გასასვლელი აღმოაჩინო, ოღონდ ეს გზა გრძელია, ლიანდაგებივით მტკიცე და უშუალო.

სიჩქარის საათია! წადი!

პარიზამდე პირველი გაჩერება იყო ვარშავა, ფერადი, ცოტა მოსაწყენი და საბოლოოდ ძალიან სევდის მომგვრელი. ქალაქი, სადაც მუდამ ჩუმად არიან და ქალაქი, სადაც შეგრძნება გაქვს, რომ იქაური ვერასოდეს გახდები, მათთან ერთად ვერასდროს იცხოვრებ, რადგან შენ მათთვის სხვანაირი ხარ და ისინი არავითარ შემთხვევაში, არასდროს მიგიღებენ. თუმცა, ვარშავას თავისი მუსიკა აქვს, ცოტა მოსაწყენი და ძალიან ფერადი და შენი სუნი აქვს ამ ქალაქს, წვიმის და აუტანელი სიმარტოვის, მზის და ჩრდილში სიგრილის. შენნაირი წესიერია ეს ქალაქი, თავისი ცაზე ღრუბლების განლაგებით და ქუჩაში ფილების პროპორციულობით. ვარშავა სიმარტოვის ქალაქია, ამიტომ მეგობრებთან ერთად ბევრი უნდა იარო, ერთსა და იმავე ადგილს წრე ბევრჯერ უნდა ურტყა, რომ ეს გრძნობა გაფანტო და როცა ღამდება, როცა ქალაქი ძალიან ღრმა ძილით იძინებს და ამ დროს ქუჩაში ვერასოდეს ნახავ აღტკინებულ ადამიანს, გინდა იყვირო ხმამაღლა, რომ ბედნიერი ხარ, რომ ტკივილისა და აუტანელი სევდის მიუხედავად ადამიანი ხარ და გინდა იყვირო, რომ გიყვარს, გიყვარს შენი ფეხის აუჩქარებელი ნაბიჯები, გძულს სიმარტოვე და გინდა რომ იღრიალო, რომ შენ არსებობ, ყველა გრძნობით და…მალე ქალაქიც იღვიძებს, ოღონდ შენთან ერთად, მასაც არასდროს ემახსოვრება ღამით ჩადენილი ცოდვის საათები.

ღამის, ფრენის საათია!

პარიზში რომ გათენდა, ან სანამ დაღამდებოდა,ზუსტად არ მახსოვს, მივხვდი რომ მიყვარდა ისე სიგიჟემდე,რომ კინაღამ მოვკვდი.
ისე მწარედ მეტკინა გული,რომ ძლივს ამოვისუნთქე.
თვალები ძლივს გავუსწორე შენობებს და ჩუმად ჩავჩურჩულე-რა არ მახსოვს.მზემ რომ დააჭირა და გარეთ ქუჩებს გახუნებული სხივის სუნი აუვიდათ,სული გამითბა და კიდევ რაღაც ვთქვი-არც ეგ მახსოვს.
წვიმა გავიცანი და მივხვდი რომ ერთნაირად გვიყვარს და გვტკივა.
აქ გვიან ღამდება და პარიზის ბინდი ისე გეფერება,რომ ცოტა სიარულს უკლებ და მიხვრა მოხვრაც გეცვლება. ქალაქი გეჩურჩულება ისე,როგორც საყვარელი ადამიანი სიყვარულის გამოტყდომამდე და მისი ღიმილი ყურის ძირში კოცნას გავს.
პარიზი ეწევა,ბევრს და გემოვნებიანს.ეწევა შარვალ კოსტუმში გამოწყობილი და პერანგის ბოლო ღილი ყელზე უჭერს,ამიტომ ოდნავ შეხსნილი აქვს,თმას ხშირად წყლით ისველებს და მეტროთი გაჩერებიდან გაჩერებას იცვლის.
მდინარის პირას სიარული საკუთარ თავთან ცოდვების გამოტყდომას გავს და იქ არ ყრია კენჭები დარდის გასაქარვებლად,ქალაქის ნიავი შენს უხასიათობას მაინც წაიღებს.
ფრანგულად ლაპარაკი ფრანგულ კოცნას გავს და აქ ყველაზე კარგად იციან სხეულის ენა.
აქაურობას თავისი მუსიკა აქვს,ამყოლი და გულისამაჩქარებელი,მეტროს გუგუნს და ფეხის ნაბიჯების ხმას სუნამოს სურნელი მიჰყვება და სადღაც აუცილებლად ვიღაცა ვიღაცას სიყვარულს სიკვდილამდე ეფიცება,ამასობაში რომელიღაც ქუჩაზე ის სუვენირებს ყიდულობს და შენ მწვანე ფოთლებს აგროვებ.
თუ დედამიწა განადგურდება,თუ სიყვარული აღარ დარჩება,თუ ჩახუტების ძალა აღარ იგრძნობა და თუ კოცნასაც აღარ ექნება თავისი გემო,იდგება სუნი პარიზის,შემაძრწუნებლად სასიამოვნო და მაშინ,სადღაც ზემოთ,ღმერთს გაახსენდება,რომ პარიზი სიყვარულის ქალაქია და რაც არ უნდა მარტო იყო,მიტოვებული და სიკვდილამდე გულნატკენი,ის წელზე ხელს მაგრად შემოგხვევს,მხარზე მიგიკრავს და ჩუმად,მაგრამ აუცილებლად გეტყვის,რომ უყვარხარ,შენი რელიგიის და ბგერის წარმოთქმის განსხვავებულობის მიუხედავად ძალიან უყვარხარ და არასოდეს,დედამიწის ზურგზე რომ არ არსებობს ისეთი საუკუნე,აიმ იმ დრომდე,მზის იქითაც არ მიგატოვებს..

ჩემთვის პარიზი ასეთია და იცით რა? როგორც ჩემთვის ყველა საყვარელ ადამიანს, მასაც დაჰკრავს მზის ფერი. ჩემთვის პარიზი გახუნებული მზის სხივის ფერია და მას არცერთი ჰგავს.

ჩემი მოგზაურობა წვიმის ფერია, იმიტომ რომ ყოველთვის არის რაღაც გარკვეული სევდა შენში, როდესაც მოგზაურობას იწყებ, ამ სევდას კი განსაკუთრებით ის ამწვავებს, როცა თვითმფრინავში ხარ და ღრუბლებს ფურცლებივით ჭრი, დაჰყურებ ქალაქს ზემოდან და ხელის თითებით არასებულ კაცუნებს შიგნით აცხოვრებ. ცოტა ხანში იძინებ და მხოლოდ რძისფერს ხედავ, სადაც შენ ხელებგაშლილი დგახარ, ზემოთ იყურები და წვიმას ელი, წვიმას, რომელიც ამ ფერს ჩამორეცხავს და ალბათ მალე მზეც გამოანათებს, მზე რომელიც შენთვის მზისფერი სულაც არ არის.