რა იყავი მოგზაურობამდე და ვინ გახდი მის შემდეგ

  • Home
  • ბლოგები
  • რა იყავი მოგზაურობამდე და ვინ გახდი მის შემდეგ

იყო და არა იყო რა, ამ ქვეყნად მოგზაურობაზე უკეთესი რა იქნებოდა.

გაგონილი მქონდა, რომ მოგზაურობა ცვლის ადამიანს. დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რა იგულისხმებოდა ადამიანის შეცვლაში, ან რის შეცვლა – ვფიქრობდი ხოლმე ჩემთვის. მეტსაც გეტყვით, სკეპტიკურად ვიყავი მოგზაურობასთან მიმართებით. ვთვლიდი, რომ ეს იყო დროის, ენერგიის და ფულის ხარჯვა. ივლი, ივლი,ივლი და დაიღლები, აზრი ? თუმცა, როდესაც ჩემმა მეგობრებმა თქვეს ერთ დღესაც : ,,მოდი, ვიმოგზაუროთ”, მეც რატომღაც, პირდაპირ თანხმობა მივეცი, მიუხედავად ჩემი ყოველგვარი სკეპტიკური დამოკიდებულებისა მოგზაურობისადმი. გეგმა იყო შემდეგი: ცხვარიჭამიაში, რომელიც ეკუთვნის მცხეთა-მთიანეთს, იყო მეგობრის სახლი, წავედით თბილისიდან,ზაფხულის პერიოდი იყო. დავბინავდით, მზად გვქონდა ყველაფერი, ყველანაირი აღჭურვილობა მოგზაურობისთვის. მეორე დილით კი გავემართეთ სიონისკენ, არც მეტი, არც ნაკლები, ფეხით. დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი მანძილია. კინაღამ დამავიწყდა, პირველი ლაშქრობა იყო თან, ამ ყველაფერს დაუმატეთ ისიც, რომ ჩაგვეძინა და შუადღისით, პაპანაქება მზეში მოგვიწია გამგზავრება. ვიცი, რაც იფიქრეთ, რეალურად საკმაოდ დაუგეგმავი იყო ყველაფერი, არც შეგეწინააღმდეგებით. გავემართეთ სიონისკენ და უკვე დღის 11-12 საათი იქნებოდა. აქედან დაიწყო ყველაფერი. რაც მოგიყევით აქამდე ეს იმდენად საინტერესო არაა იმას შედარებით, რაზეც ახლა დავიწყებ საუბარს.

ის მანძილი, რაც ჩვენ გავიარეთ, არავისთან ვლაპარაკობდი, მხოლოდ მივდიოდი და ვფიქრობდი ყველაფერზე. ჩემი ეს პირველი მოგზაურობა აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობდი ადამიანის პირველყოფილ ბუნებაზე, ვფიქრობდი პირველ ადამიანზე, ვფიქრობდი მომავალ ადამიანზე. ვხვდებოდი, რომ ამ ფიქრში ვიზრდებოდი. დიახ, მივდიოდი და ვიზრდებოდი. არ მაწუხებდა ზაფხულის მწველი მზე, არც ის, ჭაობში რომ მრავალჯერ ჩავდგი ფეხი, არც გახეული მაისური მაწუხებდა, რომელიც ტანზე მეცვა. უბრალოდ მივდიოდი და ვფიქრობდი ყველაფერზე. მოგზაურობა არ ყოფილა მხოლოდ ახალი ადგილის ნახვა, მოგზაურობა არაა მხოლოდ დასვენება, ეს არის გარდამტეხი მომენტების პერიოდი, ეს არის წინსვლა ცხოვრებაში. თითქოს მიდიხარ და ამ სიარულში შენ თავს უყურებ შორიდან, შენს ცხოვრებას, შენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მიდიხარ და ხვდები, როგორ იზრდები. როგორც კი მიხვალ დანიშულების ადგილას შეატყობ, რომ შეიცვალე, ის აღარ ხარ, ვინც მოგზაურობის დაწყებამდე იყავი. სწორედ არის არის მოგზაურობის მთელი არსი. საღამოთი, როგორც იქნა ჩავედით, მეგობრებმა გაშალეს კარავი, წაიხემსეს, ყავაც მიირთვეს. მე კი ვიწექი ღია ცის ქვეშ და ერთმანეთს ვუცქერდით მე და ის მილიარდობით ვარსკვლავი, რომელიც იმ ღამის ცაზე იყო და დაყურებდა კაცობრიობას. მივხვდი, რომ მე უკვე სხვა ვიყავი. ვერც აღგიწერთ ამ გრძნობას, ეს ყველაფერი საოცრად მისტიური იყო. არ მეგულება ადამიანი, მოგზაურობის მთელი სიდიადე ახსნას. ერთი შეხედვით, ვიღაცისთვის ბანალური ისტორია შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის იქნება დაუვიწყარი ამბავი. ზუსტად ეს არის მგზავრობა, აღწერო არა ლოკაციის შეცვლა, არა ღირსშესანიშნავობების ნახვა, არა  რამოდენიმე ღამით სხვაგან გათევა, არამედ აღწერო ის, თუ რა იყავი მოგზაურობამდე და ვინ გახდი მის შემდეგ.