ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის 415 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება გამოიყო

  • Home
  • სამთავრობო უწყებები
  • ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის 415 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება გამოიყო

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოყო.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის – 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა.
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით.
ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.
გვირაბი უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის, გარდა ამისა ახალი გზა აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.
გზა ასევე გაუუმჯობესებს ხეობაში დარჩენილ მოსახლეობას საარსებო პირობებს, რომელიც ამ დროისთვის ზამთარში მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს. პროექტის ზემოქმედების ზონაში 9 სოფელი ხვდება.
ახალი გზა გაუადვილებს ადგილობრივ მოსახლეობას კავშირს გარე სამყაროსთან. გზის არსებობა ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაბრუნებას ხეობაში, მცირე ბიზნესის განვითარებას და ხეობის გაცოცხლებას.
აღნიშნული გზით ინტენსიურად სარგებლობენ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები, ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები. ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად.
ახალი გზა, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქვეშეთს, კობსა და კავკასიონის ულამაზეს მთებს შორის გაივლის, უზრუნველყოფს უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას. გზის მშენებლობის დაწყება 2020 წელს არის დაგეგმილი.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

Tags: