ქუმელაურთა

კვირა დილა იყო, თლუმას შესახებ მაშინ არაფერი ვიცოდი.
და ჯერ არც მურაკამის „ნადირობა ცხვარზე“ მქონდა წაკითხული.
იმ დილას წარმოუდგენლად დიდ სიხარულს განვიცდიდი – საუკეთესო მეგობრებთან ერთად თუშეთის მთებისკენ მივდიოდი.

რამდენიმე თვის შემდეგ მურაკამის ერთ წიგნს მოვკიდე ხელი, იქ არც მე ვიყავი მთავარი გმირი და არც თლუმას ჰგავდა რომელიმე პერსონაჟი. ამბავი ერთ კაცზეა, რომელიც ვალდებულია გარკვეული მისიის გამო იმოგზაუროს მთაში და იპოვოს საკუთარი თავი. ხო, ხანდახან ვალდებულები ვართ ვიპოვოთ საკუთარი თავი – მთაში თუ ზღვაში.

4 დღე ვიცხოვრეთ ხის ოდაში.
ამ სამყაროში ყველაზე მდიდრები ვიყავით – ერთი ოთახით და ერთი აივანით.
ყოველ საღამოს ამოვარდნილი ზაფხულის ქარი მინიმუმ 4–ჯერ მაინც გვიქრობდა აივანზე დანთებულ სანთელს, არასოდეს დამზარებია მისი ანთება.

ქუმელაურთაში დილა მაშინ იწყება, როგორც კი მზის პირველი სხივი ამოიპარება მთის ფერდობზე. ოთხი დღე ვსწავლობდი იმ სოფლის სახელს, რომლის ჰაერსაც ვსუნთქავდი. გომელაურთა, ჰუმელაურთა, ზაქმუთაურთა და მსგავსი ასოთა წყობებით ძალიან ვამხიარულებდი ჩემს მეგობრებს.

პირველ დღეს საჯარე ვნახეთ,
ადგილი, სადაც ქუმელაურთელები იკრიბებოდნენ.
ცეცხლთან, წრეზე  ისხდნენ და უამრავ  ამბავს ყვებოდნენ.
მაშინ ვთქვი – რომ მცოდნოდა ეს გზა უნდა გამევლო და კლდიდან ჩამოვარდნილი უზარმაზარი ლოდებისთვის დამეღწია თავი ალბათ აქ ჩამოსვლას გადავიფიქრებდი–მეთქი.

მეორე დღეს, საკვირველი ამბავი მოხდა მზის ამოსვლას დავასწარით გაღვიძება.
ჩვენი აივნის ხის სკამზე დავსხედით და დილის უცოდველი თვალებით ყველამ იმ მთას დავუწყეთ ცქერა, საიდანაც თუშეთის მზე აპირებდა ამოსვლას. არასოდეს ყოფილა ასეთი ლამაზი ჩემი თვალებისთვის რამე. მერე ისევ ყველას მზერა ყავა და სიგარეტზე გადაერთო, თბილისიდან გამოყოლილი ჩვევაა, ვერაფერს გააწყობ.

ცოტა თუშურიც ვისწავლეთ და ჩვენს ერთადერთ მეზობელს აივნიდან გადავძახეთ – „რაგვერ ხარ ძმობილო, გამო ჩვენსა ჭამა ვჭამოთ.“

მესამე დღეს „შორით ტკბობა“ დავარქვი, თუშეთის სალოცავები მოვინახულეთ.
მათ ისტორიას ვინმე თუ მოგიყვება, სხვა შემთხვევაში არცერთ ქალს აქვს უფლება მიუახლოვდეს იქაურობას. შენი თვალები ვერასდროს ნახავს, მხოლოდ ყურები გაიგებს ამბავს და უუფლებოს ისღა დაგრჩენია იდგე და ერთი მთიდან უყურო მეორე მთაზე მდგარ სალოცავს და ისმინო ამბები შორეთიდან.

მეოთხე დღეს გამოჩნდა თლუმა.
მოგზაურობის მთავარი გმირი, რომელმაც საღმერთოს გორთან დაინახა თავისი სოფლისკენ მომავალი ლეკები და სასწაული სისწრაფით გაემართა თავისიანებისკენ ამბის შესატყობინებლად.

მის ამბავს ვერ გავიგებდით შათირიუსს ორეთის ტბის სანახავად, რომ არ წავეყვანეთ.
ოთხი მინდორი და ხუთი ტყე გადავიარეთ, გზა მხოლოდ მან იცოდა და ჩვენს შორის ერთადერთი იყო, რომელიც არ იღლებოდა.

12 კილომეტრი გავიარეთ და ყოველ  ჯერზე ჩამესმოდა შათირიუსის ხმა: – „მეგობრებო, მხოლოდ ერთი ტყე და ერთი მინდორი დაგვრჩა გასავლელი“ და არასდროს მთავრდებოდა არც ეს სიტყვები, არც ეს გზა და ეს აღმართები, რომელსაც ვეღარ ვუძლებდი.

ყველაზე დიდი და გრძელი არაადამიანური დღე იყო ჩემს ადამიანურ ცხოვრებაში.

არსაიდან მოვიდა არნახული სიძლიერე ჩემში
აქამდე არასოდეს მიგრძვნია,
აქამდე არასოდეს შემიმჩნევია,
ეს ჩემთვის პირველი მოგზაურობა იყო
პირველი 12 კილომეტრი
პირველი ოთხი მინდორი და ხუთი ტყე
არ ვიცი რა ძალამ გამავლევინა ეს გზა, რადგან ყოველ ჯერზე მეგონა, გარდავიცვლებოდი.

თუშები ჟოლს ეძახიან, უცნაური იისფერი კენკრაა. სხვა კენკრაში არ უნდა აგერიოს, რომ არ მოიწამლო. თან ჟოლისმცოდნე უნდა მოგყვებოდეს, შათირიუსს ეს ნიჭიც აღმოაჩნდა და არხეინად მივირთმევდით გემრიელ მცენარეს. ჟოლის კრეფის დროს რიგით მეორე ტყეს გავდიოდით, როცა „თლუმას გადასაფრენს“ მივადექით.
ეს ის თლუმაა, მოგზაურობის მთავარი გმირი. ამ ტყიდან, სოფლამდე მისასვლელი ერთადერთი მოკლე გზა, ეს გადასავარდნი ყოფილა, რომელსაც  მე და ჩემი მეგობრები გადავყურებდით. თლუმა არც დაფიქრებულა ისე გადაუფრენია ტყის ეს ნაწილი, არ ვიცი რა ძალამ გადაარჩინა, მაგრამ სოფელი ლეკებისგან უხსნია. მას შემდეგ თურმე ამ ადგილს ასე ეძახიან.

მთელი დღე–ღამე ამაზე ვფიქრობდით და ვლაპრაკობდით, რა ძალამ გადააფრენინა თლუმას ეს ადგილი. მაგრამ თუშეთში  ყველა კითხვას ერთი პასუხი აქვს: –  „ეს თუშეთია ძმობილო..“

ორეთის ტბა, დამშრალი იყო.
დამშრალი, მაგრამ ლამაზი.

ამ გზას, ტყუილად არ ჩაუვლია.
ჩვენ ვიყავით ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მაღლა, კავკასიონს გავუსწორეთ თვალი.

ისეთი უსუსრია შენი ყველა პრობლემა იქ, თითქოს მთელი სამყარო ხელის გულზე გეშლება და შეგიძლია ამ მთების გადადგმა. ისეთი ძლიერი ხარ, როგორც არასდროს. ეს გზა უკვე გავლილია და შენ უკან ის აღარ ბრუნდები, ვინც აქამდე იყავი.

თურმე მთის ჰაერი ერთხელ რომ შეგეყრება, თავს არასოდეს განებებს. ხშირად ჩამესმის ძილის წინ სიტყვები „მეგობრებო, ცოტაც გაუძელით მხოლოდ ერთი ტყე და ერთი მინდორი დაგვრჩა გასავლელი“