ყაზბეგი – აქ მთები ქვეყნის წარსულს ჰყვებიან

  • Home
  • ბლოგები
  • ყაზბეგი – აქ მთები ქვეყნის წარსულს ჰყვებიან

 

ერთი წლის წინ ერთ-ერთი პროექტის წყალობით მოვხვდი ჩემი სამშობლოს ჩემთვის ნაცნობ იმ სამოთხეში, რომელსაც ყაზბეგი ჰქვია.მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვიცნობდი და ვეტრფოდი ამ საოცარ ადგილს. დადგა ნანატრი დღე, როდესაც ჯგუფის წევრები უნდა შევხვედროდით ერთმანეთს და დავადექით ყაზბეგისაკენ მიმავალ გზას. დავტოვეთ ქალაქის ბობოქარი და სიცხისაგან გადამწვარი ქუჩები, დაიწყო ჩვენი მოლოდინებით აღსავსე მოგზაურობა. რაც უფრო ვშორდებოდი ქალაქს, მით უფრო თვალწარმტაცი ხდებოდა ბუნება, ცივმა ჰაერმა კი, სხეულში სასიამოვნოდ დამიარა. ვაკვირდებოდი ავტომობილის ფანჯრიდან, თუ როგორ თანდათან ცოცხლდებოდა ბუნება, რაც უფრო მეტად მივიწევდით მთებისკენ. პირველი, რამაც გამაოცა, იყო მთაზე გავლებული თეთრი მოძრავი ზოლი. არასდროს მენახა მთაზე შეფენილი ცხვრის ფარა, რომელიც მარგალიტის მძივებად მოფენოდა მთის კალთებს. წყაროს დანახვამ თითქოს წყურვილის გრძნობა გაგვიღვიძა და დავეწაფეთ მთის ცივ კამკამა წყალს. გზა განვაგრძეთ და თითქოს სამყაროს ზევიდან დავხედეთ, ვგრძნობდი, როგორ თანდათან ვუახლოვდებოდი ცისა და ხმელეთის გასაყარს, ასეთი საოცარი გრძნობა სხვა დროს არასოდეს დამუფლებია. მინდოდა ყველაფერი ამესახა ფოტოზე : ნისლით შებურული  მწვერვალი,მთაზე დაწოლილი ღრუბელი, ცამდე აზიდული სალოცავი, მთიდან მორაკრაკე ცივი წყარო და….

მივუახლოვდი დასახლებულ პუნქტებს, აქ თითქოს სახლები კლდეებს შეზრდიან, რომ მნახველი შეხმატკბილებულად გააოცონ. მთის ზღაპრული ბუნებით დამტკბარს, თურმე ჯერ კიდევ წინ მქონდა ბედნიერი და დაუვიწყარი წუთები, რომელიც ამ მთაში მცხოვრებ თბილ გულ ალალ ადამიანებთან ურთიერთობისგან მივიღე.

არ ვიცოდი, თუ სიამოვნებას დამუნჯებაც შეეძლო, სწორედ ასე დამემართა დარიალის ხეობისა და ცად აზიდული სალოცავების შემყურეს. სალოცავთა ზარების ხმა თითქოს მთელ საქართველოს უხმობდა თავისთან, ნისლი თითქოს საგანგებოდ ბურავდა ამ ხეობას, აქ ხომ ღრუბელიც ხელოვნების ნიმუშად ქცეულა და ზღაპრულ სამოთხედ უქცევია ეს მიდამოები.მსურდა, არასდროს დასრულებულიყო ეს ზღაპარი და ერთი რამ, რაც შინაგანად მაწუხებდა, იყო სურვილი, რომ შემძლებოდა ყველა ქართველისათვის მიმენიჭებინა ბედნიერება ამ საოცრების ხილვისა, თუმცა ეს შინაგანი ხმა მალე ლექსად გადმოიღვარა და უკვე შემეძლო ყველასთვის მეთქვა, როგორ ყვებიან მთები ჩვენი ქვეყნის წარსულს:

 

                ყაზბეგის მთები ოცნებად მექცა,

                როცა ვიხილე მათი მშვენება:

                მთად მიმავალი თეთრი ზოლები-

               ცხვრების უწყვეტი მთისაკენ დენა.

 

              მთის სილამაზემ მიჯაჭვა იცის,

              ნახავ და შემდეგ მკერდზე გიზიდავს,

              გულში ჩაგიკრავს, ვით დაკარგულ შვილს,

              და მონატრების გრძნობები გიტანს.

 

             აქ ზეცა მთის წვერს ეალერსება,

             ღრუბელი მწვერვალს მუხამბაზს უძღვნის,

             მჭიდროდ შეკრული დიადი მთები

            და თითქოს ქვეყნის ჰანგებით მღერის.

 

           მათ სიდიადეს მოგვითხრობს ნისლი,

          და სალოცავი ცად აზიდულა,

           ცასა და მიწას შორის ერთობა

          აქ თვალსაჩინოდ გამეფებულა.