ქედაში საოჯახო მარნების მეპატრონეებს ტრენინგები უტარდებათ

  • Home
  • მთავარი
  • ქედაში საოჯახო მარნების მეპატრონეებს ტრენინგები უტარდებათ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო მარნების მეპატრონეებისთვის ტრენინგები დაიწყო. ღვინის დაჭაშნიკების ძირითადი წესები, ღვინისა და კერძის კომბინირების პრინციპები, ტურისტებისთვის ქართული ღვინის წარდგენისა და სუფრაზე ღვინით მომსახურების წესები – ის ძირითადი თემებია, რომლებსაც საოჯახო მარნების მეპატრონეები გადიან. ტრენინგის მსვლელობას ქედაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი გაეცნენ. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ქედის ტურისტულ პოტენციალსა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრეს. ასევე, დაათვალიერეს ნოდარ შერვაშიძის მარანი და ვენახები, სადაც წლის განმავლობაში ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასპინძლობენ. სულხან ღლონტმა ტრენინგის მონაწილეებს ღვინის პრაქტიკული სახელმძღვანელო გააცნო.

ტრენინგს ქართველი სომელიე, ღვინის სკოლა-სტუდიის „კაბისტონის“ დამფუძნებელი ქეთი ჯურხაძე უძღვება. ქედის შემდეგ ტრენინგებს ბათუმში კვების ობიექტების მეპატრონეებიც გაივლიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ატარებს. 2012 წლიდან დღემდე, დეპარტამენტმა სექტორში დასაქმებული 2700-ზე მეტი მოქალაქე გადაამზადა, მათ შორის არიან გიდები, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები.

წყარო : აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი