ზოგჯერ საჭიროა პატარა შესვენების აღება, ყოველდღიური საზრუნავისგან გარიდება, ყველაფრის დავიწყება, მთის სურნელის ჩასუნთქვა, თუნდაც თვალების დახუჭვით, წარსულის გახსენებით…..
აწმყოში მოყოლილი ჩემი ზღაპრებიც ასე „იქმნება“ ხოლმე. დასაძინებლად გამზადებულ ბავშვებს საწოლში ვაწვენ, მბჟუტავ შუქს ვანთებ და აუდიტორიაც მზადაა ჩემი ზღაპრების მოსასმენად. 5 წლის ალექსანდრე და 2 წლის ნიკუშა ჩემს მონაყოლს სიზმრებში აგრძელებენ……
მაშ ასე, ვიწყებ ქარვისფერი წარსულის სიზმრად გადაქცევას!
ერთხელ ერთმა გოგომ ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა მოინდომა! გადაწყვიტა ცხრა მთასა და ცხრა ზღვის იქით ბუმბერაზი მთების სანახავად წასულიყო. უშორეს და ურთულეს გზას, მეგობრებთან ერთად, დილა ადრიანად დაადგა. ჯადოქარი დევების სამეფოსკენ მიმავალი გზა ბინდში იყო გახვეული, მანქანას სიარული უჭირდა, ბასრი ქვები საბურავებს ჭრიდა. ცივი ჰაერი სუნთქვას ყინავდა, მიდიოდნენ ნელა, აყუდებულ მთებს შორის, ძაფის სისქის ოდენა გზაზე, რომელიც ნისლში იკარგებოდა.
მთის წვერზე აღმართულ ჯვართან გაჩერდნენ, აგვისტოს მზე ნელ-ნელა იწვერებოდა, მარიამობა თენდებოდა. ხელის გულზე გადაშლილ სივრცეს ქარვის ფერი ეპარებოდა. ნისლები ქვემოთ რჩებოდა. ქარის ზუზუნს უცნაური ხმები მოჰქონდა, უფსკრული უკან მოიტოვეს…..
ამოისუნთქეს, წინ უსასრულო მინდვრები, უზარმაზარი მთები, მორაკრაკე მდინარე, ცაში მოცეკვავე მომღერალი ჩიტები, მოლაპარაკე ლურჯა ცხენები, წითელკოპლება ოქროს თევზები, კლდეებზე დაკიდებული დეკა და ჟოლოს ბუჩქები- მხოლოდ მათ ელოდნენ.
გზა განაგრძეს, ერთი გორა გადაიარეს, მეორე გორა გადაიარეს, თვალებს არ უჯერებდნენ! თოვლი, შემოდგომის თოვლი, უზარმაზარ აისბერგივით ორ მთას შორის გაჩხერილიყო, შავი ლაქები ეტყობოდა, დაზამთრებამდე დადნობას არ აპირებდა.
გზა ქვევით ეშვებოდა, გამჭვირვალე მდინარეში წითელ კოპლება კალმახები დაცურავდნენ. ყინულივით ცივი წყლიდან ამოხტომით, შემოდგომის მზეზე გათბობას ცდილობდნენ. ყვიროდნენ, მღეროდნენ, ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურებს სურვილების ასრულებას ჰპირდებოდნენ!..
გველივით დაკლაკნილი გზა დამთავრდა და თვალწინ ათასწლოვანი ნაძვნარი გადაიშალა. გრძელი ფესვებით მიწაზე მყარად იდგნენ, დანაოჭებული სახეებით მკაცრად იყურებოდნენ. მოგზაურების დანახვაზე გადაიხარ- გადმოიხარნენ, გოგოებს თავი დაუკრეს, კეთილი გზა უსურვეს!
ნიავს გემრიელი, მსუყე ჰაერი მოჰქონდა! ისეთი არა ქალაქში რომაა, სხვანაირი, ღმერთებისთვის განკუთვნილი, ჯადოსნური ჰაერი !
გორის იქით, კლდეებზე დაკიდებული მოცუცქნული სახლები გამოჩნდნენ, თვალები მაგრად გაახილეს, დევების სამეფომდე ძალიან პატარა მანძილი დარჩენილიყო …. ქარვისფერი ომალო, მთის შემოდგომის გასაცნობად მოგზაურებს ელოდა….
გოგოები მინდორზე აღმოჩდნენ, თივის ზვინებსა და უზარმაზარ მთებს შორის, ხის სახლებიან სოფელში ჩაიკარგნენ. სახლის კარები ღია იყო, საქონელი მინდორში გაშვებული, აქა-იქ რამოდენიმე შინაური ძაღლიც დარბოდა, მაგრამ ხალხი არსად ჩანდა… სახლების აივნები ნაირ-ნაირი ფიგურებით მოერთოთ, ჩუქურთმებში სხვადასხვა ფორმები გამოეჭრათ. ცოტა შორს კოშკიც მოსჩანდა… სიჩუმეში გალობის ხმა ისმოდა.. გაყვნენ, უძველესი ტაძრის ეზოში აღმოჩდნენ. სოფელი მარიამობას გაეერთიანებინა. მღვდელი ქადაგებდა…
ყველა სახლი ჩამოიარეს, ადამიანებს, მთებს, ჰაერს, თივის ზვინებს, ცხენებს, ყვავილებს, ყველაფერს ეფერებოდნენ, უხაროდათ, ბუნებით მოჯადოებულები სილამაზით ტკბებოდნენ…
საოცარად დაღამდა. ცა ვარსკვლავებით მოიჭედა.. ცა ისე ახლოს იყო, ერთი ხელის გაწვდენით ვარსკვლავებს წვდებოდნენ, წყვეტდნენ და ისევ ცაზე ამაგრებდნენ… კოცონთან წამოგორებულები, ცივ ღამეში, გიტარის დაკვრით და სიყვარულზე სიმღერებით თბებოდნენ….
იქვე პატარა სახლში დაბინავდნენ.. დიასახლისი ჩაის ჯადოქარი აღმოჩნდა, გაუმასპინძლდა.. წყალი აადუღა, ეზოში გავიდა და ყვავილები დაკრიფა, მერე ბუტბუტით ჩაიდანში ჩაყარა- აი ასე-„ვარდკაჭკაჭა- კაჭკაჭუნი, ფასმანდუკი-ფასმანდური, თავშავა-შავ-შავ, გვრილა, სიტკბო, სიხარული, სილამაზე ჩემს სტუმრებს“.- საოცარმა, ჯადოსნურმა ჩაიმ, თუში ძილის ჯადოქარი მოიყვანა… გემრიელად ჩაეძინათ…საოცრებები, ჯადოსნური ქვეყნიდან, სიზმრებში ტკბილად გააგრძელეს… სიზმრებიდან ცხადში, მერე ცხოვრებაში წამოჰყვათ… მერე ქარვისფერ წარსულის ზღაპრებად გადაიქცნენ…
ზოგჯერ საჭიროა პატარა შესვენების აღება, ყოველდღიური საზრუნავისგან გარიდება, ყველაფრის დავიწყება, მთის სურნელის ჩასუნთქვა, თუნდაც თვალების დახუჭვით, წარსულის გახსენებით…..
ვდგები, მბჟუტავ შუქს ვაქრობ და ოთახიდან გამოვდივარ…