ქართველმა სტუდენტებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით გერმანიაში ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს

  • Home
  • განათლება
  • ქართველმა სტუდენტებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით გერმანიაში ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ერთობლივი ძალისხმევით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული და უმაღლესი განათლების სტუდენტებმა გერმანიაში ხუთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს გერმანული სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის მონაწილეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა ონლაინ ფორმატში სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

“ინტერნაციონალიზაცია პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მეტი გაცვლითი პროგრამა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სექტორის განვითარებას აუცილებლად დააჩქარებს. გისურვებთ წარმატებას და მჯერა, რომ ეს გამოცდილება მომავალში ხელშესახებ შედეგს მოგიტანთ. ვიმედოვნებ, რომ მეტი ახალგაზრდა მოგბაძავთ და გამოიყენებს განვითარების შესაძლებლობას. ეს პროგრამა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც მომავალი, უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის საწინდარია სოფლის მეურნეობის გაცვლითი პროგრამების სფეროში,” – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

საერთაშორისო პრაქტიკა ეფუძნება “სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას” და მომავალ ფერმერებს სოფლის მეურნეობაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას სთავაზობს. პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებში საზოგადოებრივი კოლეჯის “აისი” სტუდენტებმა საქართველოში გაიარეს გერმანული ენის კურსი, რომლის დასრულების შემდეგ გაემგზავრნენ გერმანიაში და მუშაობდნენ გერმანულ საოჯახო მეურნეობებში. პრაქტიკული კომპონენტის პარალელურად, სტუდენტებისთვის გაიმართა სასწავლო ტური და ონლაინ სემინარები სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

საერთაშორისო პრაქტიკა გაეროს პროექტის “პროფესიული განათლების ინტენაციონალიზაცია” ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში ჩართულ სხვადასხვა ქვეყნის ფერმერებს, კომპანიებს, კოოპერატივებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და გაძლიერება. საერთაშორისო პრაქტიკა სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებეთან თანამშრომლობით, AgrarKontakte International-ისა (AKI) და IDLG-ის (საერთაშორისო და დისტანციური განათლება საქართველოში) ორგანიზებით განხორციელდა.

 

წყარო: საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

Tags: