ქართველი რეჟისორის ფილმს „დედე“ საფრანგეთში აჩვენებენ

  • Home
  • სიახლეები
  • ქართველი რეჟისორის ფილმს „დედე“ საფრანგეთში აჩვენებენ

ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“, იუნესკოს შუამდგომლობით საფრანგეთში იქნება ნაჩვენები.

ფილმის ჩვენება დაგეგმილია 2017 წლის 12 დეკემბერს, პარიზში იუნესკოს მთავარ ოფისში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფილმი გადაღებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე, საქართველოს მაღალმთიან ისტორიულ რეგიონში – სვანეთში. სვანეთის არქიტექტურული ძეგლები და ისტორიული რეგიონი, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შედის.

ქართული ფილმი “დედე” სან პაულოში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე კრიტიკოსების რჩეულ ნამუშევრად აღიარეს, ხოლო საფრანგეთში, მონპელიეს ფესტივალზე მაყურებელთა პრიზი მოიპოვა.

„დედე“ მარიამ ხაჭვანის  2017  წლის ქართული დრამაა.  ფილმის მთავარი გმირი სვანი გოგონაა, რომელიც თავისი სიყვარულისთვის იბრძვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას და ჯერ კიდევ მართავს ადამიანის ცხოვრებას. ფილმის გადაღება სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. მსახიობთა უმრავლესობა სვანები არიან და ფილმში უმეტესად სვანური საუბარი ისმის.

რაც შეეხება როჟისორს, მარიამ ხაჭვანი სოფელ უშგულში დაიბადა.  2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა.

იგი რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. 2012 წელს მისმა კინოსცენარმა “დედე” ქართული ლიტერატურული პრემია „გალა” მოიპოვა.

ფილმის თიზერი: დედე