ქართული კულტურის დღეები ესპანეთში

ესპანეთში, ქალაქ ალიკანტესში, ქართული კულტურის დღეების ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალზე ქართული ღვინის და მევენახეობის  მდიდარი კულტურა იყო წარმოდგენილი.

ხუთდღიან ღონისძიებას ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულ ქართველ ემიგრანტებთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე  გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, ქართველ მხატვართა ნამუშევრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ქართული კინოფილმის პრეზენტაცია. საღამოს რათქმაუნდა არ ჩაუვლია ქართული ცეკვისა და ფოლკლორის გარეშე. ასევე  სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.

„ქართულმა ღვინომ საკმაოდ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა სტუმრებში. დაისვა ბევრი შეკითხვა, რაზედაც დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის,“ – აღნიშნა ღვინის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი სიხარულიძემ.

„ქართული კულტურის დღეები“ ალიკანტეში მოქმედი დიასპორული ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების“ ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება ალიკანტეს საგამოფენო ცენტრ “Plaza Seneca”-ში გაიმართა.

Tags: