საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით (N02/50 07.09 2018) არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველო წარმოადგენს უძველესი აგრიკულტურის ქვეყანას, მას სამეურნეო საქმიანობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, ის მდიადრია კულტურული (სასოფლო-სამეურნეო) მცენარეებით, კულტურული მარცვლოვნების (ხორბლის, ქერის, ჭვავის, ფეტვნაირების) სახეობებით, სახესხვაობებით და ადგილობრივი ჯიშებითა და ფორმებით. ზოგადად, სამხრეთ კავკასია და კერძოდ, საქართველო, კულტურული ხორბლეულის სამშობლოდაა მიჩნეული. ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიოში კულტურული ხორბლის მოშინაურებისა და ჩამოყალიბების პროცესში.
არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ ქართველებმა ხორბლის კულტივირება დაიწყეს რვა ათასი წლის წინ. ამ ათასწლეულების პერიოდში ქართველმა მიწათმოქმედებმა მოაშინაურეს ხორბლის სახეობები და ჯიშები. ქართული 5 ენდემური სახეობიდან 4 კულტურული კილიან-მარცვლიანი (Hulled) მცენარეა: ძველკოლხური ასლი, მახა, ზანდური და ჩელტა ზანდური, რომლებიც არ ილეწება და საჭიროებს საცეხველში გაცეხვას. ისინი რაჭა-ლეჩხუმში ბოლო დრომდე შემოინახა. მე-5 – დიკა, კი არის ადვილად ლეწვადი. გამოთქმულია მოსაზრება რომ რბილი ხორბლის წარმოშობის ძირითადი კერა ამიერკავკასია და კერძოდ საქართველოა, სადაც მისი მრავალი სახესხვაობა გვხვდება. ზოგიერთი მათგანი ჩვენში ეხლაც მოჰყავთ მაგ. ქართული დოლის პური, რომელიც რბილი ხორბლის ადგილობრივ ჯიშს განეკუთვნება.
წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა