ქართული ხელნაწერები UNESCO-ს ძეგლების ნუსხაშია

  • Home
  • მთავარი
  • ქართული ხელნაწერები UNESCO-ს ძეგლების ნუსხაშია

ქართული ხელნაწერები ”იუნესკოს” ხელნაწერი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს.

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, იუნესკოს პროგრამას – “მსოფლიო მეხსიერება”, ივლისში წარედგინა.
პროგრამის ფარგლებში 500–მდე ქართული ხელნაწერი 7 ახალ ძეგლს შორის მოხვდა. კოლექცია IX-XV საუკუნეების ბიზანტიურ-ქართულ ურთიერთობებს ასახავს და მსოფლიო კულტურის ისტორიისთვის უნიკალური მნიშვნელობა აქვს. ხელნაწერები უახლესი და ყველაზე შესაბამისი ტექნოლოგიით იქნება დაცული.

იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი და საერთაშორისო დონეზე დაცულია ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი უძველესი ხელნაწერების კოლექცია, რომელშიც შედის:

1. ანბანდიდების სახარება, IX საუკუნე. ეტრატი. სახარება იმ ძალზედ იშვიათ ხელნაწერთა რიგშია, რომლებიც თავიდან ბოლომდე ნაწერია ქართული დამწერლობის უძველესი სახით – ასომთავრულით.

2. ფსალმუნები, X საუკუნე, ორი ფურცელი, ეტრატი, ფრაგმენტი, ასომთავრული. ამ ხელნაწერის სხვა ნაწილი, ასევე ფრაგმენტული სახით დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

3. ლექციონერი, X საუკუნე, 1 ფურცელი, ეტრატი, ფრაგმენტი, ასომთავრული, ლექციონარების ტრადიცია, როგორც ცნობილია, ლიტურგიკურ მიმართულებაში ადრევე მოისპო.

4. ნევმირებული ძლისპირი X-XII საუკუნეები, 2 ფურცელი, ეტრატი, ფრაგმენტი, ნუსხური, ხელნაწერის ფრაგმენტი, რამდენიმე ძველ ქართულ მანუსკრიპტთნ ერთად, ქართული სანოტო ნიშნების უნიკალურ სისტემას ინახავს.

ასევე 4 პალიმფსესტი.

ქართული წერილობითი წყაროების გვერდით ”იუნესკოს” რეესტრს დაემატა აშშ-ს, საფრანგეთის, ყაზახეთის, პორტუგალიის,  სომხეთისა და ანგოლას დოკუმენტური ძეგლებიც, თუმცა მათ შორის ქართული კოლექცია ყველაზე ძველია.

მეხსიერების რეესტრი – ეს არის გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის პროგრამა, რომელიც 1992 წლიდან მსოფლიოს დოკუმენტურ მემკვიდრეობას იცავს და მის ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

იუნესკოს პროგრამა “მსოფლიო მეხსიერების” რეესტრში სულ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 245 ხელნაწერი ძეგლია შესული.

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Tags: