ქართული ანბანის სამი სახეობა

ქართულმა ანბანმა ჩვენამდე სამი სახეობით მოაღწია.

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შესული.

ასომთავრული – ასომთავრული ქართული დამწერლობის უძველესი სახეობაა, რომლის ნიმუშებიც V საუკუნიდან გვხვდება. ასომთავრულ ასოთა მოხაზულობები სადა და თანაბარი სიმაღლისაა. ერთიან ნაწერში მომრგვალებული ფორმები ჭარბობს, რის გამოც მას მრგვლოვანსაც უწოდებენ.

ნუსხური – ნუსხური ქართული დამწერლობის განვითარების მეორე საფეხურია. იგი ასომთავრულის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ნუსხური ასოები ასომთავრულისაგან განსხვავებით, მარჯვნივ გადახრილი, კუთხოვანი მოხაზულობებით, სხვადასხვა სიმაღლისაა.

სწრაფი წერის შედეგად ნუსხურ ასოებს კუთხეები მოუმრგვალდა. ასე შეიქმნა გარდამავალი სახეობა, რომელიც თანამედროვე მხედრული ანბანის საფუძვლად იქცა.

მხედრული – მხედრული ქართული დამწერლობის მესამე საფეხურია, რომელიც დღემდე საყოველთაოდ გამოიყენება. მხედრული ნუსხურის გამარტივების შედეგად შეიქმნა. მისი ასოები მომრგვალო და შედარებით მარტივი მოყვანილობისაა.

(მასალის მოწოდებისათვის დიდ მადლობას ვუხდით კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს)

წყარო: კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი