ეს იყო სტამობლში … ქალაქში, სადაც დაბრუნება ისევ მინდა!
ქალაქი, რომელიც მეძახის, მაგრამ ჩემი არ არის. ჩემი ქალაქი სულ სხვანაირია, მაგრამ ჩემია და მიყვარს. რატომ შემიყვარდა სხვა? სიყვარულს არც ახსნა და მით უმეტეს არც განმარტება სჭირდება. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მივხვდი 15 წელი დასასრული კი არა, დასაწყისია და არც ,,სიყვარული ცხოვრობს სამი წელი“.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ბრძოლაა, ამ უთანასწორო ბრძოლაშიც სურვილები ხდება. ხდება მაშინ, როცა პატარა ბავშვივით ზურგჩანთას მოიკიდებ, შენს ადამიანს (რა მესაკუთრე ვყოფილვარ) ხელს მოჰკიდებ და ცოტა ხნით გარბიხარ.
მირბიხარ იქ, სადაც არავინ გელოდება. მოლოდინის რეჟიმიდან შენც ითიშები. დაგეგმილი და დაუგეგმავი სანახაობის ტყვეობაში ,,ძველი სამყაროს ახალ მელოდიას“ ეძებ. თავგადასავალიც ასე იწყება, ამჯერად ამას ,,the sleep of reason“ ჰქვია.
,,the sleep of reason“
როცა სტამბულური ვოიაჟის მეორე დღეს ჩემს ძმას შევხვდი, უკვე დაღლილი ვიყავი. დაღლილი სიარულით, შთაბეჭდილებებით, დადებითი ემოციებით. დიდ და განუყრელ ჩანთაში ფამუქის წიგნი მედო, რომელიც ბოლომდე ჯერ არ მქონდა წაკუთხული. ბოლო გვერდები მწერლის ქალაქისთვის შემოვინახე. ვკითხულობდი, როგორც სავალდებულო ლიტერატურას, რამდენჯერმე გადავდე, მაგრამ ამ ქალაქში ხომ სიახლის აღმოსაჩენად ჩამოვედი. ამიტომ ვკითხულობდი, ვკითხულობდი ყველგან: ძველი ბიზანტიის დიდების და ახლა უკვე მუზეუმის ეზოს გრძელ რიგში, ტრანსპორტში, საუზმის დროს და მაშინაც კი, როცა დათო ფოტოებს იღებდა. ის ,,სხვა“ ერთ-ერთ ქუჩაზე, შემთხვევით აღმოვაჩინე.
***
მარკ ქვინის სერია ,,The sleep of Reason“ სტამბოლში მხოლოდ რამდენიმე კვირით გამოიფინა. ეს კი სტამბოლურ არდადეგებს დაემთხვა. მერე რა, თუ ძველი მუზეუმების მაგივრად თანამედროვე გალერეაში აღმოვჩნდი. რა არის ცუდი იმაში, რომ წარსულის ნაცვლად, მომავალი დავინახო? დავინახო ისე, როგორც ვხედავ: არა როგორც ექსპერტმა, გავიცნო, როგორც დამთვალიერებელმა. ყოველგვარი შემაძრწუნებლად ამაღელვებელი დასკვნების გარეშე.
რა დავინახე უბრალო ტურისტმა?
1 . არაესთეტურ ესთეტურობაში დაკარგული ყოველდღიურობა;
2 . ვიპოვე სქესი, რომელსაც სქესი არ აქვს.
3. მაინც ვერ მივხვდი, როგორია როლების გადანაწილება თანამედროვე სამყაროში? ვინ რა როლს ვთამაშობთ და თუ ვთამაშობთ რატომ?
დასკვნა: საკუთარ თავს ვერსად გაექცევი. ის, რაც გექაჩება და არ გასვენებს, შენი ფიქრია, ფიქრი კი შენ ხარ. არ არსებობს ცუდი გარემო, არსებობს ადაპტაციისა და სიყვარულის უნარი. ასევე არსებობს სიტუაცია, რომელსაც ყველა ისე ერგება, როგორც შეუძლია.
მთვარია, არ განიკითხო! თუ განიკითხავ, შენი პრობლემაა! თუ რამე არ გამოგდის – ესეც შენი ბრალია! თუ არ შეგიძლია, უნდა შეძლო, თუ გული გტკივა, უნდა იარო, თუ გიყვარს, უნდა ისუნთქო!
ვუყურებდი ამ უსახურ, მაგრამ მეტყველ ფიგურებს და ვფიქრობდი იმ დროზე, როცა რამდენიმე წლის წინ მეორედ დედა გავხდი. მაშინაც ასე მეშინოდა გაურკვევლობის, როგორც ახლა – ეს შიში ჩარჩოში მსვამს. ვფიქრობდი ნიკუზე, როცა უიმედობა მკლავდა და მაინც იმედით ვცხოვრობდი. მინდა მათაც იარონ ამ ქუჩაზე და განიცადონ ის, რასაც განვიცდი აქ და ახლა. მიხვდნენ იმას, რომ მენტალობა არც იკარგება და არც თავისთავად ჩნდება: მთვარია, იყო მსოფლიოს ღირსეული მოქალაქე, გქონდეს მიზანი და მერე რა, თუ ისეთი ხარ, როგორიც სხვა!
და თუ ისეთი ხარ, როგორიც სხვა!
მარკ ქვინი თავისი შემოქმედებით ცდილობს, დაამყაროს კავშირია მეცნიერებასა და კულტურას შორის. გაარკვიოს, საკმარისია თუ არა სილამაზის აღსაქმელად მხოლოდ სილამაზე? გვაჩვენოს, რატომ მართავს დროის მანაქანას ხელოვნება? როგორია ყველა ჩვენგანის ,,ომი და მშვიდობა“? ვუყურებდი ამ უცნაურ ფიგურებს და ვფიქრობდი, ნუთუ მართლა საკმარისია იმისათვის, რომ იცხოვრო როგორც გინდა,ზუსტად იცოდე რა გინდა?
რატომ უყვართ ადამიანებს მოგზაურობა?
ალბათ იმიტომ, რომ ეს პროცესი აახლოებთ და აშორებთ რეალობასთან. აფასებენ, რაც აქვთ და ცდილობენ მიიღონ ის, რაც არ აქვთ. შორიდან დანახული ცხოვრება ბევრად უფრო ლამაზია. როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს, მომენტები შეგიძლია კონტექსტიდან ამოიღო: ან გააფერადო, ან გააშავთეთრო. მოგზაურობაში ყოფნისას საკუთარი ცხოვრების აღქმას ცდილობ. ჩვენ რეალობა განგვსაზღვრავს. რეალობა კი ორია: რისი შეცვლაც არ გვინდა და რასაც ვერ ვცვლით!
და მოდას აყოლილი მკითხველი!
მოვიდა თუ არა ჩემს გულთან ფამუქი და ვიყავი თუ არა ,,უმანკოების მუზეუმში“, ეს უკვე სულ სხვა ამბავია. ამ ისტორიასაც თავისი გმირები ჰყავს. მე მაინც მჯერა, რომ ყველა ჩვენგანს საკუთარი მუზუმი აქვს. მუზუმი, რომლის ექსპოზიციაც დახურულია.