გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, იური ნოზაძემ და ნინო თანდილაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანთან ერთად, გამწვანების პროექტში “ასუნთქე მომავალი” მიიღეს მონაწილეობა.
იური ნოზაძის განაცხადა: – “მე მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის მხარეს, რომელიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია. მოგეხსენებათ, ჩვენ კრწანისის ტყე-პარკის განახლება-რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ, რაც სხვა სამუშაოებთან ერთად, ამორტიზებული ხეების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. პროექტის “ასუნთქე მომავალი” ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 1000 ძირი გარემოსთან ადაპტირებული სხვადასხვა სახეობის ენდემური ხე დაირგვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”.
ასევე კომენტარი გააკეთა ფატმა სერენ იაზგანმა: – “ჩვენ მოხარული ვართ, რომ კრწანისის ტყე-პარკის გამწვანებაში შეგვაქვს წვლილი. იცით, რომ გაუდაბნოება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა ხეების დარგვით შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი. თითოეულ ხეს აქვს დიდი მნიშვნელობა და ეს არ არის პოპულიზმი. მოხარული ვიქნები, თუ 20 წლის შემდეგ, მექნება ამ პარკში, უკვე გაზრდილი ხეების ნახვის შესაძლებლობა”.
გამწვანების პროექტი მსოფლიოს 25 ქვეყანაში მიმდინარეობს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიცირებულ პროექტს საქართველოში “TIKA” (თურქეთის თანამშრომლობისა და კორდინაციის სააგენტო) ახორციელებს.
პროექტი “ასუნთქე მომავალი”, რომლის ფარგლებშიც, მონაწილე ქვეყნებში ჯამურად, 83 მილიონი ნერგი დაირგვება 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყო.
გამწვანების აქციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და ტყის სამინისტროს, ტყის მთავარი სამმართველოს, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო