პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში Tbilisi Art Fair(TAF) – თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიმართება. გამოფენა-გაყიდვა 17-20 მაისს გამოფენების „ცენტრ ექსპო ჯორჯია“-ში გაიმართება.
3 დღიან გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25-ზე მეტი გალერეა და 35-მდე დამოუკიდებელი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.
გამოფენის შესახებ საზოგადოებას დეტალები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ თანაორგანიზატორებთან ერთად გააცნო.
მონაწილეთა სელექციას ახდენს სპეციალურად მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი, რაც ნამუშევრების მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა. TAF – ის საბჭოს წევრებს შორის არიან ისეთი პროფესიონალები, როგორიცაა: რიტა იანსენი ბოზარის (Bozar) მრჩეველი კულტურის სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში ახლო აღმოსავლეთში და ნიკოლას ვ. ილინი გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების შემქმნელი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.
თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დატვირთული იქნება შემეცნებითი პროგრამებით: ლექციებით, მასტერ-კლასებით და ღია ფორუმებით.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება პარალელური ღონისძიებები:
Tbilisi Photo Festival
“დაიკარგა თორმეტი ქალი”
Tbilisi Art Fair- ის სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და გასტრონომიული ღონისძიება.რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზაციას.